დეკრეტულზე, უფლებებზე, სუფთა ჰაერზე და არა მხოლოდ - მარიამ სამხარაძე - დედა, აქტივისტი
უკვე ხუთი თვეა დეკრეტულ შვებულებაში ვარ რადიო „მარნეულიდან“ გაისმა ზარის ხმა და ბლოგის დაწერა შემომთავაზეს, გავიფიქრე: „ეს ზუსტად ის არის, რისი გაკეთებაც მინდოდა“ , რადგან დეკრეტული შვებულების პერიოდში ხშირად ვსტუმრობდი ჩვენს სახლთან ახლოს მდებარე პარკს, ვხვდებოდი ბევრ ახალგაზრდა ქალს და მათთან საუბრისას დავინახე უამრავი პრობლემა, რაც არ დამინახავს ჩემს სამუშაო ადგილზე, როცა დღის განმავლობაში ასამდე ადამიანს ვხვდები ხოლმე.

რეალურად გამიჩნდა სურვილი, რაიმე გამეკეთებინა ამ ქალების ყოფის შემსუბუქებისა თუ ელემენტარულად, მათი პრობლემების საჯაროდ გამოტანისათვის. დიახ, ვფიქრობ, რომ პრობლემებზე ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ და მაშინ ნამდვილად დავინახავთ გამოსავალს და დავეხმარებით ერთმანეთს.

ვფიქრობ, საიდან დავიწყო იმ გაუგებრობაზე საუბარი, რომელშიც აღმოვჩნდი. ეს ხუმრობით, თუმცა, როგორც ჩემი ერთი ნაცნობი ამბობდა, ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდიდან იწყება შფოთვა დედისათვის და შემდეგ მთელი ცხოვრება გრძელდება.     
ახლა წარმოიდგინეთ ჩემი თავი ამ პოზიციაში. ისედაც საკმაოდ შფოთიანი ვარ, ყოველთვის ცუდზე ვფიქრობ, შესაბამისად გამოდის, რომ მთელი ცხოვრება „დასტრესილი“ უნდა ვიყო: ვაიმე ბავშვი ხომ ჯანმრთელია, რამე ხომ არ აწუხებს, როგორ საკვებს მიირთმევს, როგორ გარემოში ცხოვრობს, გარემოს დაბინძურება რამდენად აისახება მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახლა და მომავალში, როგორ უზრუნველვყოფ მის განვითარებას და ა.შ. მაგრამ, მოდით დავივიწყოთ ეს შფოთვები და რეალუარად შევხედოთ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ახალბედა დედა აღმოჩნდება ხოლმე.

დავიწყოთ წუწუნით! დიახ, ისედაც წუწუნა ვარ, მაგრამ დედის ამპლუაში ეს თვისება მიორმაგდება. მყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, ერთი 3 წლამდე და მეორე თვეების ჩვილი. დავიღალე, გადავიღალე, ძილი მინდა, რამდენი ხანია თმის შეჭრა და ფრჩხილების გაკეთება მინდა, რამდენი საქმე მაქვს: დალაგება, სადილის მომზადება, თანაც ისეთის სასარგებლოც რომ იყოს, წვნიანი თუ მშრალი, დესერტი, ხილი და ბოსტნეული ჩავრთოთ მენიუში, არა შოკოლადს, გაზიან სასმელს, ჩიპსებს და სხვა მაიმუნობებს. მოკლედ, ამ ყველაფერზე ერთდროულად უნდა იფიქრო და მახსენდება დედაჩემი, რომელიც გათენდებოდა თუ არა გვეკითხებოდა, თუ რა სადილი გვინდოდა მოემზადებინა ჩვენთვის და ეს იყო მისი დღის ურთულესი დილემა. განვაგრძოთ წუწუნი და საქმეების ჩამონათვალი: გარეცხვა, რა ფუნქციასაც მართალია სარეცხი მანქანა ასრულებს, მაგრამ ტვინში მაინც ხომ გიწევს დალაგება როდის, რა და რასთან ერთად უნდა გარეცხო, გაუთავება და სხვა ათასი საქმე. ეს არის დედის, ქალის ყოველდღიური რუტინა, რაზეც მამაკაცები ამბობენ – „რითი დაიღალე“.

ყოველდღიური რუტინის გარდა არის პრობლემები, რომელიც ახალბედა დედას აწუხებს. დავიწყოთ მშობიარობის შემდგომი ჯანმრთელობის მდგომარეობით. დავივიწყოთ, რომ ერთ დროს ჯან–ღონით სავსე ვიყავით, არაფერი გვტკიოდა და მთების გადადგმაც კი შეგვეძლო, მშობიარობის შემდგომ თითქმის ყველა ქალს რაღაც აწუხებს და თუ არ აწუხებს, საერთო სისუსტეს მაინც უჩივის და ეს სისუსტე, ჩვენდა „გასახარად“ სულ გრძელდება, ანუ აღარასდროს არ ხარ ისეთი დასვენებული, რომ დაღლილობისგან, რომელიმე სახსარი მაინც არ გტკიოდეს.

ბავშვის ყოვედღიური რუტინა და მოვლა ერთდროულად სასიამოვნო და ძააალიან დამღლელი პროცესია (არ ვიცი, რამდენი „ა“ იქნება საკმარისი, ამ სირთულის განსასაზღვრად). ყველა ნორმალური პედიატრი გირჩევთ, რომ ბავშვის ჯანმრთელობის საწინდარი ძუძუთი კვება და სუფთა ჰაერია. დღესდღეობით ერთიც ფუფუნებაა და მეორეც.
ძუძუთი კვებას დედის საკმაოდ დიდი მობილიზება, მონდომება, განწყობა, ჯანსაღი კვება და მუდმივად ბავშვის გვერდზე ყოფნა სჭირდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, არიან დედები, რომლებსაც ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად, მაინც არ გამოსდით კვებონ ბუნებრივად თავიანთი შვილები. ვინაიდან, მე ორივე ბავშვს 6 თვემდე ექსკლუზიურად ძუძუთი ვკვებავდი, არ მაქვს ხელოვნურად კვების გამოცდილება. თუმცა დედები ამბობენ, რომ მუდმივად ბოთლების რეცხვა, ღამე ადგომა და ბავშვისთვის საჭმლის მომზადება ძუძუთი კვებაზე კიდევ უფრო რთული პროცესია. რაც შეეხება ძუძუთი კვების სირთულეს, თუ ამას გადაწყვეტთ, წარმოიდგინეთ რომ 6 თვე თქვენმა შვილმა თქვენთან ერთად უნდა იმოძრაოს. სადაც წახვალთ, ყველგან თან უნდა ატაროთ, ან მაქსიმუმ 2–3 საათის ინტერვალით გახვიდეთ სახლიდან.

რაც შეეხება სუფთა ჰაერს! არის კი სადმე საქართველოში სუფთა ჰაერი მაშინ, როდესაც ზაფხულში ბაკურიანიც თბილისს ემსგავსება საცობებით, გამონაბოლქვით, მტვრის ბუღით?
სწორედ სუფთა ჰაერია ის, რის გამოც ყოველდღიური რუტინის მოშორების შემდგომ, ჩემ შვილებთან ერთად „ველად“ ვარ გაჭრილი. ვართ აივანზე, ვიძინებთ ჰამაკში ან ეტლში, მივეშურებით გარეთ, გზად რამდენიმე ახლობელ/ნათესავ/მეზობელთან შეიძლება ჩამოვჯდეთ ან ბოლო გაჩერება ჩვენ სახლთან ახლოს მდებარე პარკია. მარნეულში ბავშვებისთვის გასართობი და რეკრეაციული პარკების დიდი დეფიციტია.
უფრო მკვახედ რომ ვთქვათ, მარნეულში ვერ ნახავთ საჯარო სივრცეს ბავშვებისთვის. გამონაკლისია საბავშვო ბაღების ეზოები და ჩვენდა საბედნიეროდ, ჩვენი სოფელი, სადაც პარკში სამად სამი საბავშვო საქანელა/სასრიალო დგას. არ გვაქვს საკმარისი საბავშვო ბაღები? დედები ვერ ატარებენ ბავშვებს ბაღში, შესაბამისად ვერ მუშაობენ და სხედან სახლებში. არ გვაქვს საბავშვო მოედნები? შესაბამისად დედებს ვერ გაჰყავთ ბავშვები ვერსად და სხედან სახლებში. არადა პარკში გახვალ, ბავშვს გაასეირნებ, თუ ისეთ სოციუმში ცხოვრობ, სადაც ყველა ყველას იცნობს, ასეთი ადგილები ქალებისთვის დისკუსიის, მსჯელობის, ან უბრალოდ გულის გადაყოლების ადგილიცაა. ამიტომ ჩვენ ამ მხრივ გაგვიმართლა. თუმცა ამ პარკსაც სჭირდება შევსება და დიახ, ამაზეც ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ შევცვალოთ გარემო.. ჩემს მეგობრებთან ერთად რამდენიმე წლის წინ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში პროექტი დავწერეთ, რაც სოფელ წერეთელში დასასვენებელი და შემეცნებითი პარკის მოწყობას გულისხმობდა.
პროექტმა მოწონება დაიმსახურა და დაფინანსდა, თუმცა მშენებლობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ჩვენ პარკში ასევე გამოდიან მცირეწლოვანი ბავშვების დედები. თან ბავშვებს დავსდევთ, თან ვსაუბრობთ. მოვისმინე, რა აწუხებთ დედებს. ვიცი, რა რთულია მრავალრიცხოვან ოჯახებში ცხოვრება, რისი მიზეზიც ქართული ტრადიცია და ეკონომიკური სიდუხჭირე/სიზარმაცეა. განსაკუთრებით ქალებისთვის არის რთული, უზარმაზარ სახლში, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს და ერთი სამზარეულო და აბაზანაა, რომელიც მოშორებით გაქვს საძინებლიდან. ყველგან ინფრასტრუქტურამდე მივდივართ, გარეთ თუ სახლში.
და ამ დროს კაცები, სოფლის პროექტების არჩევისას სარიტუალო დარბაზების მოწყობაზე და სასაფლაოების შემოღობვაზე ფიქრობენ. ქალები ნაკლებად იყვნენ ჩართული ამ პროცესში და ესეც შედეგი! ჩვენ ყოფილ მერს, რაც შენიშვნა მისცეს, იმის მერე კი გამოიყვანეს ქალები შეხვედრებზე, მაგრამ ასე ერთჯერადად და ხელოვნურად კი არ უნდა გამოიყვანო და ჩამოამწკრივო ქალები, სისტემურად უნდა მიუდგე, პირობები უნდა შეუქმნა, მოიცალოს, გამოვიდეს, ისაუბროს, იმსჯელოს, იქნებ რას გეუბნება...

