შიში, ეჭვი, მითები, არაინფორმირებულობა და იმედი - ვაქცინაციის პროცესი მარნეულში
„ვაქცინის შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ დაავადების წინააღმდეგაა და მოქმედებს კიდეც. აზერბაიჯანული არხებიდან ვუსმენ, რომ ყველა ნებაყოფლობით იკეთებს აცრას. ცუდი რომ იყოს, არ გიაკეთებდნენ“, - აზერბაიჯანული არხები ინფორმაციის ერთადერთი წყაროა სოფელ იმირში მცხოვრები 72 წლისვეისალ ჰასანოვისთვი და ფაქტობრივად, ყველა ეთნიკურად აზერბაიჯანელი მარნეულელისთვის. სოფლებში არავინ იცის, კორონავირუსის საწინააღმდეგო რა სახის ვაქცინაა მათთვის ხელმისაწვდომი, რა გვერდითი ეფექტები ახასიათებს და როგორ უნდა აიცრან.

კრონავირუსის პანდემია ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი აღმოჩნდა ვეისალ ჰასანოვისთვის,როგორც ეკონომიკური, ისე მორალური თვალსაზრისით. უამრავი მარნეულელის მსგავსად, საკუთარ ნაკვეთზე მოყვანილი მოსავლის გაყიდვა ვერ შეძლო და ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა. კორონავირუსის დამარცხებას საკუთარი ოჯახის წელში გამართვის საშუალებად მიიჩნევს. ახლა გამოსავალს მხოლოდ იმუნიზაციაში ხედავს. თუმცა, საქართველოში შემოტანილ ვაქცინებსა და მის ავკარგიანობაზე არაფერი იცის, მათ შორის არც ის, რომ აცრა 15 მარტიდან შეეძლო.

„რა ვაქციენები ჩამოიტანეს არ ვიცი. ინფორმაცია არ მაქვს, იმიტომ, რომ ჩვენთან არაფერს აკეთებენ ჯერ. თუ დაიწყებენ ვაქცინაციას, პირველი, ალბათ, მე უნდა გამიკეთონ, რადგან 72 წლის ვარ... ზოგი კი ამბობს, რომ საზიანოა და ამით მოსახლეობის რაოდენობის შემცირება უნდათო. ჩვენ არც გვეუბნებიან საიდან მოაქვთ ვაქცინა. აზერბაიჯანულ, თურქულ არხებს ვუყურებთ. ახალგაზრდა თაობას ესმის ქართული და უყურებენ, ჩვენ ენა არ ვიცით, სკოლაში ქართულის მასწავლებელი არ გვყავდა“.

იმირი ერთადერთი არაა, სადაც მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმშია. მარნეულის მუნიციპალიტეტის ათამდე სოფელის „ბირჟაზე“ ზოგმა პირად საუბრაში, ზოგმა კი ღიად აღნიშნა, რომ ვაქცინის გაკეთების მზაობა აქვთ, თუმცა სიკეეთეების, ან გვერდითი ეფექტების შესახებ არაფერი იციან. საბირქენდში მცხოვრები თურაი ალიევისთვის უცნობია, რომ 55 წელზე უფროსი მოქალაქეები 30 მარტიდან იცრებიან. 4 მაისს კი ჩინური „სინოფარმით“ყველა სრულწლოვანის ვაქცინაცია დაიწყო.

“დეტალური ინფორმაცია არ მაქვს. ინტერნეტში ვუსმენ ხოლმე, ამბობენ ვაქცინებია შემოტანილიო. როგორც გავიგე, 60 წლის ზემოთ მყოფ ადამიანებს უკეთებენ აცრას. ჩინეთიდან არისო შემოტანილი. მე გავიკეთებ, როგორ არა. მაინც მომავალში როგორც პასპორტი იქნება ეს ვაქცინა. საზღვარგარეთ თუ გავალთ, ალბათ, საჭირო იქნება. აზერბაიჯანულ არხებს ვუყურებ ძირითადად. ხანდახან იმედსაც, მაგრამ ქართული კარგად არ ვიცი, რაღაცები მესმის“,
- ამბობს თურაი ალიევი

პრობლემა მხოლოდ სახელმწიფო ენის არცოდნაში არ არის. ვაქცინების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს საიმერლოში მცხოვრებ 45 წლის ქალსაც, რომელმაც გვთხოვა, მისი ვინაობა არ გავამხილოთ. ის ინფორმაციას მხოლოდ ქართულ ენაზე ,ძირითადად სოციალური ქსელის, „ფეისბუკის“ მეშვეობით იღებს, თუმცა, ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის და ქართულ ენაზეც მწირია ინფორმაცია. ვაქცინას იმ შემთხვევაში გაიკეთებს, თუკი მის უსაფრთხოებაში დარწმუნდება.

„მე არანაირად არ გავიკეთებ მაგ ვაქცინას, მეშინია. ახალგაზრდა გოგო რომ დაიღუპა, იმის შემდეგ ვერანაირად ვერ გავრისკავ. თან იმასაც ვფიქრობ, რომ ინფორმაციაც არ არის ბევრი ვაქცინაზე. მე „ფეისბუკზე“ ვნახულობ, ხოლმე, ინფორმაციას ქართულად, სხვა ენა არც ვიცი. სხვა რომ გაიკეთებს და დავრწმუნდები, რომ კარგია ვაქცინა, ავდგები და მეც გავიკეთებ. მთავარია დააზუსტონ, რომ ნამდვილად უსაფრთხოა“, - ამბობს სოფელ საიმერლოს მკვიდრი.

ამ ფონზე, მარნეულის ერთ-ერთი მნიშნელოვანი უწყების, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი, ეთერ ლაფერაძე მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტში

„ყველაფერი კარგადაა“ . რა ფორმით ცდილობს ცენტრი მოსახლეობის ინფორმირებას და რა ძალისხმევას დებს ამაში, ლაფერაძე პასუხს ირიდებს და ტრადიციულად, მერიაში გვამისამართებს.

„ყველაფერი კარგად არის გაკეთებული, ინფორმირებულია ყველა და დანარჩენ საკითხებს მერიის პერესამსახური მოგაწვდით“.

მარნეულის თვითმმართველობის ოფიციალური ვებგვერდით თუ ვიმსჯელებთ, მუნიციპალიტეტში ვაქცინაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების კუთხით თითქმის არაფერი კეთდება. არაფერია ნათქვამი 55 წელს გადაცილებული მოქალაქეების, მაისში კი 18 წელზე უფროსების აცრის დაწყებასთან დაკავშირებით.

თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ მოსახლეობის ინფრომირებისთვის მრავალენოვანი ბანერი დამზადდა. მარნეულში, სადაც ორი ეთნიკური უმცირესობა ცხოვრობს, მალევე გააკრეს ბილბორდი სლოგანით „ვაქცინა გვიცავს“ ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე. სომხურენოვანი თემი ხელისუფლებამ გამოტოვა. სოციალურ რეკლამაზე, ცხელი ხაზის ნომრის ნაცვლად კი თბილგაზის ტელეფონის ნომერი დაიტანა.



ინფორმაციის გვავრცელებაზე სახელმწიფო და ადგილობრივი უწყებები რომ უნდა ზრუნავდნენ, ამას „კაქტუს-მედიის“ დამფუძნებელი ცირა გვასალიაც ამტკიცებს. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ვალია მოქალაქეების ინფორმირება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების სიკეთისა და გვერდითი მოვლენების შესახებ. პასუხისმგებელმა პირებმა მოსახლეობას უნდა მიაწოდონ ის ინფორმაციაც, რომ იმუნიზაციამ გადაარჩინა დღევანდელი კაცობრიობა ბევრი დაავადებისგან. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ სახელდება 14 დაავადება, რომელიც აღმოფხვრილი არ არის, თუმცა, ფაქტობრივად აღარ არსებობს, ერთეული შემთხვევების გარდა.

„პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს ყველასთვის ვქცინებზე გაავრცელოს მიუკერძოებელი ინფორმაცია. საქართველოში არსებობს ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2021 წელს დაამტკიცა, ამისთვის ბიუჯეტინდამ 1 662 800 ლარი გამოიყო, რომელიც წესით, ვაქცინაციის კომუნიკაციისთვის უნდა იყოს გამოყოფილი. მე გამოვითხოვე ამაზე საჯარო ინფორმაცია და როცა ვიკითხე, სად და რა ფორმით მიმდინარეობს კომუნიკაცია, მითხრეს, რომ დაწყებულია ბიუჯეტის ათვისება. ამას ახორციელებს დაავადებათა კონტროლის გვერდი თავის „ფეისბუკ“ გვერდზე. წესით „ფეისბუკზე“, იმიტომ, რომ ვებ-გვერდი იმდენად ცუდად გამოიყურება, არ მოგინდებათ ინფორმაციის ძიება. ეს ნამდვილად არ არის საკმარისი. დავითვალე და მათ პოსტებს დაახლოებით 30 „ლაიქი“ და ათეულობით გაზიარებაც კი არ აქვსს ზოგჯერ და როგორ შეიძლება ამით მთელი საქართველო მოიცვან? ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის, რა ენაზეც ეს მათთვის იქნება გასაგები“.

საქართველოს მთავრობამ COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა, 2021 წლის 14 იანვარს დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით, წლის ბოლომდე ქვეყნის სრულწლოვანი მოსახლეობის 60%- უნდა აიცრას. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა გეგმა და დაადგინა, რომ დოკუმენტში არაა შეფასებული კორუფციული რისკები და არაა გათვალისწინებული არაკეთილსინდისიერი ქმედებების საწინააღმდეგო ღონისძიებები. ორგანიზაციის შეფასებით, კორუფციის რისკების წინასწარ გაუთვალისწინებლობამ, შესაძლოა, პრობლემები შეუქმნას იმუნიზაციის პროცესს.

მარნეულში ვაქცინაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი კი ინფორმაციის ნაკლებობა და გავრცელებული დეზინფორმაციაა. ჩვენ მიერ გამოკითხულთა შორის არაერთმა აღნიშნა, რომ ვაქცინაციით მოსახლეობის რაოდენობის შემცირება სურთ. ეს ერთადერთი ინფოდემია არ არის, რომელთანაც პანდემიის პერიოდში, „მითების დეტექტორს“ უწევს ბრძოლა. ვებ-გვერდის რედაქტორის მოადგილე, ქეთი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ, როდესაც მოსახლეობას სახელმწიფოსგან დაუზუსტებელი და სწორი ინფორმაცია არ მიეწოდება, მაშინ იქმნება მითების გავრცელების ნოყიერი ნიადაგი. სახელმწიფოს უმოქმედობა ხელს უწყობს დეზინფორმაციას.


„ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჯანდაცვის სამინისტრომაც, იგივე NCDC-მაც (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, რედ.) მუდმივად, როდესაც ვრცელდება ახალი ინფორმაცია, მანამ, სანამ მიეცემა აქტორებს იმის საშუალება, რომ ეს გამოიყენონ სათავისოდ და ააგონ ამაზე მითები, მიაწოდონ მოსახლეობას თავად, პროაქტიულად ინფორმაცია და განუმარტონ, რას გულისხმობს ეს, რომ არ შეიქმნას შიშები ვაქცინის მიმართ, რასაც ახლა ვხედავთ და მოსახლეობა დაარწმუნონ ვაქცინაციის სიკარგეში და ეფექტურობაში. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია სახელმწიფო სტრუქტურებთან და ვიცით, რომ ისინი ამჟამად მუშაობენ ეფექტური რეაგირების მექანიზმზე, თუმცა მივიჩნევ, რომ ეს უნდა მომხდარიყო ბევრად უფრო ადრე, სანამ ვაქცინაციის პროცესს დავიწყებდით და შესაძლებელი იყო უფრო მომზადებულები ვყოფილიყავით ამ საინფორმაციო შეტევისთვის. უნდა იყოს ბევრად უფრ აქტიური კამპანია, სანამ გავრცელდება მითები, მოსახლეობას მიაწოდონ კონკრეტული ინფორმაცია უფრო გასაგებად, მათთვის გასაგებ ენაზე. არა მხოლოდ ის, რასაც ბატონი ამირანი ლაპარაკობს, მაგალითად, თავისი ბრიფინგებისას, რისთვისაც, შესაძლოა, მას დიდი დრო არ ჰქონდეს. ვაქცინების ავკარგიანობის შესახებ მოსახლოებას უნდა მიაწოდონ ინოფრაცია. ეს არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ქართულ ენაზე. თუნდაც აზერბაიჯანულ ენაზე უნდა ხდებოდეს ინფორმაციის გავცელება ძალიან აქტიურად“.

