პატარძლის დღიურებიდან- აინურა ალიევას ხმამაღალი ფიქრი

ჩემი დილა ჩვენი ცოცხალი მაღვიძარას, პატარას ხმაურით იწყება. სიჩუმე და სიწყნარეა, როცა ის საჭმელად იღვიძებს. როცა იღვიძებს სულ ხელით აკაკუნებს თავის პატარა საწოლზე და მანიშნებს, რომ გაიღვიძა. ამ დროს მხოლოდ ახლო მდებარე სადგურიდან მატარებლის ხმა ისმის. პატარა ჭამს და ისევ იძინებს ხოლმე. მისი მეორე გაღვიძება კი დილით, ოჯახის სხვა წევრების გაღვიძების დროს ემთხვევა
. მხიარული განწყობა
პატარასთან ერთად დილის საუზმეზევე იწყება. მასაც უნდა ხოლმე ჩვენთან ერთად იჯდეს სუფრაზე და თავისებურად გაერთოს პურით, კოვზით ან სხვა რამით, რასაც მაგიდაზე დაინახავს.

საუზმის შემდეგ ყველა ნელ-ნელა სამსახურში წასვლისთვის ემზადება. ძირითადად მე და პატარა ვრჩებით ხოლმე სახლში. საუზმის მერე იწყება სახლის საქმეები. დალაგება, რეცხვა და სხვა ამბები. ამასობაში პატარას ხმა ისმის, ფაფის ჭამის დროა...

ოჯახი - ეს არის რთული პასუხისმგებლობა. „ძალიან ცუდი დრო მოვიდა, შიმშილით რომ მოკვდეს ვინმე, არა ვინ 10 თეთრს არ მისცემს“ - ხშირად მხვდება ყურში ეს ნათქვამი. მართლაც ასეა. თუ არ იშრომებ შენი შვილი შიმშილით მოკვდება, ალბათ. მახსოვს, როცა ბებო მიყვებოდა ადრე როგორ ცხოვრობდნენ მეზობლები და ნათესავები.

რა საჭმელსაც ამზადებდნენ მდიდარი და ღარიბიც ერთმანეთს აწოდებდნენ. სუფრას შლიდნენ, საუბრობდნენ. ადრე ბავშვები მეზობლებში იზრდებოდნენ ხოლმე. ჩვენს მეზობელ ბავშვებს სულ ჩვენთან ეძინათ ხოლმე დღისით. ისეთი სითბო იყო ადამიანებში ერთამენთის მიმართ. ახლა კი ძმა ძმის გაქურდვას ცდილობს - ფულის შოვნის დრო მოვიდა.

დრო ისე გადის, რომ დილა და საღამო როგორ თენდება ვერ ვგრძნობ. როცა ბავშვი გყავს უფრო რთულია გრაფიკი. ისეთი ამინდია, ვერ იტყვი რომ ზამთარია. რამდენი წელია წესიერად თოვლიც არ გვინახავს. მზე გვაჭიტებს ფანჯრიდან. ბავშვს კი გაასეირნებდა ადამიანი, მაგრამ ეტლის გასადანად გზა არ არის. ცუდია, როცა ადამიანები ეგოსტებად იქცევიან და ამის მიუხედავად თავი ანგელოზები ჰგონიათ. ამ ცხოვრებაში ბავშვებზე სუფთა და ფაქიზი არსება არ არის. მათ არ ესმით ბევრი რამ და სულ თამაში უნდათ. სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით ჩემი პატარა ეტლით ვერ გამყავს სასეირნოდ. რა სასაცილოა არა?! ადამიანი, რომელიც სხვებს ადამიანის უფლებებზე და თავისუფლებაზე „ლექციებს“ კითხულობს თვითონ პატარა ანგელოზსს გზა ჩაუკეტა. ცუდი ისაა, რომ ჩვენ სხვისი შვილების გზის ჩაკეტვით გვინდა ჩვენი შვილებისთვის ბედნიერი და კარგი ცხოვრების, მომავლის შექმნა.

შუადღისას მუშაობის დროა. „რადიო მარნეული“ ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. რაც გადავინაცვლე სხვა რეგიონში, რადიო სულ ჩემს გვერდით არის. ჩვენ პატარა გუნდით დავიწყეთ რადიოს შექმნა და დღესაც არა ვართ ბევრნი, მაგრამ ბევრი რამე უკეთესობისკენ შეიცვალა.
მანძილით შორს, მაგრამ სულით სულ ჩემს გუნდთან ვარ.

შუადღისას მამაკაცები მოდიან და სადილის დროა. მათთვის სუფრას ვშლი, ვჭამთ მერე ისევ რეცხვა-დალაგების ამბები იწყება. სულ რაღაცის გადარბენაზეა არიან ქალები. ჩემ უსაყვარლეს რადიოს კი სულ ესმის ჩემი მდგომარეობა. ყველაზე მეტად ამ ცხოვრებაში ვერ ვიტან უმადურ ადამიანებს. ერთადერთი, რადიოში ვერ ვნახე უმადურობა. ისე მომენატრა ჩვენი სტუდია. როცა ჩავალ მარნეულში აუცილებლად უნდა ვესტუმრო.

პატარას ძილის დროა. როცა იძინებს რამდენიმე საათი სიჩუმეა და მშვიდად ვაკეთებ ჩემს საქმეს. ძალიან უცნაური უბანი გვაქვს. ბევრი მეზობელი ერთმანეთს არ ელაპარაკება. ვფიქრობ, იმიტომ გახდა ეს ხალხი ასე სასტიკი, რომ სიკვდილი დაავიწყდათ. მე სიკვდილზე ფიქრი პესიმისტობა კი არ მგონია, სიკვდილზე ფიქრი ყველაზე რეალურია, რაც კი მინახავს.

სხვანაირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ ათასწლეულების მანძილზე იცოცხლებენ და მთელი მსოფლიო მათი იქნება. რატომღაც გვგონია, რომ სულ სხვები მოკვდებიან და წავალთ დავასაფლავებთ და მოვალთ.  არა გენაცვალე, ერთ დღეს ყველას რიგი მოვა და მაშინ ერთ წინდასაც აღარ ჩაგვაცმევინებენ ფეხზე - არ შეიძლებაო. არაფერს არ წავიღებთ გარდა გაკეთებული კარგი და ცუდი საქმეებისა. დამიჯერეთ, სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა და ჩვენ გვეჩვენება მარადისობა. აი ზუსდატ ეს დაავიწყდათ ადამიანებს. რომლებიც ერთმანეთს ხოცავენ ბევრი უმნიშვნელო წვრილმანების გამო.

საღამომდე ცოტა დრო დარჩა. როგორ გავიდა დღე პატარასათან თამაშით და ჩემი უსაყვარლესი რადიოსთან მუშაობით არ ვიცი. საღამოსკენ ყველა იკრიბება სახლში. ნელ-ნელა ვახშამისთვის ვემზადებით. სანამ ყველა არ მოვა სუფრასთან არ ვჯდებით, ასეთი ტრადიცია გვაქვს.

ყველა პატარას ეთამაშება, რადგან მთელი დღე სახლში არ არიან. პატარას კი ისე უხარია, როცა ყველა სახლშია და ეთამაშებიან. გარეთ უკვე სიბნელეა და შორიდან ამ დროს ვინმე რომ მოვიდეს და ჩვენს სამზარეულოსთან ყურდაცქვეტილი იდგეს, ალბათ ბედნიერების ხმას გაიგებს.

მამა (მამამთილი) სულ მღერის პატარასთვით, დედა (დედამთილი) კი პატარასთან ერთად ცეკვავს. ექვსი თვის იყო, როცა ხელებით ცეკვა ისწავლა. სიმღერის, სიცილის, ბავშვის და ჩვენი ტაშის ხმა ერთმანეთს ათამამებს. ამ ცარიელ, დროებით ცხოვრებაში ამაზე მეტი ბედნიერება ნამდვილად არ არსებობს.

რამდენადაც უნდა ეცადო, ბედნიერებას ხელოვნურად ვერ შექმნი. ის თვითონ უნდა დამკვიდრდეს ადამიანებში და ოჯახებში. რამდენადაც არ უნდა შეეცადო, რომ ტყუილად გააღიმო ადამიანები, ერთ ოთახში გაშალო სუფრა და დააჯინო ერთად - თუ ეს არ არის თავიდანვე დამკვიდრებული ოჯახში ესეიგი არ გამოვა და ტყუილად „თავის ჩვენება“ იქნება ვითომ ბედნიერებაა. ჩვენთან კი ეს წესი და ჩვეულება დიდი ხანია რაც დამკვიდრდა. არც სირთულეები, არც ადამიანების მცდელობა იმისა, რომ აგვირიოს ოჯახი, ვერ შეცვლის ამ სინამდვილეს. ეს სითბო და სიყვარული აერთიანებს ოჯახს...

ყევლაზე სამწუხარო ისაა, რომ გადის დრო და შენ გიხსენებენ შენი ცუდი საქციელებით. შეუძლებელია დააბრუნო დრო და შეცვალო შენი საქციელი, ამიტომაც დროზე უნდა დაფიქრდეს ადამიანი.

ასე გადის მოკლე წლების დღეები - სახლის დალაგებით, საჭმლის გამზადებით, ბავშვის მოვლით და უამრავი სხვა საქმით. ოჯახი არის ბედნიერება. როცა იცი, რომ შენს სახლში ვინმე გელოდება ან და სუფრას შლი იმ ადამიანებისთვის, რომელიც იცი რომ უნდა მოვიდნენ. ეს ბედნიერება კი ყველას არ ენიჭება.

არასდროს არ მეჩქარება არაფრისთვის და არც დამიგვიანებია აქამდე რაღაცისთვის. ხანდახან სახლში მეუბნებიან ნელი ხარო, სანამ გავთხოვდებოდი ჩემს სახლშიც მეუბნებოდნენ მაგას, მაგრამ არ მახსოვს რომ რამე დამაგვიანებოდეს. თუნდაც სტუმარი მოვიდეს და სამი საათი ელოდოს ვიდრე ჩაის დავდგამ...

უბრალოდ, არ მეჩქარება და ადამიანებს ეჩვენებათ რომ ნელი ვარ. ასე უნდა იყოს ყველა - სიჩქარით არ იცვლება ბევრი რამე პირიქით იშლება. მთავარია, რომ დროზე მოასწრო ყველაფერი.

დაღამდა, ვივახშმეთ და ნელ-ნელა დასაძინებლად მიდის ყველა. პატარას სულ მუსიკით ვაძინებ. მშვიდად უსმენს, გაიხედავ და თვალებიც დახუჭული აქვს. ძალიან ცუდი უბანი გვაქვს ჩვენ. ერთი პერიოდი ხმაურით ბავშვის გაღვიძებასაც ცდილობდნენ. როცა ადამიანებს მხოლოდ ბოროტება აწუხებს ალბათ, სხვა რამეზე არ ფიქრობენ.

მიუხედავად ყველანაირი ხმაურისა, ჩემს პატარას მაინც სძინავს. ცუდი იცით რა არის, როცა ის გაიზრდება აუცილებლად გაიგებს ვინ უშლიდა ძილს და ვინ უკეტავდა გზას... ძალიან ცუდია, როცა ვინმე გიხსენებს შენ წლების მერე ცუდი საქციელით და შენ ვერ აბრუნებ დროს...

სალმან რუშტის წიგნი მიდევს თაროზე უკვე დიდი ხანია. როცა სიჩუმე და სიწყნარეა ვკითხულობ...





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123