არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სავანეთის მოსახლეობას შეხვდნენ

სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობისა პროგრამის ფარგლებში დღეს,

23 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში მცხოვრებ მოსახლეობას არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეხვდნენ.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროგრამის წარმომადგენელმა თამარ გურჩიანმა განაცხადა, რომ პროგრამის მიზანი სოფლის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაში დახმარებაა.

„ჩვენ ასეთ შეკრებებს სოფლებში ყოველწლიურად ვაკეთებთ. ამ შეხვედრაზე დღეს წარმოდგენილები იყვნენ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორიცაა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, პლატფორმა „სალამი“, EMC, სახალხო დამცველის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენელი და სხვა. ეს ორგანიზაციები და მათ შორის გარემოსდაცვითი აქტივისტები რუსთავიდან და კახეთიდან „ცოდნის კაფის“ წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ. ისინი მოსახლეობას საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრნენ და მათი პრობლემები მოიფიქრეს“ - გვითხრა თამარ გურჩიანმა

გურჩიანის განცხადებით, ამდაგვარი შეხვედრები მარნეულის სოფლებშიც გაიმართება.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ცოდნის კაფის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნანა ბაგალიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მასშტაბით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები სავანეთში ადგილობრივებისათვის სოფელში ცხოვრების შემსუბუქებაში დასახმარებლად ჩამოვიდნენ.

„აქ მცხოვრებმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ქვეყნის მასშტაბით ბევრი ძალიან ჭკვიანი ხალხი და გამოცდილი ორგანიზაცია მზად არის, რომ მათ სოფელში ცხოვრება გახდეს უკეთესი. მთავარია, რომ თვითონ ხმა აიმაღლონ და თვითონ თქვან რა აწუხებთ. ეს შეკრება სწორედ მაგის მცდელობა იყო, რომ საერთო წუხილები გაეზიარებინათ“
- გვითხრა ნანა ბაგალიშვილმა

ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას სავანეთის მოსახლეობამ ყურადღება სოფელში გარემოს დაბინძურების, სარწყავი წყლის არარსებობისა და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის თემებზე გაამახვილა.

 

რადიო "მარნეული"

 

Print