“ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია ნეიტრალურ სივრცედ დარჩება” – საპატრიარქო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო აია-სოფიას მუზეუმის სტატუსის შესაძლო შეცვლას ეხმაურება. დღეს, 9 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეკლესია პატივს სცემს თურქეთის სუვერენიტეტს, თუმცა უმჯობესი იქნება, თუ ნაგებობა კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება.

“ცნობილია ისიც, რომ თურქეთის მხარის ეს განაცხადი გარკვეულმა მიზეზებმა განაპირობა, თუმცა ახლა, როდესაც კაცობრიობა არაერთი გლობალური გამოწვევის წინაშე დგას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კეთილგანწყობის შენარჩუნებასა და განმტკიცებას; ვფიქრობთ, დღეს ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება.

პატივს ვცემთ რა თურქეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ვიმედოვნებთ, რომ ეს დამოკიდებულება მეგობარი სახელმწიფოს მიერ აღქმული იქნება არა როგორც მის შიდა საქმეებში ჩარევად, არამედ ჩვენი, როგორც ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის, მოსაზრებად და გულისტკივილის გამოხატულებად”,
– ვკითხულობთ განცხადებაში.

საპატრიარქო იმედს გამოთქვამს, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები კვლავაც გაღრმავდება, “რაც ფრიად სასიკეთო იქნება ორივე ქვეყნისათვის”.

აია-სოფია, რომელსაც რამდენჯერმე შეუცვალეს დანიშნულება, თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობადაა მიჩნეული, თუმცა ის არც პოლიტიკური მნიშვნელობის ნაკლებობას უჩივის. ძეგლის მუზეუმად ქცევის შემდეგ მისი კვლავ მეჩეთად გადაკეთების იდეა ახალი არ არის, თუმცა პრეზიდენტ რეჯეფ-თაიფ ერდოღანისა და მმართველი ძალის სხვა წარმომადგენელთა მონდომების ფონზე, ამის შესაძლებლობა სულ უფრო რეალურია, ვიდრე აქამდე იყო. აზრთა სხვადასხვაობის პარალელურად, საკითხს განიხილავს ქვეყნის უმაღლესი საბჭო და გადაწყვეტილებასაც ის გამოაცხადებს.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər