დრო და სახელმძღვანელოები - ფაქტორები, რაც არაქართულენოვან სკოლებში ქართულის შესწავლას აფერხებს





ეთნიკური უმცირესობების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად ქართული ენის არცოდნას ასახელებენ. მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტროს მხრიდან აქამდე ბევრი პროგრამა და ინიციატივა შემუშავდა, რომელიც წესით, ენის შესწავლაში უნდა გვეხმარებოდეს, მარნეულში კვლავ პრობლემად რჩება ქართულის ცოდნის ხარისხი.

მოსწავლეები სახელმწიფო ენას 12 წლის განმავლობაში სწავლობენ, თუმცა შეიძლბა ითქვას, რომ უმეტესობა გამართულად ვერ საუბრობს. ამ ფაქტს არც მარნეულის საჯარო სკოლების მასწავლებლები უარყოფენ. ამბობენ, რომ სახელმწიფო ენის შესწავლისას ბევრ სირთულეს აწყდებიან. კლასში მოსწავლეების ნახევარზე მეტი შედეგს ვერ აჩვენებს, ამას კი ხელს არაქართულენოვანი გარემო და ბავშვების მრავალრიცხოვნება უშლის.



„ბავშვი ფიზიკურად ვერ ახერხებს სახლში მომზადებას. ყველა ოჯახს კი არ აქვს იმის საშუალება რომ რეპეტიტორთან ატაროს. მშობელმა არ იცის სათანადოდ ენა და ვერ ამეცადინებს ბავშვს. ვცდილობთ, საშინაო დავალებაც კი კლასში მოვამზადებინოთ. ვიცით, რომ სახლში ვერაფერს გააკეთებენ“,
- ამბობს ქართული ენის მასწავლებელი.


მოსწავლეებს ახალი მასალის შესწავლა უფროსკლასელების გამოყენებული სახემძღვანელოებითა და შევსებული რვეულებით უწევთ. არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერის კონსულტანტ-მასწავლებელი ზვიად ფიფია უკვე 12 წელია გაკვეთილისთვის მასალებს საკუთარი სახსრებით ბეჭდავს. თუმცა ზვიადისნაირი მოტივირებული მასწავლებელი მარნეულის 74 სკოლიდან ძალიან ცოტას თუ ჰყავს.

„ვასწავლით იმ სახელმძღვანელოთი, რომელის 2011-2012 წლებში დაიბეჭდა. ძველი წიგნები გაიცვითა უკვე და ახლით ვერ ვცვლით. სამწუხაროდ, არც იშლება ნაწერი და შესაბამისად, გვიწევს სახელმძღვანელოების გარეშე სწავლა. მეორე საკითხია წიგნის შინაარსობრივი მხარე. არის ისეთი ტექსტები, სავარჯიშოები, რომელიც მოსწავლის ყოველდღიურ ცხოვრებასთან შეხებაში არ არის და ავთენტურ სიტუაციაში ვერ გამოიყენებს“ - ამბობს ზვიად ფიფია.

ქართული ენის შესწავლის კუთხით სახარბიელო მდგომარეობა არც დამამთავრებელ კლასებშია. მე-11 და მე-12 კლასელები ჩვენთან საუბარს გაურბიან და მიზეზად ენობრივ ბარიერს ასახელებენ. ანონიმურობის დაცვის პირობით რამდენიმე მოსწავლესთან გასაუბრება მაინც მოვახერხეთ. ქართული ენის ცოდნა, რომ მნიშვნელოვანია, ამაზე ყველა თანხმდება, თუმცა ამბობენ, რომ არაქართულენოვან სკოლებში სწავლების დონე დაბალია.



„მე მიყვარს ქართული ენა, მაგრამ ზოგიერთი ბავშვი ვერ სწავლობს. ჩემი კლასიდან ნახევარზე მეტმა არ იცის ქართული“

„ქართულის სწავლა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია. აქ ვცხოვრობთ, ენაც უნდა ვიცოდეთ. ჩვენთან, განსაკუთრებით კი აზერბაიჯანულ ენოვან სკოლებში კარგად არ ასწავლიან ქართულს“ - ამბობენ მოსწავლები ჩვენთან საუბარში.



მარნეულში 74 საჯარო სკოლიდან 58 არაქართულენოვანია. ქართული ენის შესწავლისთვის კი სულ ორი შესაძლებლობა არსებობს. რეპეტიტორთან მომზადება საშუალოდ თვეში 50 ლარი ღირს. ყველა ოჯახს კი ამის საშუალება არ აქვს. ალტერნატიული, უფასო გზა, მარნეულის რეგიონული სასწავლო ცენტრი, ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლაა, სადაც სამიზნე ჯგუფად საჯარო მოხელეებია განსაზღვრული.

„ჩვენი სამიზნე ჯგუფი მაინცდამაინც მოსწავლეები არ არიან. მოსწავლეები, რა, 16 წიდან ზევით. ამჟამდ სულ 21 ჯგუფია აქედან კი დაახლოებით 16 თითქმის სულ მოსწავლეა. როდესაც ჩვენ სასწავლებლად მოგვმართავენ, ძირითადად ნულოცანი დონით მოდიან, ხოლმე“, - ამბობს ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მარნეულის რეგიონული სასწავლო ცენტრის დირექტორი ჯამილა გუსეინოვა.

„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე, შალვა ტაბატაძე არაქართულენოვანი სკოლების მდგომარეობას კატასტროფულს უწოდებს. ამბობს, რომ არაქართულენოვან სკოლებში მოსწავლეები სასწავლო გეგმას აცდენილები არიან.

„სახელმძღვანელოებზე და სასწავლო გეგმებზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს სრული კატასტროფა. არაქართულენოვანი სკოლებისთვის სახელმძღვანელოები არ არის ხელმისაწვდომი. დაწყებითი კლასებისთვის ჩვენ ქართულის, როგორც მეორე ენის, ახალი სახელმძღვანელოები ახალი სასწავლო გეგმის შესაბამისად არ ვაქვს. არაქართულენოვანი სკოლები სწავლობენ ძველი ეროვნული გეგმით. სახელმწიფომ ვერ უზრუნველჰყო ახალი სახელმძღვანელოების მშობლიურ ენაზე თარგმნა და გამოიყენეს ძველი ნათარგმნი სახელმძღვანელოები“, - ამბობს შალვა ტაბატაძე.

სახელმწიფო ენის შესწავლის კუთხით, არაქართულენოვან სკოლებში დიდი გამოწვევის წინაშე რომ ვდგავართ ეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროშიც აღიარეს. განათლების მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ არაქართულენოვანი სკოლები განათლების სისტემაში მყოფ პარალელურ რეალობად შეაფასა. აბულაძე ამბობს, რომ CAT-ის შედეგების გათვალისწინებით, ჩაჭრის 20-25%-იანი მაჩვენებლიდან 20% ეროვნული უმცირესობების სკოლების მოსწავლეებზე მოდის და მათ სხვა სასწავლო გეგმა ან სახელმძღვანელოები საერთოდ არ აქვთ. განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ჩიქობავა ამბობს, რომ არაქართულენოვან სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ეტაპობრივად იზრუნებენ.

„სახელმძღვანელოებს რაც შეეხება, დიახ, ნამდვილად იყო მრავალი წლის განმავლობაში ის, რომ თვითონ სახელძღვანელოში იწერებოდა და იხატებოდა. მინდა აღვნიშნო ის, რომ ეს უკვე აკრძალულია და ახალი სახელმძღვანელოები ისეა შედგენილი, რომ მასში ჩასახატი, ჩასაწერი არაფერი არ არის. სახელმძღვანელოს მოყვება რვეული, რომელშიც იმუშავებს მოსწავლე შემდეგ კი ყოველწლიურად გამოიცვლება. სასწავლო პროგრამაც სრულიად შეიცვალა. სექტემბრიდან დაწყებით კლასებში ეს სახელმძღვანელოები უკვე შევა“

განათლების სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ არაქართულენოვანი სკოლები სწავლების ხარისხის გაუმჯობესებესების მიზნით, ახალი სასწავლო წლიდან, სახელმძღვანელოების შინაარსი სრულიად შეიცვლება. უფროსკლასელებისთვის პრობლემა კი ერთი წლის დაგვიანებით მოგვარდება.

არაქართულენოვან სკოლებში სახელმძღვანელოები ორენოვანია: ქართულ და ეთნიკური უმცირესობის ენაზე. ამიტომ, მასწავლებელმა უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ეს პრობლემა მწვავედ დგას. პედაგოგები არ ფლობენ ქართულს, შესაბამისად, უჭირთ სწავლებაც. მათი გადამზადება მიმდინარეობს, მაგრამ საკმარისი მაინც არ არის. ასე რომ, სახელმწიფოს არა მხოლოდ სახელმძღვანელოებთან და პროგრამებთან გამკლავება მოუწევთ, არამედ პედაგოგების გაძლიერების კუთხით უფრო ეფექტურად მუშაობა. დღეს კი, სკოლაში გვაქვს ფაქტი: იქ, სადაც ყველა საგანი წესით, ორ ენაზე უნდა ისწავლებოდეს, მოსწავლეები ქართულად ფაქტობრივად ვერ საუბრობენ.

რადიო "მარნეული"
Print