ვაქცინის II დოზის მიღების გადავადებას უფრო მეტი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია – კვლევა
ამერიკული სამედიცინო კვლევითი ორგანიზაცია Mayo Clinic-ის მოდელირების თანახმად, ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინების მეორე დოზის მიწოდების ვადის გაზრდას, როგორც ეს დიდ ბრიტანეთში მოხდა, შეუძლია შედარებით მეტი სიცოცხლის გადარჩენა.

ინფორმაციას ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევისა და მოდელირების შესახებ, ბრიტანული The Guardian ავრცელებს.

ვაქცინების მწარმოებელი ფარმაცევტული კომპანიების მითითების თანახმად, ვაქცინის მეორე დოზა პირველის გაკეთებიდან 3-4 კვირის თავზე უნდა გაკეთდეს. მიუხედავად ამისა, გაერთიანებულმა სამეფომ ვაქცინის პირველ და მეორე დოზებს შორის შემოიღო 12-კვირიანი ინტერვალი, რათა უფრო მეტ ადამიანს, რაც შეიძლება სწრაფად, მიეღო ვაქცინის პირველი დოზა.

გარდიანის მიხედვით, იმუნოლოგიური მტკიცებულება ცხადჰყოფს, რომ ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინის პირველი დოზა ვირუსის წინააღმდეგ ორგანიზმს თითქმის 80 პროცენტამდე ეფექტურობით იცავს. ბრიტანეთის მაგალითი აჩვენებს იმასაც, რომ იმ მოქალაქეებს, რომელთაც ჩაიტარეს ფაიზერისა და ასტრაზენეკას მიერ წარმოებული ვაქცინით აცრა, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდებათ.

ამერიკული კვლევა ქმნის მეორე დოზის მიწოდების ვადის გაზრდის მოდელირებას ისეთ პოპულაციებში [შერჩევებში], სადაც ვაქცინაციის პროცესი ნელა მიმდინარეობს.

კვლევის თანახმად, პირველი დოზის უფრო მეტი ადამიანისთვის მიცემა მეორე დოზის მიწოდების ვადის გაზრდის ხარჯზე, ადამიანთა სიცოხლეს გადაარჩენდა.

ამ შემთხვევაში, კვლევის ავტორების თანახმად, მსგავსი სტრატეგიის გამოყენებით, მოსახლეობის ჯგუფში, რომელთა ასაკიც 65 წელს ქვემოთაა და სადაც ვაქცინის ეფექტურობა 80 პროცენტია და მხოლოდ მოსახლეობის 0.1-დან 0.3 პროცენტამდე ნაწილი იცრება დღიურად, ყოველ 100 000 მოსახლეზე 26-დან 47-მდე გარდაცვალების თავიდან არიდება იქნებოდა შესაძლებელი.

საქართველოში 10 მაისიდან დაიწყო მოქალაქეთა ასტრაზენეკას ვაქცინით მეორე დოზით აცრა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ასევე ვაქცინაციაზე სარეგისტრაციო საიტზე მითითებულია, რეგისტრაცია მე-2 დოზის მისაღებად პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალშია შესაძლებელი.

თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, სხვადასხვა ექსპერტები და თავად NCDC ამბობს, რომ ეფექტიანობის გაზრდის თვალსაზრისით, უკეთესია, თუ ინტერვალებს აცრებს შორის უფრო გრძელი იქნება, ვიდრე 4 კვირაა, თუმცა არ გადასცდება 12 კვირის ნიშნულს.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər