თბილისში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებას სროლა მოჰყვა
გუშინ, 13 ივლისს, ღამით, წყალტუბოს ქუჩაზე ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რასაც სროლა მოჰყვა.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ჩხუბში დაახლოებით 15 პირი მონაწილეობდა. ისინი ადგილიდან პოლიციის მისვლამდე გაიქცნენ.

“ჩემი აივნის ქვემოთ არის ის პარკი, სადაც იყო ხმაური და ჩხუბის ხმა. სიტყვიერი შეურაცხყოფაც იყო, ხელის გარტყმის ხმაც აშკარად ისმოდა. შემდეგ უკვე რამდენიმე ადამიანი დაიძრა ამ ტერიტორიისკენ. ერთი ადამიანი ძირს დაეცა, რამდენიმე ურტყამდა და შემდეგ უკვე, ეს მასა კორპუსს რომ მიეფარა, იყო გასროლის ხმა”, – ამბობს უბნის მაცხოვრებელი, დეპუტატი ლელა ქებურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა) და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ხულიგნობა ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) მიმდინარეობს. უწყებაში არ ამბობენ, შემთხვევის შედეგად არიან თუ არა დაშავებულები ან დაკავებულები.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər