მარნეულის 30-ზე მეტ სოფელს წყალი არასდროს ჰქონია



ხუტორ-ლეჟბადინში მცხოვრები მაგამედ საფაროვი ამორტიზებულ გზაზე ყოველდღე წყლის ბოთლებით დატვირთულ ურიკას მძიმედ მიაგორებს. კილომეტრების გავლა უწევს იმისთვის, რომ სასმელი წყალი სახლში მიიტანოს. თუ ვეტყვით, რომ მალე მარსზე ქართული ვაზის ჯიშების გაჩენა-გამრავლება იგეგმება და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური ადმინისტრაციის (NASA) განცხადებით, პლანეტა მარსზე პირველმა, შესაძლოა, ქალმა დადგას ფეხი, დედამიწაზე, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მაგამედს, ალბათ, გაეცინება.

„წყალი არ გვაქვს, საბრალო ხალხი.... ყველა მოდის, გვეუბნებიან ასე გაგიკეთებთ, ისე გაგიკეთებთ, მაგრამ უბრალოდ მღერიან და ეგ არის, ხელფასს იღებენ და ჩვენთან არაფერი იცვლება. ერთი კილომეტრის გავლა გვიწევს „ტაჩკით“ იმისთვის, რომ წყალი სახლამდე მოვიტანოთ. გვშია, გვწყურია, პურია გამოსაცხობი და საჭმელის გასაკეთებელი წყალიც კი არ გვაქვს. ამბობენ, რომ გაგვიკეთებენ, რა ვიცი, რა“, - გვეუბნება მაგამედ საფაროვი.



ხუტორ-ლეჟბადინი მარნეულიდან დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარეობს. სოფელში რომ წყალი არ აქვთ, ამას თითქმის ყველა ეზოში დამონტაჟებული ძველი ხელსაბანი მოწყობილობა მოწმობს, რომელსაც ადგილობრივები „უმივალნიკს“ ეძახიან. რკინის ავზს კუსტარულად მოწყობილი წყაროდან მოტანილი წყლით ავსებენ. დასალევად რამდენად ვარგისია, არ იციან, ის ლაბორატორიულად არასდროს შემოწმებულა.



„მდინარე ალგეთთან წყაროა და სასმელ წყალს იქიდან ვიღებთ. ესეც თირკმელში კენჭებს და ასევე, ჩიყვს აჩენს. ანალიზს არ აკეთებენ, ხალხი კი სვამს. დასაბანი წყლისთვის მეზობლებთან მივდივართ და ვისაც ეზოში კუსტარულად მოწყობილი წყლის ამოსაქაჩი აქვს, იქიდან მოგვაქვს. ხან არხის წყალი მოგვაქვს დასაბანად. ისიც ხან მოდის, ხან არა“, - შემოგვჩივლა როვშან ასკეროვმა

სოფელში გახშირებულ დაავადებებზე სხვებიც ლაპარაკობენ. მათი აზრით, ყველაფრის მიზეზი წყალია, თუმცა ეს არავის გამოუკვლევია.

„არხის წყლით რომ ვაბანავეთ ბავშვები, ხან ალერგია, ხან რა დაემართათ, მაგრამ გამოსავალი არ გვაქვს და იძულებულები ვართ, არხის წყალი გამოვიყენოთ“, - ამბობს საიდათ ასკეროვა



ხუტორ ლეჟბადინში მოსახლეობა არსებულ ვითარებას, თითქოს, მოერგო და შეეგუა. სასმელი წყალი მათ სახლებში ონკანიდან არასდროს წამოსულა, ამიტომაც, ალტერნატიული გზები თავად მოძებნეს და ერთობლივი ძალისხმევით, წყარო გაიყვანეს. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების უყურადღებობას უჩივის.

„ჩვენი პრობლემებითაც დაინტერესდნენ და ჩვენ ვიგრძნოთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ვართ. გზასთან დაკავშირებითაც იყვნენ კაცები მერიაში, ჩვენც გვინდა კარგად ვიცხოვროთ. ქართული ვინც იცის, ისინი მიდიან, ხოლმე. ენის არცოდნაც პრობლემაა. ახალი თაობა სწავლობს და ჩვენ არ ვიცით“, - ამბობს საფაროვ ისმაილი.


