საქართველოს პარლმენტის ყოფილი დეპუტატი სუს-ში დაიბარეს

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზუმრუდ გურბანლი, რომელსაც მანდატი 2001-2015 წლებში ეკავა, დღეს 12:00 საათზე გამოკითხვისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს.



რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ზუმრუდ გურბანლი ამბობს, რომ მისი აზრით, სუს-ში ნარიმანოვის საკითხის გამო დაიბარეს.

„არის ერთი ჯგუფი რომელიც გარკვეულწილად სეპარატიზმის შთაბეჭდილებას ქმნის. ის ჯგუფი მესამე ძალებს ემსახურება. ისინი კარგად თვლიან იმ წერტილებს, იმ საკითხებს, რომელიც აზერბაიჯანელბის ეროვნულ გრძნობებს შეეხება. ხალხი ასე რეაგირებს. საკითხი ისაა, რომ აზერბაიჯანლების ეროვნულობას, ღირსებას, ვინც აგინებს იმათ არ აქცევენ ყურადღებას. ვინც ადამიანებს მეგობრობისკენ, ერთობისკენ, მოუწოდებს იმათ იბარებენ სუს-ში“ - ამბობს ზუმრუდ გურბანლი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა გამოძიება რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით დაიწყო. ინფორმაცია სუს-ის ფეისბუქ გვერდზე 30 მაისს გავრცელდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ დეპარტამენტი ფლობს ოპერატიულ ინფორმაციას, რომ საქართველოში არსებობენ ჯგუფები და მოქალაქეები, რომლებიც ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ.

"აღნიშნული პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას. კერძოდ აღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით".

ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა ინფორმაცია მარნეულის მერის, ზაურ დარგალის სუს-ში დაბარების შესახებ. დეტალები უცნობია, ზაურ დარგალი ამ საკითხზე არ საუბრობს.

სუს-ში გამოკითხვაზე უკვე იყვნენ მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესის სასულიერო სამმართველოს შეიხი სეიდ მირთაგი ასადოვი, ფიზიკის და მათემატიკის მარნეულელი მასწავლებელი ელვირ ჰასანოღლუ და პარტია „ახალი საქართველოს“ მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე ფუად გახრამანოვი.

რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია