საპენსიო რეფორმა - გაუგებრობაში აღმოჩენილი მარნეულელები



 

33 წლის ნაილ მამედოვი მარნეულში ცხოვრობს და ბოლო ხანია ბათუმში მუშაობს. იქ ყოფნა თვეობით უწევს. ხელფასის აღებას ყოველთვის მოუთმენლად ელის, თუმცა უკვე მესამედ, სხვა ოდენობის სარგო ერიცხება. ნაილი აზერბაიჯანის მოქალაქეა და ახლახან გაიგო, რომ სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემაშია ჩართული.

„400 ლარი მქონდა ასაღები, 8 ლარი ჩამოიჭრა აქედან და ამაზეც არ ვნერვილუობ, მთავარია, რაც დამპირდნენ ის გააკეთონ. უცხო ქვეყნის მოქალაქისგან თუ იღებდნენ ფულს, არ ვიცოდი. სამსახურიდან ვერ გავდივარ. არ ვიცი აქ იჭრება ეს თანხა თუ ბანკში აკეთებენ. კვირას მცალია და კვირას კიდევ ბანკი არ მუშაობს“, - ამბობს ნაილ მამედოვი და შიშობს, რომ საქართველოდან წასვლის შემთხვევაში, დაგროვებულ თანხას უკან არავინ დაუბრუნებს. მისთვის არავის უთქვამს, რომ თანხის გარკვეულ ნაწილს დამსაქმებელი და სახელმწიფოც უმატებს.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ვაჟა ჯაფოშვილი გვარწმუნებს, რომ მიმდინარე რეფორმა გამოსავალია, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ღირსეულ საპენსიო ასაკს უზრუნველყოფს. რისკს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაეებს, რომლებიც საქართველოში მუშაობენ და თავიანთ ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში თანხა დაეკარგებათ, გამორიცხავს.

„კანონი ამბობს, რომ საპენსიო რეფორმაში ჩართვა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირებს, რომლებსაც მუდმივი ბინადრობის სტატუსი აქვთ. პირი, რომელიც დატოვებს ქვეყანას მუდმივ საცხოვრებლად წასვლის გამო და წარმოადგენს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომ ის არ არის საქართველოს მოქალაქე, ამ შემთხვევაში კანონი აძლევს უფლებას მისი დანაზოგი ერთიანად გაიტანოს.“ - ამბობს ვაჟა ჯაფიაშვილი

ჩვენი კიდევ ერთი გმირი საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია. მასთან ინტერვიუ ანონიმურობის დაცვის გარანტიით ჩავწერეთ. ის საჯარო მოხელეა, მაგრამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ნაილის მსგავსად არაფერი იცის იმ რეფორმაზე, რომელის ნაწილი თვითონაც არის.

„ახალი კანონი პენსიის თემაზე რომაა, თითქმის არაფერი ვიცი. რატომ მიიღეს, არავინ არ მოგვაწოდა ინფორმაცია. ასე გავიგე, პენსიას რომ ავიღებთ, იმ თანხას დაგვიბრუნებენ. რამდენი წელია ვმუშაობ და ასეთი რამე არ გამიმიგია. გვითხრეს, ხელფასიდან თანხას აჭრიანო და რისთვის არ ვიცი. ჩვენც გვინდა ინფორმაცია გვქონდეს, მაგრამ არავინ არაფერს გვეუბნება. იმ თანხას დამიბრუნებენ თუ არა. ესეც არ ვიცი ზუსტად“

საპენსიო ახალ სისტემაზე ბევრი არაფერი იციან სხვა მარნეულელებმაც. ზოგი ინფორმაციას არ ფლობს, მაგრამ სიახლეს დადებითად აფასებს, ნაწილი ელის, რომ საკითხში გაარკვევენ, ზოგი წუხს, რომ უმუშევარია და ეს სისტემა სულაც არ ეხება.


„არ ვიცი, მაგრამ ძალაინ კარგად ვაფასებ. როცა ასაკში შეხვალ, პენსია გექნება. კარგად მოიფიქრეს მოხუცები აღარ იმუშავებენ და მიიღებენ ფულს“. - ამბობს გუნაი ეთირმიშლი

„რისკ-ფაქტორები თუ გამოირიცხება კარგია, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში, რომელიც ჯერ არ არის განვითარებული, რისკები არსებობს. ბევრი მაგალითი ახსოვს საქართველოს, რომ ანაბრები გაუფუჭდათ, ხალხს ფული ჰქონდათ ბანკში შეტანილი და ისე დარჩნენ. აი, ამას თუ გავითვალისწინებთ, რისკ ფაქტორებთანაა დაკავშირებული.“ - ამბობს ზაქირ დურახანოვი

ამ დროისთვის მარნეულში საპენსიო სააგენტომ მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა, რომელსაც 30-მდე დასაქმებული ესწრებოდა.

„დაგროვებითი საპენსიო სქემა ყველა ქვეყანაში შექმნილია და მოგონილია მხოლოდ იმიტომ, რომე ეს არის სარგებლიანი. სააქართველო არის ერთ-ერთი ბოლო ქვეყანაა, სადაც დაგროვებითი სისტემა არ არსებობდა და წელს დავიწყეთ“ - თქვა ვაჟა ჯფოშვილმა.


მიუხედავად იმისა, რომ ჯაფოშვილვმა დაგროვებით საპენსიო სისტემის სიკეთეებზე ისაუბრა, "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" პრეზიდენტი პაატა შეშელიძე დაგროვებით საპენსიო სისტემას ფაქტობრივად უნდობლობას უცხადებს და არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.

„ჩემი აზრით, ეს მოდელი არაკონსტიტუციური არის. ვალდებულებების დაკისრება დამქირავებელზე არაკონსტიტუციურია. ასევე, არაკონსტიტუციურია თვითონ მეანაბრის დავალდებულება, რომ მისი შემოსავლის ნაწილი მან, გინდა თუ არა, უნდა დატოვოს ამ საპენსიო სისტემაში. რამდენმე რისკთანაც გვაქვს საქმე. პიველი არის ის, რომ სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას, რომ საპენსიო სისტემის ბანკროტობის ან რაღაც ხარვეზის შემთხვევაში ის თავის თავზე აიღებს ვალდებულებას“ - გვითხრა პაატა შეშელიძემ.

დაგროვებითი საპენსიო სისტემის მიმართ პესიმისტურად განწყობილი ბუღალტერი ტერეზა იოვაშვილია. ის ამბობს, რომ საქართველოში არსებული კერძო სექტორი ამ სავალდებულო ტვირთისთვის მზად არ არის.

„საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძო ბიზნესს გარკვეულწილად პრობლემები ექმნება თანხების მოძიებასთან დაკავშირებით. ამას დაემატა გარკვეული ტვირთი საპენსიო ფონდის მხრიდან. აქედან გამომდინარე ამან გაუძვირა მუშახელი, რაც გარკვეულწილად იწვევს ბიზნესის უკან დახევას და ბაზარზე კონკურენციის გამწვავებას“. - ამბობს ტერეზა იოვაშვილი.
საპესიო რეფორმა დასაქმებულებს ავალდებულებს, ხელფასიდან ყოველთვიურად 2% საპენსიო ფონდში იხადონ. დამსაქმებელმა თანხა დამატებით 2%-ით უნდა შეავსოს და სახელმწიფომაც 2% დაუმატოს. 40 წლამდე ასაკის ადამიანებს არჩევანი არ აქვთ, ისინი ავტომატურად ერთვებიან სქემაში. 40 წელზე მეტისას კი შეუძლია უარი თქვას სახელმწიფოს ინიციატივაზე და საკუთარი სიბერე თავადვე უზრუნველყოს. ამ დროისთვის არსებული სტატისტიკის მიხედვით, მოსახლეობის 8%-მა უკვე მიღო გადაწყვეტილება საპენსიო ფონდიდან გასვლის თაობაზე.



Print