როვშან ისკანდაროვს და მეუფე გიორგის ვთვაზობ სადახლოში მეჩეთი ააშენონ - ახმედ იმამკულიევი
„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა ახმედ იმამკულიევმა ფეისბუქის პირდაპირი ჩართვის დროს სადახლოს მაჟორიტარ დეპუტატს როვშან ისკანდაროვს მიმართა და სადახლოს ცენტრში, მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაში არსებულ მიწაზე, მეჩეთის აშენება შესთავაზე.

იმამკულიევი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, რომ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) განცხადებამ და მარნეულის მერისადმი ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნამ ის ძალიან შეაწუხა.

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი აცხადებს, რომ მეუფე გიორგის განცხადების შემდგომ მას როვშან ისკანდაროვი შეხვდა და ნარიმან ნარიმანოვის საკითხი განიხილეს. შეხვედრის შემდგომ კი დეპუტატმა ფეისბუქის მეშვეობით პირდაპირი ჩართვა გააკეთა და მოსახლეობას უთხრა, რომ მეუფესთან საუბრისას ნარიმანოვის საკითხს არ შეხებია.

„ამ ყველაფრის შემდეგ სადახლოს დეპუტატმა როვშან ისკანდაროვმა რამდენიმე პირი შეაგროვა და მარნეულის ეპისკოპოსს შეხვდა. შეხვედრის დროს ხალხმა როვშან ისკანდაროვი გააკრიტიკა. ამის მერე კი ის პირდაპირი ჩართვა გააკეთა სადაც მოსახლეობა მას ეკითხებოდა თუ ვისი სახელით იყო შეხვედრაზე მისული და რატომ საუბრობდა ხალხის სახელით. მან თქვა, რომ შეხვედრაზე ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრიბის გამო იყო მისული, ეპისკოპოსი მისი მეგობარია და ნარიმანოვის საკითხზე არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღიათ, მაგრამ „ჰუჯაბის“ ფეისბუქ გვერდზე განთავსებული სურათებიდან ჩანს, რომ შეხვედრა სწორედ ნარიმანოვის საკითხს შეეხებოდა“ - ამბობს ახმედ იმამკულიევი

იმამკულიევი ამბობს, რომ როვშან ისკანდაროვი და მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი აცხადებენ, რომ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს ისტორიული მეგობრობა აკავშირებს და სწორედ ამიტომ, მათი აზრის დასადასტურებლად, შესთავაზა ისკანდაროვს სადახლოში მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაში არსებულ მიწაზე მეჩეთის აშენება.

„იმიტომ მივმართავ როვშან ისკანდაროვს, რომ ის აცხადებს, რომ ძმები და მეგობრები ვართ, ჩვენი მეგობრობა ისტორიულია... ვითვალისწინებ ამ სიტყვებს. ვიცი, რომ სადახლოს ცენტრში მართლმადიდებლურ ეკლესიას მიწის ნაკვეთი აქვს. ვიცი, რომ სადახლოში ქრისტიანები არ ცხოვრობენ, ყველა მუსლიმია. მე ეპისკოპოსის გამოსვლაში ჭეშმარიტება ვერ დავინახე. საუბარში, ქცევაში, ეროვნული დაპირისპირების ნიშნებია. ვიფიქრე, რომ მათი სიტყვების დასადასტურებლად, გიორგი ჯამდელიანის დახმარებით, ეს მიწა სადახლოს მაცხოვრებლებს აჩუქონ და იქ მეჩეთი ააშენენ. ისევ ღმერთის სახელით აშენდება და რელიგიათაშორისი სოლიდარობის ნიშანი იქნება“

ახმედ იმამკულიევი ასევე აბობს, რომ მისი შეთავაზება გარკვეულწილად რიტორიკულია, რადგან მას არ სჯერა, რომ სადახლოში მეჩეთს ააშენებენ.

„რა თქმა უნდა, არ მჯერა რომ მეჩეთი აშენდება. ჯამდელიანის ყველა ინტერვიუი იმას ეხება რომ საქართველოში მცხოვრები ორი ეროვნების შორის კონფლიქტი დაიწყოს. ჩემთვის უპირველეს ყოვლისა საქარველოს კონსტიტუციაა. თუ რომელიმე საჯარო ან თანამდებობის პირი ნაციონალისტურ საუბარს იწყებს და შემდეგ მეგობრობაზე საუბრობს, ეს სინამდვილისაგან შორსაა. კონსტიტუციით, ეროვნების მიუხედავად, კანონის წინაშე თანასწორები ვართ. თუ საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობაზე მიდის საუბარი, მაშინ აქ სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული. მე ეს შეთავაზება რიტორიკულად გავაკეთე, რათა მოსახლეობისათვის მეჩვენებინა, რომ მხარი არ დაუჭირონ იმ ადამიანებს, რომლებიც ორ ეროვნებას შორის შუღლის გაღვივებას ცდილობს“ - განაცხადა ახმედ იმამკულიევმა

28 მაისს, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის რეზიდენციაში მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიოეგის (ჯამდელიანი) და საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მარნეულის მუფტის ჰაფიზ ფოლუხოვს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრას ესწრებოდა მარნეულის საკრებულოს წევრი და სადახლოს მაჟორიტარი როვშან ისკანდაროვიც.
Print