„რამდენიც წავა ხალხი, იმდენს მივცემ მანქანას“ – 29 აპრილს „ოცნების“ კონტრაქციაზე მარნეულელებს N1 და N2 მარშუტკებიც გადაიყვანენ
29 აპრილს „ქართული ოცნების“ კონტრაქციაზე მარნეულიდან მგზავრებს N1 და N2 მარშუტკების მძღოლებიც გადაიყვანენ. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას შპს „ექსპრეს ტურისტის“ ხელმძღვანელმა იური სამხარაძემ განაცხადა, რომ კონტრაქციის მონაწილეებისათვის იმდენ მარშუტკას გამოყოფს, რამდენიც საჭირო იქნება. შპს „ექსპრეს ტურისტი“ N1 და N2 მარშუტკების მფლობელი კომპანიაა.

„ექვსი საათიდან მე ისედაც ვამთავრებ მუშაობას. ყველა მძღოლი ჩემთან იყო მოსული და ყველამ თქვა, რომ ამ „ელბეგეტეს“ (რედ: ლგბტ) წინააღმდეგები არიან და უნდა დავაფიქსიროთო და ბიჭები მიდიან თბილისში“. - აცხადებს იური სამხარაძე და განმარტავს, რომ მარნეულში საჯარო ტრანსპორტის ფუნქციონირება არ შეფერხდება.

შპს „ექსპრეს ტურისტის“ ხელმძღვანელმა დაზუსტებით არ იცის, თუ რამდენი მარშუტკის გამოყოფა დასჭირდება - „რამდენიც წავა ხალხი, იმდენს მივცემ მანქანას. თვითონ მძღოლები ნახავენ, რავიცი. თუ არის ხალხი, შეაგროვებენ“.

სამხარაძის განმარტებით, აქციაზე წასვლის სურვილს ხალხი გამოთქვამს და ის მათ ვერ შეეწინააღმდეგება.

„ხალხი ითხოვს წასვლას და მე მძღოლს უარს ვერ ვეტყვი, იმიტომ, რომ მეც მათ მხარს ვუჭერ. ამ „ელბეგეტეს“ (რედ: ლგბტ) წინააღმდეგ მეც მინდა წასვლა და მე ჩემი ხალხით, ჩემი ოჯახით წავალ“.

იური სამხარაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აქციაზე წასვლის მიზეზად სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ გამოსვლა რამდენჯერმე დაასახელა. ჩვენს კითხვაზე, არის თუ არა „ქართული ოცნების“ აქცია მხოლოდ სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ გვპასუხობს, რომ აქციას „გამჭვირვალობისათვისაც“ ატარებენ.

შპს „ექსპრეს ტურისტი“ წლებია მარნეულის მუნიციპალიტეტში მუშაობს. სატრანსპორტო კომპანია ემსახურება ქალაქ მარნეულსა და სოფლებს. 2012 წლიდან დღემდე კომპანიამ მერიის მიერ გამოცხადებულ 19 ტენდერში გაიმარჯვა და საერთო ჯამში სატრანსპორტო მომსახურეობისათვის 637 896 ლარი აიღო - აქედან 160 802 ლარის ღირებულების 3 ტენდერში კომპანიამ 2023 წელს გაიმარჯვა.

რადიო „მარნეულს“ კერძო სატრანსპორტო კომპანიის შპს „ექსპრეს ტურისტის“ მძღოლებთან ერთად მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის „მარნეულის ავტოპარკის“ მძღოლებმაც უთხრეს, რომ აქციაზე მუნიციპალურ ავტობუსებსაც გამოიყენებენ. აღნიშნულ ინფორმაციას რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის ავტოპარკის ხელმძღვანელი გიგა ჯალაღონია უარყოფს.

„არასწორი ინფორმაცია გაქვთ, ასეთი რამ არ ხდება და არ მოხდება“ - განაცხადა გიგა ჯალაღონიამ

„ქართულმა ოცნებამ“ 29 აპრილს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის კონტრაქცია დაანონსა. კონტრაქციაზე წასვლას აიძულებენ მარნეულის ბაგა-ბაღებში დასაქმებულებს, რასათან დაკავშირებითაც რადიო „მარნეულს“ ინფორმაცია არაერთმა აღმზრდელმა მიაწოდა.

ფოტო: 2021 წელი, „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე N1 და N2 მარშუტკებს მარნეულელები თბილისში მიჰყავს.

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər