„სალამ“ - პლატფომრა ეთნიკურ აზერბაიჯანელებზე შექმინილი წარმოდგენების შესაცვლელად
„სალამ“ - ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების პლატფორმა მათივე საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ და ქართულ საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობის მიმართ შექმილი წარმოდგენების შესაცვლელად შეიქმნა.

„ჩენ გვინდა, რომ შევცვალოთ წარმოდგენები ეთნიკური აზერბაიჯანელების შესახებ არა მხოლოდ ეთნიკური აზერბაიჯანელების თემს შორის, არამედ ქართულ საზოგადოებაშიც და იმ საერთაშორისო ორგანიზაციებშიც, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობენ. „სალამი“ არის ზუსტად ის პლატფორმა რომლითაც გვინდა შევცვალოთ ის სტერეოტიპი, ის პორტრეტი, რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა ქართული საზოგადოების მიერ, სპეციალურად თუ არასპეციალურად, ნდობით თუ უნდობლობით, კავშირების არარსებობითა თუ კავშირის მიზერულობით. ჩვენ გვინდა ხალხს ვანახოთ, რომ ეს არის მრავალფეროვანი საზოგადოება“ - გვეუბნება პლატფორმის ერთ-ერთი დამფუძვნებელი ქამრან მამედოვი

პლატფორმამ პირველი განაცხადი უკვე გააკეთა. „სალამ, ჩვენ მოვედით!“ - ასე იწყება ახალგაზრდების მიმართვა, რომლებიც მათივე თემში არსებული პრობლემების გასაჯაროების, ნაადრევი ქორწინებისა და გოგოების ძალით გატაცების გასაპროტესტებლად მოდიან.

„მოვდივართ, რათა გავაჟღეროთ ჩვენი თემისა და საზოგადოების საკითხები! მოვდივართ, რათა ვიბრძოლოთ უსამართლობის წინააღმდეგ! მოვდივართ, რათა გავაპროტესტოთ გოგონების ძალით მოტაცება და ნაადრევი ქორწინება! მოვედით, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს მასწავლებლებს, ექიმებს, მეცნიერებს, ინჟინრებს! მოვედით, რათა დავიცვათ ჩვენი კულტურა და ისტორია! ჰამიდ, შენ მარტო არ ხარ... ნუ ეხები მასწავლებელს, სათქმელი თუ გაქვს, მე მითხარი. მე ჰამიდი ვარ... ჩვენც ჰამიდი ვართ!“ - ესაა პლატფორმის წევრების პირველი ვიდეომიმართვა, რომელიც ახალგაზრდებმა აზერბაიჯანულ ენაზე ჩაწერეს.

როგორც ქამრან მამედოვმა ჩვენთან საუბრისას თქვა, ეს ვიდეო მიმართვა იმ ახალგაზრდებისთვისაცაა, რომლებსაც სურთ ხმის ამაღლება თემში არსებულ პრობლემებზე, მაგრამ საზოგადოების წნეხის გამო ჩუმად არიან.

„სალამი“ ახლა უკვე მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრასაც გეგმავს. 27 ოქტომბერს გარდაბანში ველო ტური მოეწყობა რომელსაც სამი მიზანი ექნება.

„ველო ტური გარდაბანში იმიტომ დაიგეგმა, რომ მხარი დავუჭიროთ ჰამიდს, მეორე მიზანია ჯანსაღ ცხოვრებაზე საუბარი და მწვანე აქტივიზმი, არ გვინდა, რომ მოსახლეობას ეგონოს, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელები მხოლოდ ადრეულ ასაკში ქორწინებასა და ინტეგრაციაზე ღელავდნენ. გვინდა დავანახოთ რომ ჩვენს შორის არის ბევრი „მწვანე“ და ჩვენ ვზრუნავთ ეკოლოგიაზეც. ტურის კიდევ ერთი მიზანია პირველი არჩეული აზერბაიჯანელი ქალი დეპუტატის ფერიხანუმ სოფიევას სახლ-მუზეუმის პოპულარიზება, რომელიც გარდაბანში მდებარეობს“ - გვითხრა ქამრან მამედოვმა

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები