ყარაჯალაში 7 ადამიანი მაშინ დააჯარიმეს, როდესაც ბიჭი გოგოს "ხელს სთხოვდა"
მთავარი არხის ინფორმაციით, სოფელ ყარაჯალაში პოლიციამ 7 ადამიანი მაშინ დააჯარიმა, როდესაც ბიჭი გოგოს "ხელს სთხოვდა". წყვილის გარდა ადგილზე კიდევ 5 მეგობარი იმყოფებოდა.

დაჯარიმებულები ყვებიან, რომ მათ კომენდანტის საათი არ დაურღვევიათ და მოედანზე, სადაც გულის ფორმის ცეცხლი დაანთეს, 20:00 საათზე მივიდნენ. მათი თქმით, უკან დაბრუნებას მალევე აპირებდნენ, თუმცა პოლიცია მივიდა დადააჯარიმა.

შვიდი ადამიანის ჯარიმა ჯამში 21 000 ლარია. წყვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სხვა დაჯარიმებულთა მშობლები თანხის გადახდას მათ თხოვენ, თუმცა ამის საშუალება არ აქვთ, ამიტომ ჯარიმებს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

შსს-ს ინფორმაციით, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო გუშინ, 7 აპრილს 28 მოქალაქე დააჯარიმეს, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო კი 112.

შსს-ს გავრცელებულ ვიდეოში ამ 7 პირის დაჯარიმებაც ჩანს. On.ge-ს უწყებაში განუცხადეს, რომ ეს პირები არა ე.წ. კომენდანტის საათის, არამედ 3 პირზე მეტის შეკრების წესის დარღვევის გამო დააჯარიმეს.

Print