ხელისუფლებას კონსტიტუცია რომ ავალდებულებს თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ხუტორ-ლეჟბადინში არ იციან. თემში პრობლემის გადაჭრა ადგილობრივი თვითმმართველობის ვალდებულებაა, თუმცა, მერიის წარმომადგენლები მოსახლეობას „სოფლის კრებების“ ფარგლებში წელს პირველად შეხვდნენ. მოისმინეს, რომ არც წყალი აქვთ, არც გზა უვარგათ და გარე განათების მოწყობას დაჰპირდნენ.

“წყლის, ნაგვის, გზის, ყველა პრობლემა ნათქვამი გვაქვს, მაგრამ დღემდე ჩვენ სოფელში არაფერი გაკეთებულა. არც ნაგვის ურნები დადგეს, არც წყალი გვაქვს და არ ვიცი. ამბობენ, რომ ჩვენი სოფლისთვის 16 ათასი გამოყეს. კრებაზე თქვეს, რომ განათება არ გაქვთ და პირველი ის გააკეთეს. 16 ათასი ლარით ამ გზას ვერ გაიყვანენ და ამიტომ ავირჩიეთ განათება ”, - გვეუბნება ხუტორ-ლეჟბადინის მკვიდრი სეფეროვ ალგაიტი.






მარნეულის მერიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ხუტორ-ლეჟბადინის მსგავსად, უწყლობა მუნიციპალიტეტში სხვა ბევრს სოფელს აწუხებს და თვითმმართველი ორგანო ამ პრობლემის მოგვარებას ეტაპობრივად ცდილობს.

„ადგილობრივ მოსახლეობას ხუტორ-ლეჟბადინში „სოფლის კრებების“ ფარგლებში როდესაც შევხვდით, პრიორიტეტად მიიჩნიეს გარე განათების სისტემის მოწყობა. ამიტომ, წელს მუნიციპალიტეტი შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს“, - ამბობს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მარიამ ხაჩიძე

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ამ გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებების დარღვევად მიიჩნევს კავასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტების კოორდინატორი. მარიკო წიქორიძე ამბობს, რომ პრობლემების ეფექტურად გადაჭრისთვის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაც აუცილებელია.

„მოსახლეობამ არ იცის ვის უნდა მიმართოს, საერთოდ რა წყალს სვამს. ჰგონიათ, რომ რაკი სოფლის პროგრამის ფარგლებში ეკითხებიან რა გაქვთ პრიორიტეტი, რა შეგვიძლია რომ გაგიკეთოთ, ყველას ჰგონია, რომ მაინცდამაინც ეს უნდა იყოს რიტუალების სახლი ან ინფრასტრუქტურული პროექტი. შესაბამისად, აქ უკე იკვეთება ის კომპონენტი, რომ არ ვიცით ჩვენი უფლებების შესახებ არაფერი. ამ კონკრეტული სოფლის უფლებები რამდენიმე მიმართულებით ირღვევა. ჩვენ კონსტიტუციით გვაქვს იმის უფლება, რომ გვქონდეს ხელმისაწვდომობა წყალზე, ჩვეულებრივ წყალზეც არა - ჯანსაღ, სუფთა წყალზე“.

ხუტორ-ლეჟბადინში სასმელი წყლის პრობლემის შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობას ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა აცნობა. თვითმართველობასა და ხალხს შორის „შუამავალი“ ამტკიცევს, რომ სოფლის კრებაზე მოსახლეობამ წყალმომარაგება პრიორიტეტულ საკითხად თანხის სიმცირის გამო ვერ დაასახელა.

„ჩვენ მერიას ვუთხარით, რომ აქაურებს წყლის პრობლემა აქვთ და წყაროდან მიაქვთ. სოფლის პროგრამის ფარგლებში, 16 ათასი ლარი გამოიყო. ამ თანხით კი მოსახლეობამ გარე განათების გაკეთება გადაწყვიტა. წყლის მილები რომ გაიყვანონ, მხოლოდ ხუდორ-ლეჟბადინს კი არა, ალგეთის და მიმდებარე სოფლებსაც ეშველება. ყოველდღე სოფლებში ვართ და პრობლემებს ვეკითხებით მოსახლეობას“, - გვითხრა ბახადინ გულიანოვმა.



მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში, მარნეულში ხშირად სიმბოლური დატვირთვა აქვს. ამას სისტემურ პრობლემად მიიჩნევს მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის თანამშრომელი კოკა კიღურაძე. მისი აზრით, მერის წარმომადგენელს „ფოსტალიონის ფუნქცია“ კი არ უნდა ჰქონდეს, ადგილზე პატარა პრობლემების მოგვარება მაინც უნდა შეეძლოს. შეზღუდული კომპეტენცია მერიასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციაზე უარყოფითად აისახება, როგორც ეს ხუტორ-ლეჟბადინის შემთხვევაშია.

„რწმუნებულის ინსტიტუტი დღეს თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. მინდა ვთქვა, რომ ესენი არიან სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის სახე მოქალაქეებთან ურთიერთობაში. პირველად შემხებლობაში მოსახლეობასთან არიან მერის წარმომადგენლები და ეს აქ არის მნიშვნელოვნად გასაძლიერებელი და უნდა აღიჭურვონ სერიოზული უნარ-ჩვევებით. მათ უნდა გააჩნდეთ ძალიან მაღალი ლეგიტიმაციაც, შესაძლებლობებიც, ელემენტარული პატარა ბიუჯეტი, რითაც მცირე სოციალური პრობლემების გადაჭრას შეძლებენ“, - ამბობს კოკა კიღურაძე.

პრობლემას უახლოეს მომავალში არათუ მერის წარმომადგენელი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაც ვერ გადაჭრის. ხუდორ-ლეჟბადინში და უწყლოდ დარჩენილ სხვა სოფლებში, 2019 წელს სასიკეთო არაფერი იგეგმება, მათ შორის არც წყლის ლაბორატორიული კვლევა, რადგან წყარო ვერცერთი წალმომარაგების კომპანიის ბალანსზე ვერ იქნება.

სასმელი წყლით უზრუნველყოფა იმ წყალმომარაგების კომპანიის ვალდებულებაა, რომელსაც სოფელი სარგებლობაში აქვს გადაცემული. ასეთი ორგანიზაცია მარნეულის მუნიციპალიტეტში სამია: შპს „სოფწყალი“, „რუსთავწყალი“ და „გაერთიანებული წყალმომარაგება“. „სოფწყალი“ მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული შპს-ა, რომელიც ამ ეტაპზე 36 სოფელს ამარაგებს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „რუსთავწყალი“ ხუთს და „გაერთიანებული წყალმომარაგებაც“ ხუთს. ხუტორ-ლეჟბადინი, სადაც 400-ამდე მოსახლე ცხოვრობს, არცერთ მათგანს არ ეკუთვნის. ასე, „პატრონისა“ და წყალგაყვანილობის გარეშე მარნეულში 84-დან - 37 სოფელია დარჩენილი.



საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, მიმდინარე წლის ივლისში, მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას იწყებს. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) ახორციელებს. ბოლნისსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში იმ სისტემის შექმნაზე, რაც ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს, 55 940 022 დოლარი დაიხარჯება. სამუშაოები 2021 წლის იანვარში დასრულდება, თუმცა წყალმომარაგების გარეშე დარჩენილი სოფლის პრობლემას ვერც ეს მასშტაბური პროექტი მოაგვარებს.

ხუტორ-ლეჟბადინის მოსახლეობას თავი მხოლოდ იმით შეუძლია ინუგეშოს, რომ წყალს სახლამდე განათებული გზით მიიტანს. სავარაუდოდ, ეს „ფუფუნებაც“ კი არ აქვთ წყალმომარაგების გარეშე დარჩენილ კიდევ 36 სოფელში. ერთადერთი იმედი ასოცირების ხელშეკრულებაა, რაც ხელისუფლებას მოსახლეობის უფლებების დაცვას მრავალი მიმართულებით ავალდებულებს და რომლის შესრულება, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოგვიწევს.


Print