ელექტროენერგიის გადასახადი, შესაძლოა, გაძვირდეს
მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების ელექტროენერგიაზე სამი წლით დადგენილ სამომხმარებლო ტარიფებს ვადა ეწურებათ

იმდინარე წლის ბოლოს საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ელექტროენერგიაზე სამი წლით დადგენილ სამომხმარებლო ტარიფებს (2017 წელს მიღებულს) ვადა ეწურებათ და შესაბამისად, ახალი ტარიფები უნდა დადგინდეს. დღევანდელი მონაცემებით, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ორი ძირითადი კომპანიის: „თელასის“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მოქმედი საყოფაცხოვრებო სამომხმარებლო ტარიფი შემდეგნაირია:

ცხრილი 1: საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ტარიფები, თეთრი/კვტ.სთ (დღგ-ს გარეშე)


წყარო: საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

საქართველოს ელექტროსისტემა ოთხი კომპონენტისგან შედგება: ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემა, დისპეჩერიზაცია და განაწილება.

ელექტროენერგიის წარმოებას დღეის მდგომარეობით 63 ჰიდრო სადგური და 3 თბოსადგური ახორციელებს. ელექტროენერგიის გადაცემას მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებით ბაზარზე სამი კომპანია: სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, სს „საქრუსენერგო“ და სს „ელექტროტრანსი“ უზრუნველყოფს. ელექტროსისტემის დისპეჩერიზაციას, გადაცემასთან ერთად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს, რომლის მთავარი ფუნქცია ქვეყნის ელექტროსისტემის მდგრადი და გამართული მუშაობაა. ელექტროენერგიის განაწილებას სამი კომპანია სს „თელასი“, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ და სს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ უზრუნველყოფს. თითოეული მათგანი განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში მოქმედებს. სს „თელასი“ საქართველოს დედაქალაქში ნახევარ მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საქართველოს რეგიონებში (კახეთის გარდა) მილიონზე მეტ აბონენტს ამარაგებს, ხოლო კახეთის რეგიონში სს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ ოპერირებს.

ელექტროენერგიის გამომუშავების ძირითად წყაროს საქართველოში ჰიდროელექტროსადგურები წარმოადგენს. მათი წილი მთლიან გამომუშავებულ ენერგიაში 79 %-ზე მეტია, თბოსადგურების წილი დაახლოებით 20%-ია, ქარის ენერგიის წილი კი ამ ეტაპზე უმნიშვნელოა.

ცხრილი 2: ელექტროენერგიის წარმოება, ექსპორტ-იმპორტი 2017-2020 წლებში (მლნ კვტ.სთ)

წყარო: საქსტატი

მიმდინარე წლის 7 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის წარმოება შემცირებულია (611.7 მლნ კვტ.სთ-ით), იმპორტი და ექსპორტი კი გაზრდილი (შესაბამისად 139 და 10 მლნ კვტ.სთ-ით). ელექტროენერგიის მოხმარებას სეზონურობა ახასიათებს. კერძოდ, ელექტროენერგიის მოხმარება ცივ სეზონებზე იზრდება. უფრო კონკრეტულად, ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარება, ზაფხულის პერიოდში მოხმარებას, მნიშვნელოვნად აღემატება. ამავდროულად, რადგან ელექტროენერგიის გამომუშავების თითქმის 80% ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის, ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით, ელექტროენერგიის გამომუშავება ზამთარში მცირდება და თბილ პერიოდში, წყლის რესურსის მატების პარალელურად, იზრდება. შესაბამისად, წლის ცივ პერიოდში ქვეყანას ელექტროენერგიის დეფიციტი, ხოლო ზაფხულში სიჭარბე აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან ელექტროენერგიის დაგროვება შეუძლებელია, თბილ პერიოდში ქვეყანა ელექტროენერგიას ყიდის (ძირითადად თურქეთში), ცივ პერიოდში კი, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ყიდულობს.

როგორც აღვნიშნეთ, ცივ პერიოდში (თითქმის ნახევარ წელს) საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტი წარმოიშვება და ამის აღმოფხვრა იმპორტირებული ენერგიის ხარჯზე ხდება. იმპორტირებული ელექტროენერგიის შეძენა კი უცხოურ ვალუტაში ხორციელდება. აქედან გამომდინარე, ეროვნული ვალუტის რყევამ, შესაძლებელია, დღის წესრიგში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა დააყენოს.

ამ თემაზე კომენტარი „ფაქტ-მეტრმა“ ენერგეტიკოსს გია არაბიძეს სთხოვა. მისი აზრით, მოლოდინი არის რომ ელექტროენერგიაზე ფასის კორექტირება მოხდება და მისი ვარაუდით, ფასი გაიზრდება. სემეკმა უნდა დააბალანსოს კომპანიების ინტერესები და მომხმარებლის შესაძლებლობა. სახელმწიფოს ალბათ მოწყვლადი ჯგუფისთვის ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირება დასჭირდება. ის მიიჩნევს, რომ, ტარიფის ზრდა კომპანიების მიმართ სამართლიანი იქნება, რადგან მათი ხარჯები არის გაზრდილი. „სამი წლის წინ, როდესაც მოქმედი ტარიფები დამტკიცდა, იმპორტირებულ ელექტროენერგიის ფასი 12 თეთრი იყო, ახლა კი თითქმის 16 თეთრამდეა ასული, ასევე გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამ რეალობიდან გამომდინარე, სემეკს ტარიფის კორექტირება აუცილებლად მოუწევს“,- აღნიშნა მან.

კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, მთავრობამ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების 3-თვიანი პროგრამა უკვე განახორციელა. პროგრამის მიხედვით, აბონენტებს, რომლებმაც 200 კილოვატზე ნაკლები ელექტროენერგია და 200 კუბურ მეტრზე ნაკლები გაზი დახარჯეს, სახელმწიფომ 3 თვის (მარტი, აპრილი, მაისი) განმავლობაში კომუნალური გადასახადები დაუფარა (წყლის გადასახადის და დასუფთავების მოსაკრებლის ჩათვლით). მთავრობის გადაწყვეტილებით, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა გრძელდება და მოსახლეობას ოთხი თვის მანძილზე (ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით) გადასახადები კვლავ დაეფარებათ.

ელექტროენერგიაზე ტარიფების შესაძლო ზრდა საზოგადოების მხრიდან მუდმივად მტკივნეულად აღიქმება. მეორე მხრივ, ელექტროენერგიის მოხმარების და იმპორტირებული ენერგიის წილის მატება, ამას დამატებული ლარის კურსიის არასტაბილურობა, ტარიფის ზრდის აუცილებლობას განაპირობებს. მიიღებს, თუ - არა, სემეკი არაპოპულარულ გადაწყვეტილებას და შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ელექტროენერგიაზე ტარიფს გაზრდის, თუ ტარიფის ხელოვნურად დაბალ ნიშნულზე შენარჩუნებას შეეცდება, წლის ბოლოს გახდება ცნობილი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია