სიახლე
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ქვეყნის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ ინფორმაციას უარყოფს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენო APA ავრცელებს.

„ვაცხადებთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. აზერბაიჯანის არმიის კუთვნილი ყველა უპილოტო საფრენი აპარატი ადგილზეა და დანაკარგი არ გვაქვს,“- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც, მედიის ინფორმაციით, დაიღუპა 3 და დაშავდა 5 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

შეტაკებები გვიან ღამითაც გაგრძელდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა თოუზის რაიონის სოფელი აღდამის მიმართულებით 120 მმ-იანი ნაღმტყორცნების გამოყენებით ცეცხლი გახსნეს, აზერბაიჯანელი ჯარისკაცები კი „მტრის პროვოკაციის საპასუხოდ ძლიერ ზომებს იღებდნენ.“ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანული დასახლებების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაცია უარყო.

წყარო: ინტერპრესნიუსი
| Print |