უსაფუძვლოდ იყვანენ ხალხს და მიჰყავთ საავადმყოფოში" - ბოლნისელები ექიმებთან დაპირისპირების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ადგილობრივმა მოსახლეობამ ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცა.
ისინი დაუპირისპირდნენ როგორც ექიმებს, ისე პოლიციელებს და მერის წარმომადგენელს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ სოფელ მუშევანის ბოლნისის მერის წარმომადგენელის, რობიზონ სელიმაშვილზე დაყრდნობით წერს.

როგორც ნეტგაზეთთან მიცემულ ინტერვიუში სელიმაშვილი ამბობს, ექიმები სოფელ მუშევანში კორონავირუსით ინფიცირებულების გადასაყვანად დაახლოებით 19 საათზე მივიდნენ, თუმცა სოფლის მოსახლეობამ მათ წინააღმდეგობა გაუწია.

გვითხრეს, ჩვენს სოფელში ვირუსი არ არის, გაგვანებეთ თავიო და დაგვიშინეს ქვები და ჯოხები, ბევრნი იყვნენ. დააზიანეს სასწრაფოს ავტომობილები. ჩემი მანქანაც დალეწილია”, – უთხრა ნეტგაზეთს რობიზონ სელიმაშვილმა.

რადიო „მარნეულმა“ სცადა მუშევანის რწმუნებულთან დარეკვა, თუმცა ის ჩვენს ზარებს არ პასუხობდა, მოგვიანებით კი ტელეფონი გამორთო.

ჩვენ სოფელ მუშევანის ერთ-ერთ მკვიდრს ვესაუბრეთ, რომელმაც საკუთარი ვანობის გამხელა არ ისურვა. მისი თქმით, სოფელში ვირუსი არ არსებობს და მედიკოსებს, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის გაზრდის გამო გაციებული ადამინები სავადმყოფოში გადაჰყავთ.

ჩვენ სოფელში ვირუსი ერთს დაუდგინდა. ამ ადამიანს ჯამრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონია. უბრალოდ, გაციებული იყო. მოვიდნენ და კორონავირუსი დაარქვეს და წაიყვანეს. მისი ოჯახის წევრებიც წაიყვანეს. ჩვენ მათთან კონტაქტში იყავით - არაფერი სჭირთ. სოფელი ჩაკეტილია. ამის შემდეგ დაიწყეს ხალხის წაყვანა. ჩვენ ჩვენი ჯანმრთელობის მტრები ხომ არ ვართ, რამე რომ დაგვემართოს რამენაირად მოვუვლით თავს. ესენი უსაფუძვლოდ იყვანენ ხალხს და მიჰყავთ საავადმყოფოში. ამიტომ გავნერვიულდით. ჩვენ არც მთავრობას და არც პოლიციას ვერჩით, მათთან საქმე არ გვაქვს. უბრალოდ ეს ტყუილია. მე ადგილობრივებზე გეუბნებით. ყველამ გვითხრა რომ მათში ვირუსი არ აღმოჩენილა“ - უთხრა რადიო მარნულს ადგილობრივმა.

მუშევანის რწმუნებულის თქმით, სოფელში კორონავირუსი 10 ადამიანს აქვს დადასტურებული და ისინი ამ დრომდე სოფელში რჩებიან.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები