მარნეულში ბაღების აღმზრდელების მობილიზება "ქართული ოცნების" აქციისთვის
" ჩვენმა გამგემ გვითხრა 29 აპრილს თბილისში ტარდება კონცერტიო და უნდა წაგიყვანოთო. ჩამოდგება მარშუტკები ან ავტობუსიო და ყველა წავალთო. ბაღთან ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დადგება ის აღრიცხავს ყველასო. მერე სამსახურებს რომ დაკარგავთ ჩემთან არ მოხვიდეთო. მე რაც დამავალეს, ის გადმოგეცითო." - გვიყვება მარნეულის ერთ-ერთი ბაგა-ბაღის მასწავლებელი, რომელსაც 29 აპრილს "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ აქციაზე წასვლა არ სურს. რადიო "მარნეულს" იმავე შინაარსის ტექსტებს მარნეულის ბაღებში მომუშავე სხვა ადამიანებიც უზიარებენ. ვინაობის გამხელაზე არ გვთანხმდებიან და გვთხოვენ, რომ სტატიაში მათი სახელი და გვარი ანონიმური დარჩეს.

"სამსახურის მერე წაგიყვანთო, 5 საათის მერეო.წარმოიდგინეთ, ამდენ ბავშვებთან რომ გიწევს მუშაობა გადაღლილი რომ ხარ და ამის მერე იქ ფეხზე რომ უნდა ვიდგეთ კიდევ . შარშანაც წაგვიყვანეს თუ შარშანწინ და არც წყალი დაგვალევინეს, ფეხზე ვიდექით სიცხეში. ალბათ, ახლაც ასეთი დღე უნდა გამოვიაროთ" - ამბობს მარნეულის ბაღის ერთ-ერთი აღმზრდელი.

ჟურნალისტის კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს ბაღების უმრავლესობა ქართული ოცნების მიერ დაგეგმილ კონტრაქციას, პედაგოგი ასე გვპასუხობს:

"ვინც გათვითცნობიერებულია ცოტა და ხვდება ამ ქვეყანაზე რა ხდება, არავის უნდა წასვლა. მანდ არანაირი კონცერტისთვის არ მივყავართ ჩვენ. რის საფუძველზე უნდა წავიდე პრემია მომცეს, ამდენ ბავშვებს რომ ვუვლი სიგელები გადმომცეს ერთხელ მაინც? სარეცხ საშუალებებსაც კი ჩვენ ვყიდულობთ ხოლმე, სალფეტკებსაც. ახლა როცა ხალხი სჭირდებათ ბაღს შემოუძახებენ. ცხვრებივით შეგვყრიან ამდენ ხალხს, თავმოყვარეობაც დაკარგეს. ეს არის ზეწოლა, სხვა რამე არის?" - ამბობს პედაგოგი

აღმზრდელების მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაადასტურა მარნეულის ერთ-ერთი სოფლის ბაღის გამგემაც. რადიო "მარნეული" მას როგორც "ქართული ოცნების" წარმომადგენელი გაეცნო და ჰკითხა, თუ რამდენი თანამშრომლის წაყვანას აპირებს 29-ში აქციაზე.

- მე რუსთავიდან გირეკავთ ოფისიდან. სია უნდა გავაკეთო ბაღების და რამდენი მასწავლებელი მოგყავთ?
- რამდენი და 35-მდე
-ტრანსპორტირება ხომ არის უზრუნველყოფილი მათთვის?
- კი, კი.

რადიო "მარნეულმა" ინფორმაციის გასარკვევად მარნეულის ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, ზაურ ქარამოვს დაურეკა. ქარამოვმა ჩვენს მიერ დასმული ყველა კითხვა, რომელიც აქციაზე საბავშვო ბაღების პერსონალის წაყვანას ემსახურებოდა უარყო და გვითხრა, რომ არასწორი ინფორმაცია გვაქვს.

"არასწორი ინფორმაცია გაქვთ და საუბრის გაგრძელება არ იქნება სწორი" - გვითხრა ქარამოვმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა ქარამოვი თავად აქციაზე წასვლას, ამბობს, რომ ეს მისი პირადი საქმეა.

"ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს, თუ მომინდება წავალ" - თქვა ქარამოვმა.

„საჯარო სამსახურის შესახებ კანონის“ მე-15 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პარტიული (პოლიტიკური) მიზნებისათვის ან/და ინტერესებისათვის გამოიყენოს. საჯარო მოსამსახურეს ასევე უფლება არა აქვს, სამუშაო საათებში ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მონაწილეობა მიიღოს აგიტაციასა და წინასაარჩევნო კამპანიაში. საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერი ან საწინააღმდეგო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ამავე კანონის, 68- მუხლის თანახმად, მოხელე სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით, რომელიც გულისხმობს მის ვალდებულებას, სამუშაო საათებში თავი შეიკავოს პოლიტიკური აქტივობისაგან საჯარო სამსახურის მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər