წისქვილკომბინატების ნაწილმა მუშაობა შეაჩერა
დღეისათვის ქვეყანაში იმპორტირებული ხორბლის გადამუშავებით მიღებული ფქვილი შედარებით უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე იმპორტირებული, რაც წისქვილკომბინატებს მძიმე დარტყმას აყენებს. ამის შესახებ Report.ge-ს საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ განუცხადა.

"სეზონის დასაწყისში ერთი ტომარა ფქვილის ფასი 60 ლარს შეადგენდა, დღეს კი უკვე 70 ლარამდეა გაზრდილი. ამასთან, ერთი ტონა ხორბლის ფასი 240 აშშ დოლარს შეადგენდა, დღეისთვის კი მისი ღირებულება 350 დოლარია.

ეს გამოწვეულია რუსეთის მიერ ხორბალზე მცურავი ბაჟის შემოღებით. დღეისათვის ხორბლის საექსპორტო გადასახადი ტონაზე 91 დოლარამდეა გაზრდილი, მაშინ როდესაც სეზონის დასაწყისისათვის 25 დოლარს შეადგენდა. აქედან გამომდინარე გაიზარდა ფქვილის ღირებულება, რამაც ადგილობრივ წისქვილკომბინატებზე მოახდინა ზეწოლა. ვინაიდან, ერთი ტონა ხორბლის შემოტანაზე გადასახადი 91 დოლარს შეადგენს, ხოლო ფქვილის იმპორტზე გადასახადი ნულის ტოლია, ბაზარზე ხორბლისა და ფქვილის იმპორტზე დისბალანსი შეიქმნა.

შესაბამისად, იმპორტირებული ფქვილი დღეს 67-68 ლარი ღირს, ხოლო ადგილობრივი წისქვილკომბინატების მიერ წარმოებული ფქვილის ფასი საშუალოდ 72 ლარს შეადგენს. აქედან გამომდინარე წისქვილკომბინატების მიერ წარმოებული ფქვილი, შედარებით მაღალი ღირებულების გამო, იმპორტირებულ ფქვილს კონკურენციას ვერ უწევს. შედეგი არის ის რომ წისქვილკომბინატების ნაწილმა უკვე შეაჩერა მუშაობა",
- განაცხადა ლევან სილაგავამ.

ამასთან, მისი განმარტებით, 15 თებერვლიდან რუსეთი შემოიღებს კვოტირების მექანიზმს, რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყნიდან ექსპორტზე გასატანი ხორბლის დასაშვები მოცულობა დაახლოებით 9 მილიონი ტონა იქნება, რაც მსოფლიო ბაზრისათვის კიდევ ერთი მძიმე დარტყმა აღმოჩნდება.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები