რუსლან ჰაჯიევი „ქართულ ოცნებაში“ სამირა ისმაილოვას გადასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან ჰაჯიევი საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნებიდან“ სამირა ისმაილოვას კანდიდატურის წარდგენაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.



პარლამენტარმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ ადგილობრივი მედიასაშუალებების ჟურნალისტები ხშირად მიმართავენ კითხვით, იქნება თუ არა სამირა ისმაილოვა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი. გაჯიევის თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცი არ აქვს.

„სამირა ისმაილოვას ქართულ ოცნებაში გადასვლის და სიაში შეყვანის შესახებ არაფერი არ ვიცი, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ თუ ეს სიმართლეა, ენმ-ს ბოლნისის რაიონში წამყვანი ძალებიდან ერთ-ერთი, სამირა ისმაილოვა „ქართულ ოცნებაში“ თუ გადადის და სიაში შესვლის სურვილი აქვს, მაშინ ენმ-მ თავისი პარტიის შიდა სიტუაციას უნდა გადახედოს. ეს პირველი შემთხვევა არაა, მათთან ძალიან ბევრი რამ ხდება და ჩვენ ამას საზოგადოებიდან ვგებულობთ. კარგი იქნება თავის პარტიას ყურადღება მიაქციონ და „ქართული ოცნების“ კანდიდატების ვინაობა არ განიხილონ“ - აცხადებს რუსლან ჰაჯიევი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა სამირა ისმაილოვამ რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ „ქართულ ოცნებაში“ მისი გადასვლის შესახებ გავრცელებული ინფომრაცია ჭორია. ის დაახლოებით ორი წელია რაც პოლიტიკიდან წავიდა.

„მე დაახლოებით ორი წელია რაც პოლიტიკურ პროცესებს ჩამოვშორდი. ოფიციალური სტატუსით ენმ- ვუჭერდი მხარს, მაგრამ უკვე გადავდექი. ჩემი სახელი არც ერთი პოლიტიკური პარტიის მაჟორიტარულ თუ პროპორციულ სიაში არ იქნება“ - გვითხრა სამირა ისმაილოვამ

ისმაილოვას განცხადებით, მისი სახელი არც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და არც „ქართული ოცნების“ სიებში არ იქნება წარმოდგენილი.

 

Print