ქვემო ქართლში აქტივისტებს და ჟურნალისტებს უცხო ნომრით ურეკავენ და შეურაცხყოფას აყენებენ
უცხო ნომრიდან ხორციელდება ზარები რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსულ აქტივისტებთან და ჟურნალისტებთან, რომლებიც ქვემო ქართლში მუშაობენ. აქტივისტებსა და ჟურნალისტებს აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და უწოდებენ სამშობლოს მოღალატეებს, რადგან ისინი რუსულ კანონს მხარს არ უჭერენ.

9 მაისს, საღამოს საათებში, დაურეკეს რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტებს, თიკო დავაძეს და ვლადიმერ ჩხიტუნიძეს.

“19:49 წუთზე შემოვიდა ჩემს მობილურზე ზარი ამ უცხო ნომრიდან (+995551157315) მაშინ,
როდესაც რესპონდენტისგან მნიშვნელოვან ზარს ველოდი და დაუფიქრებლად ავიღე. ზუსტად ასე დაიწყო ვიღაც ქალმა ჩემთან ლაპარაკი: “თეა, გამარჯობა, იცით რომ ქვეყნის მოღალატე ხართ? “ – თან თეათი მომმართა, ამ სახელით თითქმის არავინ მიცნობს და მაშინვე ვკითხე, საიდან გაქვთ ჩემი პერსონალურ მონაცემზე წვდომა, მხოლოდ ეს ამიხსენით თქო და მითხრა, რომ ეგ ჩემი საქმე არ იყო.

ამავე ნომრიდან ბევრ აქტიურ მოქალაქეს დაურეკეს გუშინ. მათი მთავარი მიზანი აქტივისტების და ჟურნალისტების დაშინებაა და რა სასაცილოა ჩემს გაშუქებულ მასალებს მოღალატეობრივს რომ ეძახიან. ამით ვერ შეგვაშინებენ და ყველგან ვიტყვი – არა რუსულ კანონს!”
- აცხადებს თიკო დავაძე
იგივე ნომრით ზარი შევიდა აქტივისტებთანაც. საკუთარ ფეისბუქ გვერდებზე აქტივისტები წერენ, რომ შუახნის ქალი მათ ოფიციალური სახელით მიმართავდა, უწოდებდა ქვეყნის მტრებს და შემდეგ ტელეფონს თიშავდა.
ქართულ ნომრებთან ერთად აქტივისტებთან ზარი ხორციელდება აზერბაიჯანული ნომრიდანაც. აქტივისტების ნაწილმა ზარებს უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით არ უპასუხა.

„გუშინ ერთი საათის განმავლობაში ხუთჯერ დამირეკა ერთი და იგივე ნომერმა, ქართული ნომერი იყო, მაგრამ არ ვუპასუხე, რადგან ასეთია ზოგადი რეკომენდაცია, რომ არ ვუპასუხოთ. არ ვიცი ვინ იყო და რა უნდოდათ, მაგრამ ბოლო დღეებია, უცხო ნომრებს არ ვპასუხობ. რაც შეეხება ამ ტენდენციას, ეს არის ცალსახად დაშინების მეთოდი და უნდათ, რომ ადამიანებს, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძვიან რუსული კანონის წინააღმდეგ, უნდათ, რომ ისინი დააშინონ. მათ ურეკავენ, მათ ოჯახის წევრებს ურეკავენ, 11 წლის ბავშვებს ურეკავენ, რომ დააშინონ და შეაშინონ ისინი, მათი მშობლები, რათა ხალხი არ გამოვიდეს ქუჩებში. ეს არის შეუძლებელი. პირიქით, უფრო მეტი ხალხი გამოვა ასეთი რეპრესიების მერე. ჩვენ ვხედავთ, რომ კანონი ჯერ არაა მიღებული, მაგრამ ფორმატი და მეთოდი უკვე შეცვალა ქართულმა ოსნებამ და სასტიკად უსწორდება ყველას, ვისაც პარტიის მიდგომა და პარტიის პოლიტიკა არ მოსწონს“. - განაცხადა აი-ფაქტის გამომძიებელმა ჟურნალისტმა აიდან იუსიფმა

9 მაისს უცხო ნომრიდან დაურეკეს „ქვემო ქართლის მედიის“ ხელმძღვანელ მანონ ბოკუჩავასაც.

„9 მაისს ჩემს კუთვნილ სატელეფონო ნომერზე დამირეკა უცნობმა პირმა, ნომრიდან 551 157 315. მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა – მომმართავდა სახელით და ამბობდა, რომ მე ვარ „სამშობლოს მოღალატე.“
ეს არის ძალადობა, რომელიც ამ ეტაპზე სიტყვებით და მუქარით არის გამოხატული, თუმცა სამწუხაროდ უარესის მოლოდინი მაქვს. პროცესები, რომელიც ქვეყანაში ვითარდება და რაც უკავშირდება „რუსული კანონის“ მიღების მცდელობას, უკვე სერიოზულ საფრთხეს ქმნის, დამოუკიდებელი ჟურნალისტური საქმიანობისთვის. ცხადია, მხოლოდ ჟურნალისტურ საქმიანობასაც არ ეხება ეს. ყოველ დღე ვხედავთ, როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები და როგორ ვემსგავსებით, პოლიტიკური გარემოთი რუსეთსს და ბელარუსს. მე პირადად ბევრ დევნილობაში მყოფ ჟურნალისტთან მქონია შეხება, ამ ქვეყნებიდან და გზა რომელსაც ახლა გავდივართ ჩვენ, მათაც გაიარეს. სამწუხაროდ, მათ ვერ შეძლეს თავიანთი ქვეყნის მომავლის დაცვა“- განაცხადა მანონ ბოკუჩავამ

მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი ზარი განხორციელდა ბოლნისის ქალთა სათემო რადიო WW-ს დამფუძნებლის, მარიკო წიქორიძის ოჯახის წევრის მიმართაც.

„ესაა უტიფრობის პიკი, ესაა ქმედება, რომელიც გასულია კანონის ყველა ჩარჩოდან. კიდევ უფრო აღვივებს მთავრობის მიმართ უნდობლობას და რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ამძაფრებს აზრს, რომ მთავრობა მობილიზებულია ტოტალურ ძალადობაზე. საშინელი კომენტარი მოვისმინე პარლამენტის წევრებისგან, რომ საზოგადოებამ დაიწყო ეს დაპირისპირება და რომ ისინი იყვნენ პირველები ვინც მათი ნომრები გამოდეს საჯაროდ. ამაზე აპელირებენ საჯარო მოხელეები -სრული მარაზმი. მთავრობას დაავიწყდა, რომ მას აქვს ძალაუფლება, რაც ავალდებულებს ორმაგ პასუხისმგებლობას, შესაბამისად ამაზე დიდი უტიფრობა შეეჯიბრო საკუთარ საზოგადოებას, რომელიც მიმაჩნია რომ სამართლიანადაა გაბრაზებული, არის ბოროტება და ქვეყნის ღალატი. იმის ნაცვლად რომ მართო სამართლიანად.
ჩვენ შემთხვევაში, სატელეფონო ზარის დროს კანონზე აქცენტი არ გაუკეთებიათ. იგინებოდნენ და დედამ უთხრა: რა ოჯახში გაიზარდეთ შვილო ან დედა არ გყავთო? და ამაზე უპასუხეს შენ შვილს მიხედე მოღალატე რომ გაზარდეო “
– ამბობს მარიკო წიქორიძე

„ქვემო ქართლის მედიის“ განცხადებით, მათ უკვე მიმართეს სახალხო დამცველის აპარატსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. განხორციელებულ ზარებთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ასევე მიმართა რადიო „მარნეულმაც“.

აღსანიშნავია, რომ 9 მაისს, თავს დაესხნენ მარნეულელ აქტივისტ გიორგი მუმლაძეს. მას 4 ნიღბიანი პირი საკუთარ სახლთან უთვალთვალებდა მუმლაძის მიერ მათი დაფიქსირების შემდგომ კი აღნიშნულმა პირებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს და წაართვეს მობილური ტელეფონი, რომლითაც გიორგი თავდასხმას იღებდა.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər