შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირმა აჩვენა, რომ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს - საქართველოს მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს ყალბი ნარატივებისა და გამომწვევი რიტორიკისგან
საქართველოს მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს ყალბი ნარატივებისა და გამომწვევი რიტორიკისგან, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ტობიას ბილსტრომის განცხადებაშია ნათქვამი.

მინისტრის თქმით, კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა საქართველოსთვის.

"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ასიათასობით ქართველი ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში გავიდა, რათა თავიანთი ხმა მიეწვდინა ე.წ. უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ. შვედეთი ახლოდან ადევნებს თვალს ამ მოვლენებს და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ
ძალადობის გამოყენებას გმობს. შეკრების თავისუფლებას პატივი უნდა სცენ.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირმა აჩვენა, რომ იმ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. ცოცხალი და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს წინსვლაში კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

შემოთავაზებული კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ გამოცხადებულ ევროკავშირის ამბიციებთან, რაც კონსტიტუციაშია ასახული და რომელსაც მისი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა უჭერს მხარს. მიღების შემთხვევაში, ის ძირს გამოუთხრის საქართველოს ევროკავშირისკენ პროგრესს. საქართველოს მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს ყალბი ნარატივებისგან და გამომწვევი რიტორიკისგან. კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა საქართველოსთვის”,
- ნათქვამია შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ტობიას ბილსტრომის განცხადებაში.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər