აზერბაიჯანის თანახმად, წუხელ მოწინააღმდეგემ კვლავ დაბომბა ქალაქი
განჯა, რასაც 10-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საპასუხო განცხადება მალევე გაავრცელა სომხურმა მხარემ და მისი
ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით ცეცხლის გახსნა უარყო.
აზერბაიჯანული გამოცემის, Apa-ს თანახმად, თანახმად, ქვეყნის სიდიდით
მეორე ქალაქი განჯა მოწინააღმდეგემ 17 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით
01:00 საათზე დაბომბა. შედეგად, საცხოვრებელი შენობები დაინგრა,
ნანგრევებში კი მოქალაქეები მოყვნენ.
ბაქოს ცნობით ნანგრევებიდან 14 ცხედარი ამოიყვანეს. სამაშველო
ოპერაციის კადრები მედიაში მალევე გავრცელდა. Apa-ს ინფორმაციით,
პროცესი ამ დრომდე გრძელდება.
აზერბაიჯანის მთავარი პროკურორის, ქამრან ალიევის თქმით, ბაქო
ყველაფერს გააკეთებს, “სომხეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის
პასუხისგებაში მისაცემად”.
“
ფრონტის ხაზიდან 100 კილომეტრით დაშორებულ ქალაქზე
რაკეტის სროლა მხოლოდ სისუსტეზე მიანიშნებს”, – თქვა
მან.
17 ოქტომბრის დილით მოქალაქეებს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ
ალიევმა მიმართა. მისი თქმით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ფიზულის
რაიონის 7 სოფელი და თავად ქალაქი ფიზულიც “გაათავისუფლეს
ოკუპაციისგან”.
განჯის დაბომბვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სომხეთის
თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა შუშან სტეფანიანმა, რომელმაც უარყო
სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის მიმართულებით ცეცხლის გახსნა.
“
აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელისუფლების
საპასუხოდ, არანაირი ცეცხლი სომხეთის რესპუბლიკის მხერიდან ან
სომხეთის შეუარაღებული ძალების მიერ არ გახსნილა აზერბაიჯანის
მიმართულებით”, – წერს სტეფანიანი ფეისბუქზე.
გასულ კვირას, მოსკოვში, თითქმის 11-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად
სომხური და აზერბაიჯანული მხარეები შეთანხმდნენ, რომ 10 ოქტომბრის
12:00 საათიდან ცეცხლს შეწყვეტდნენ, რათა ტყვეები და ცხედრები
გაეცვალათ. თუმცა, მას შემდეგ, ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს
ჰუმანიტარული ზავის დარღვევაში.