ხელახლა გადათვლილ უბნებში არჩევნების შედეგი არ შეცვლილა – ცესკო
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც საოლქო საარჩევნო სხდომების დროს განხილული საჩივრების შესახებ გაკეთდა კომენტარი. ცესკოს წარმომადგენელმა გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ საუბნო კომისიების მიერ ამ დრომდე გადათვლილი ხმების შედეგად არჩევნების შედეგები უცვლელი რჩება.

“ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიამ გადაითვალა ერთი საარჩევნო უბნის შედეგები, რის საფუძველზეც, აღნიშნული უბნის შედეგები არ შეცვლილა. გადათვლის შედეგად უცვლელი დარჩა შედეგები ბოლნისის, ხაშურისა და ხულოს საოლქო საარჩევნო ოლქებშიც.

ოზურგეთში არასამთავრობო ორგანიზაციების – “სამართლიანი არჩევნებისა” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” – მოთხოვნით გადათვლილი ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გადაითვალეს ბათილი ბიულეტენები, თუმცა ამის შემდეგ არ დამდგარა შედეგების გასწორების საჭიროება”,
– განაცხადა კალანდარიშვილმა.

მისი განცხადებით, სხვა ოლქებშიც დასრულდა ხმების გადათვლის პროცედურარა და შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.

“რაც შეეხება ვაკის, მთაწმინდის, სამგორის, ისნის, ნაძალადევის, გორისა და გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიებს – აქაც დასრულდა გადათვლის პროცედურები და ჩვენ ხვალ დილით განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას”, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.

საარჩევნო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ გადათვლის პროცესი 5 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება. კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში.

საჩივრების განხილვის პარალელურად საქართველოს რამდენიმე ქალაქში საუბნო საარჩევნო კომისიების შენობების მიმდებარედ მიმდინარეობს ოპოზიციური პარტიების ნაწილის პროტესტი, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხმის მიცემის დღეს პროცესი კანონის დარღვევით წარიმართა.

საოლქო კომისიებთან მისული ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ საჩივრები გაუმჭვირვალედ, ისე დაითვალეს, რომ მათ პროცესში ჩართვის საშუალება არ მისცეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google