ალიევი სომხეთის ხელისუფლებას “სოროსელებს” უწოდებს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ASAN xidmət-ის რეგიონული ცენტრის გახსნაზე სომხეთის ხელისუფლებას “სოროსელები” უწოდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

“აშკარაა, რომ სომხეთში მომხდარი “რევოლუცია” სოროსის და მასთან დაახლოებული წრეების მორიგი პროვოკაციაა. დიახ, სომეხ ხალხს სძულდა წინა ხელისუფლება და არც მალავდა ამას. წინა ხელისუფლება სიძულვილის ღირსიც იყო, თუმცა, არც შემდგომი ხელისუფლება განსხვავდება მათგან. შემთხვევითი არაა, რომ სოროსის ფონდმა, სომხეთს პანდემიასთან საბრძოლველად 600 ათასი დოლარი გამოუყო. ვის დაეხმარა კიდევ პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვას? აზერბაიჯანს დაეხმარა? არა.

აზერბაიჯანში სოროსის ფონდის კვალიც კი არ დარჩა, რადგან ისინი აქ პროვოკაციით იყვნენ დაკავებული და ახალგაზრდებს ტვინს ურეცხავდნენ, სახელმწიფოს წინააღმდეგ ამხედრებდნენ. ამიტომაც “დავასრულეთ” ისინი. თუმცა მათ ფართოდ გაშალეს ფრთები სომხეთში და ამას არც მალავენ. ვიცით, რომ სომხეთის ამჟამინდელი ხელისუფლება სოროსის ფონდისგან იღებს ფულს, არის მათი ჯაშუში და მათ დაკვეთას ასრულებს”.


ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ალიევი სოროსის ფონდის წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს.

2017 წელს The Guardian-ში გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც აზერბაიჯანის მმართველი ელიტის მიერ ლობისტურ სქემებზე დახარჯული ფულს შეეხებოდა, ალიევმა “სოროსის თანამზრახველების” მიერ შეკვეთილი სტატია უწოდა.

30 ივლისს ალიევის გამოსვლის პარალელურად, სოროსის ფონდისა და ფაშინიანის ხელისუფლების კავშირების შესახებ სტატიები რუსულ მედიაშიც გაჩნდა.

წყარო: ნეტგაზეთი
Print