ქალებს გვაწუხებს უსამართლო პოლიტიკა
, რომელიც არ არის მორგებული ქალის ინტერესს. მე გამიმართლა იმ მხრივ, რომ დეკრეტში ყოფნის პერიოდში ყოველთვიურად ვიღებ ხელფასს. ჩემს ახლობელს, რომელიც სკოლაში მუშაობდა პედაგოგად, სახელმწიფომ ერთჯერადად „გადმოუგდო“ 1000 ლარი და უთხრა, რომ 6 თვე ამით უნდა ერჩინა ბავშვი. 6 თვის მერე კი ვერც სამსახურს უბრუნდება, რადგან ბავშვს ვერავის უტოვებს და არის საქართველოში პედაგოგის ანაზღაურება იმდენი, რომ ძიძა აიყვანოს? შესაბამისად, ასეთი ქალები მინიმუმ ორი წელი სხედან სახლში, ორი წლის შემდგომ კი ვინ იცის, რამდენად მარტივია დაუბრუნდე ჩვეულ სამუშაო წესრიგს, შენს თავში და შესაძლებლობებში ისევ ისე იყო დარწმუნებული, უნარები კიდევ გაგაჩნდეს, თან ისეთი, სხვასაც რომ კონკურენცია გაუწიო.
დადგენილია, რომ ბავშვის დაბადება ორი წლით აფერხებს ქალის განვითარებას და კიდევ ვიძახოთ, აბა რატომ არ გვყავს ქალი მწერლები, ფიზიკოსები, პოლიტიკოსები... არადა მიუხედავად ამ სირთულეებისა, რისი გადალახვაც ქალებს გვიწევს, მაინც ვჩანვართ გარეთ, მაინც ვუწევთ კაცებს კონკურენციას, მაინც გვასაქმებენ. ამიტომ ვართ მაგრები, ამიტომ ვართ ძლიერები, ამიტომ გვჭირდება უფრო მეტი ხელშეწყობა სახელმწიფოსგან!

დედებს აწუხებთ უფულობა. კაცების მოტანილი, გზად ნახევრად დახარჯული ფული არ არის საკმარისი, ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველა დედამ უნდა იმუშაოს. ამიტომ უნდა იყოს შექმნილი ქვეყანაში ბავშვის მოვლის სისტემა, დედებზე უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო!

საშინელი ამბავი, რაც ამ პერიოდში გავიგე, დედამ დატოვა შვილები და წავიდა. ვინმეს სჯერა, რომ რომელიმე დედა თავის შვილებს დატოვებს? მიზეზები ისევ მიღებულ სტრესში, ოჯახებში არსებულ ეკონომიკურ სიდუხჭირესა და ძალადობრივ გარემოში უნდა ვეძებოთ. ხელაღებით ვინმეს დადანაშაულება ამ ვითარების ყველაზე მარტივი ახსნაა.

და ბოლოს, მინდა დავასრულო აშშ–ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის ფრაზით. მას გაეროში ამერიკის ელჩის თანამდებობა ეკავა და შემდეგ პირველი ქალი გახდა ამერიკის ისტორიაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს ჩაუდგა სათავეში. იგი 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონს უჭერდა მხარს და ქალთა უფლებების ერთ–ერთი აქტიური დამცველია. მისი სიტყვებია „ჯოჯოხეთში არის იმ ქალებისთვის ადგილი, რომლებიც სხვა ქალებს არ ეხმარებიან“.

ვიყოთ სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ, გავაძლიეროთ ერთმანეთი, გამოვიდეთ გარეთ, ჩავერთოთ, გავაქტიურდეთ, მოვითხოვოთ და მოვთხოვოთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს დაინტერესდნენ ჩვენი პრობლემებით. ჩვენ მზად ვართ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google