მარნეულის მუნიციპალიტეტში 104 300 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის 85% ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან. რეგიონში ასევეა ეთნიკური სომხების თემი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმუნიზაციის სამმართველოს უფროსი ლია ჯაბიძე გვარწმუნებს, რომ ინფორმაციას აქტიურად ავრცელებენ. ამის დასტურად ორგანიზაციის „ფეისბუკ“ და ოფიციალურ ვებ-გვერდებზე განთავსებული ინფორმაცია მოჰყავს. ამბობს, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტერესების გათვალისწინებას აპირებენ და ინფორმაციის გავრცელებას მათთვის გასაგებ ენაზე მას შემდეგ დაიწყებენ, რაც ვაქცინაციის პროცესი ფართო მასშტაბებზე გადავა. დაგეგმილია ფლაერებისა და სხვადასხვა ვიდეორგოლის დამზადება, მათ შორის აზერბაიჯანულ ენაზეც. ეს ყველაფერი, ვაქცინაციის დაწყებიდან თითქმის ორი თვის შემდეგაც არ ჩანს. ncdc.ge-ს რომ გადავხედოთ, ამ დრომდე, ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე მხოლოდ ონლაინ ჯავშნის გახმოვანებული გზამკვლევია ხელმისაწვდომი.
MarneuliFM · Ლიკა ლია ჯაბიძის კომენტარი

„მე მესმის მოსახლეობის გულისწუხილი, თუმცა ისევე, როგორც ჩვენი ცენტრის მიერ, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ყველანაირი ინფორმაციაა განთავსებული თვითონ ვაქცინის მახასიათებლების შესახებ, ასევე აქტიურია ჩვენი ცენტრის „ფეისბუკ“ გვერდი, სადაც მოწოდებები ინტენსიურად ჟღერდება. თვისებურება ის არის, რომ შეიძლება მოსახლეობას გარკეული ენობრივი ბარიერი აქვს, ამისთვის ჩვენ ვცდილობთ, როცა ვაქცინაციის პროცესი ფართო ჯგუფებზე გადავა, გაკეთდეს მათთვის მისაღებ ენაზე ეს ინფორაცია. ყველანაირად ვეცდებით და გადაწყვეტილიც არის, რომ იყოს ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობებისთვის. გვათვალისწინებულია და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის და იგივე, ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის დახმარება ამ კუთხით, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როგოლია მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებაში ვაქცინაციაზე და არა მარტო“.

როდის გეგმავს სახელმწიფო ვაქცინებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიან კამპანიას უცნობია. მას შემდეგ, რაც მარნეულში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება დაიწყო და მუნიციპალიტეტს 13 მარტს საქართველოში შემოტანილი „ასტრაზენეკას“ 1000 დოზა გადასცეს, ამ დრომდე, მხოლოდ 100-მდეა გახარჯული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, 13 მარტს საქართველოში შემოსული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ვარგისიანობის ვადა 31 მაისს გასდის.

27 აპრილიდან საქართველოში შესაძლებელი გახდა ჩინური კომპანია „სინოფარმის“ წარმოებულ ვაქცინაზე რეგისტრაცია და სრულწლოვანი მოქალაქეების იმუნიზაცია 5 მაისს დაიწყო. მარნეულში ჯავშანი სრულად შეივსო, თუმცა იმის დადგენა, რამდენი ადგილობრივი იცრება, შეუძლებელია. „სინოფარმაზე“ მაღალი მოთხოვნის გამო, დედაქალაქში ადგილები მალევე ამოიწურა და მოაქალაქეები ასაცრელად ახლომდებარე ქალაქებში დარეგისტრირდნენ. 5 მაისს, ვაქცინაციის პროცესს მარნეულში რამდენიმე საათის განმავლობაში ვაკვირდებოდით. აცრაზე მოსული ათობით მოქალაქედან ადგილობრივი არც ერთი იყო.

7 მაისის მონაცემებით საქართველოში ჯამში 54 687 ადამიანი აიცრა. იმისთვის, რომ ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს, ვაქცინა მოსახლეობის 60%-მა უნდა გაიკეთოს.


ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 547 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 ადამიანი. სპეციალისტები მესამე ტალღის პიკს მაისის შუა რიცხვებში ელიან. ამ ფონზე კი მარნეულის მოსახლეობას, მათთვის გასაგებ ენაზე არავინ უხსნის, რა საშუალებას მიაგნო მსოფლიომ პანდემიის დასამარცხებლად.

Print