ადევნება სიყვარული არ არის, ძვირფასო პოლიციელო!- კამილა მამედოვას ხმამაღალი ფიქრი
სამართალდამცველები - ანუ პირები, რომლებიც ჩემს უფლებას, უსაფრთხოებას იცავენ.
ქალთა უფლებებზე არაერთი თემა გამიშუქებია, მხსვერპლ ქალებთანაც მქონია ბევრი ინტერვიუ.


ბოლო ისტორიების ინტერვიუების დროს მახსოვს გულის რევის შეგრძნება მქონდა. ქმარმა იმიტომ სცემა ცოლს, რომ მეზობელს მობილურზე დაარეკინა. პოლიციას საქმისადმი დიდი ყურადღება არ გამოუჩენია, თუმცა ვფიქრობდი, რომ მსგავსი ამბები მაშინ ხდებოდა, ვიდრე კანონი გამკაცრდებოდა.

ისტორია, რომელზეც ახლა გიამბობთ, ჩემს ძალიან ახლობელ ადამიანს ეხება.

„ვმუშაობ, გვიანობამდე ვარ სამსახურში. ერთი პირი სამსახურთან კი მხვდება სულ, მაგრამ ასე ძალიან ბევრი მამაკაცი დგას ხოლმე ე.წ. "ბირჟაზე" და ალბათ, ესეც მათგან ერთ-ერთია. არ ვიცნობ. ერთ დღეს საღამოს სამსახურიდან ვბრუნდებოდი. ვიგრძენი, რომ ჩემსუკან ეს კაცი მოდის. მომიახლოვდა, სპონტანურად ცოლობა მთხოვა. მკითხა- „ნუთუ შანსი არ მაქვს?"

გამეღიმა, გამიკვირდა, დავიბენი.. რა თქმა უნდა, უარით გავისტუმრე და თავაზიანად დავემშვიდობე. მერე, თითქოს გაქრა. ერთ საღამოსაც შუა ქუჩაში მომიახლოვდა და ყვირილი დამიწყო. - "ჩემსგარდა კიდე ვის სჭირდები?", "რომ დადიხარ და ატრიალებ შენ სხეულს ჩემსწინ", "ჩემგარდა სხვა არ გენახოს"( ბევრი უწმაწური სიტყვა გამოიყენა ჩემი მისამართით) ძალიან შემრცხვა,. ვიხედებოდი, ხალხი რას იფიქრებს. მერე მივარდებოდა სამსახურში, კარებზე ხელებს ურტყამდა, წერილებს მიტოვებდა და ისევ საშინელი სიტყვებით მლანძღავდა. ვის ვუთხრა? მცხვენოდა, რომ ამხელა ქალს ვინ დაუჯერებდა რომ ამ კაცთან საერთო არაფერი მაკავშირებს.

შიში რომ კვლავ სადმე ქუჩაში შემხვდება და თავს დამესხმება - გადაწყვეტილება მიმაღებინა სახლიდან მემუშავა, სამსახურში უკიდურეს შემთხვევაში მივდიოდი. ქუჩაში კი მხოლოდ ავტომობილით გადავადგილდებოდი.
ბოლოს, რამდენიმე კვირის წინ ჩემ სახლის ეზოში ღამის საათებში ჭურჭლის მსხვრევის ხმა გავიგე. ვიფიქრე, სადღაც რაღაც დაიმსხვრა. დილით გაღვიძებულს ეზოში დამსხვრეული თეფშები დამხვდა. შემთვევით მეზობლებთან გავარკვიეთ, რომ ეს ის პიროვნებაა, რომელიც ხშირად მოდის ჩემს სალთან ღამის საათებში და მაგინებს. მეზობელთანაც დატოვა ჭურჭლის კვალი, აი, იმის, ჩემს სახლამდე რომ ვერ მოაღწია.

რამნდენიმე დღეში უფრო ახლოს გავიგე ჭურჭლის მსხვრევის ხმა. გამოვარდი ეზოში და დავინახე მანქანასთან დამხვრეული თეფშები. აივანზე გავვარდი, დავინახე დიდი კაცის სილუეტი, რომელიც მიდიოდა და მიყვიროდა ამ ქალაქში ჩამოსული არ დაგინახო, და კვლავ უწმაწური სიტყვების კორიანტელი. დავუყვირე, რომ პოლიციას გამოვიძახებ. ის კი სახლს შორდებოდა და მაინც მემუქრებოდა. აი, აქ იწყება ყველაზე საინტერესო სამართალდაუცველობის სინდრომის შეგრძნება.

პოლიცია მალევე მოვიდა, ორი გამოუძინარი პოლიციელი. ნახეს ეზოში დამსხვრეული ჭურჭელი. მერე გაარკვიეს ვინც ჩაიდინა ეს ყველაფერი. დაგვიდასტურეს, რომ პრობლემატური პიროვნებაა და დაგვპირდნენ მას აუცილებლად ნახავდნენ. მეორე დილას, ეს ადამიანი ახლობლებმა დაიხანეს. სულ არ ემჩნეოდა, რომ მასთან პოლიცია იყო. იქიდან გამოდინარე, რომ ჩემგან ტელეფონის ნომერი და მისამართის გაგებას დაკითხვის დროს ცდილობდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს კაცი არავის უძებნია!

დაკითხვა იმის შემდეგ დაიწყო, რაც ორგანიზაცია "საფარში," ბაია პატარაიამ გადამამისამართა იურისტთან. გადასარევი პიროვნება, რომელიც დაუყოვნებლივ გადარეკა გამომძიებლებთან, ადამინის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში და ჩვენ უფლებებზე, პროცედურებზე კონსულტაცია ჩაგვიტარა. მხოლოდ ამის შემდეგ დამიბარეს დაკითვაზე. ქალი, პროკურორის დამხმარე მომიმაგრეს.

დაკითხვა გრძელი აღმოჩნდა. დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა. მერე პოლიციის თანამშრომელს ტექსტი მე დავურედაქტირე. მითხრეს, რომ შემაკავებელი ორდერი დღესვე იქნება გამოწერილი და ამ პიროვნებას დააკავებენ. პიროვნებას, რომელიც, როგორც მითხრეს, ქალის მოტაცების მცდელობაში იყო ეჭვმიტანილი, კრიმინალური წარსულით. მისი ამბავი კი პოლიციაში არაერთხელ დაფიქსირებულა.

იცით რა რჩევა მივიღე ერთ სამართალდამცველისგან? განაცხადეო, რომ საყვარლები იყავით და უცებ დავაკავებთ. ანუ ის, მე რომ ვამბობ ადამიანი ჩემთვის უცნობია არ სჯერათ. ტელფონის ნომერს დ მისამართს მეკითხებოდნენ. უკვე გაღიზიანებული ვპასუხობდი მათ კითხვებს რომ არ ვიცი! გაღიმებები და იქნებ მართლა უყვარს, ესეც გავატარე.. მერე ვფიქრობ, ასეთ სიტუაციაში აღმოჩენილი დავიბენი და ამ ყველაფერს ძალით ვუძლებ. წარმოიდგინეთ, რას გრძნობენ სხვა მარნეულში მცხოვრები ქალები, რომლებმაც საკუთარი უფლებები, სახელმწიფო ენა და ვის ან როგორ უნდა მომართონ არ იციან.

მეორე დღეს მოვიკითხეთ დააკავეს თუ არა? გვითხრეს, რომ ძებნაშია და სურათები ყველგან გაგზავნილია. ამ საუბრიდან რამდენიმე საათში ახლობელმა ეს პიროვნება ზუსტად სახლთან დაინახა, წყნარად იდგა „ბირჟაობდა“ მაღაზიასთან. გადავურეკეთ და ვუთხარით, ძებნილი ნაპოვნია, სახლთან დგას. გამოსავალი აღარ ჰქონდათ და დაგვირეკეს შეგვატყობინეს რომ დააკავეს. დააკავეს? არც ახლა ვიცით.. ისე დააკავეს როგორც ძებნილად გამოაცხადეს? ხო, რომ გადაწყვიტეს დაკავება, მე მსხვერპლს, მის სახლთან მისასვლელ გზას მეკითხებოდნენ.

ჰოდა, აქ ჩნდება კითხვა რატომ არ თვლიან პოლიციელები , რომ მსგავსი თემები მნიშვნელოვანია და სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს? როდის უნდა იყოს არა წვრილმანი ხულიგნობა? შეკითხვა რიტორიკულია და პასუხი მე თვითონ ვიცი. ალბათ მაშინ, როდესაც თეფშის ნაცვლად ბენზინს გადაასხავდა სახლს და ცეცხლს წაუკიდებდა? თუ როდესაც ერთ დღეს მე მაინც ქუჩაში დამინახავდა და დანას გამიყრიდა მუცელში?
ეს ხდება დღეს, როდესაც ჩვნ ვსაუბრობთ კანონის გამკაცრებაზე, როდესაც ვსაუბრობთ სამართალდამცველების გადამზადებაზე.

ეს ხდება დღეს და ჩემს, ყველას თვალწინ. მე ჩემი თავის რესპონდენტი ვარ. კიდე ვინ ჩავწრო, რომ გავიგოთ, რატომ გვაქვს ეს პრობლემა? რატომ არ მუშაობს კანონი? რატომ დაგვცინიან კაცი პოლიციელები? რატომ გგონიათ რომ ძროხის მოპარვის ფაქტი უფრო სერიოზული საქმეა ვიდრე ჩემი ცხოვრების გაუარესება, სახლიდან არ გასვლა, სირცხვილი.
მე ჩემ სათქმეს ბოლომდე მივიყვან! მე ვიცი, ვისთან დავრეკო! მე მაქვს საშუალება ახლა საზოგადოებას ამის შესახებ მოვუყვე. მაგრამ ახლა ვწერ და ვფიქრობ, ქალზე, რომელიც შესაძლოა უფრო უარესად გრძნობს თავს და არ იცის სად წავიდეს.. და რომ წავიდეს ასეთი და უფრო უარესი დახვედრა მოუწყონ?

წავიდეს დაუცველი და იმედგაცრუებული.. მერე გავიგებთ, რომ ქმარმა ცოლს ყელი გამოჭრა, სცემა, რადგან მეზობელს ტელეფონზე დაარეკინა, ფეხი ჰკრა,. რადგან საჭმელი უმარილო იყო. ქალი!

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები