ქალებს აქვთ უფლება გამოხატონ საკუთარი მოსაზრება - არზუ ოსმანოვას ხმამაღალი ფიქრი
როგორც სხვა თემებს ისევე ჩვენს თემსაც აქვს თავისი პრობლემები. ამ პრობლემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის სოფლებში სამოქალაქო განათლების დაბალი დონე, განსაკუთრებით ჩვენს თემში. ეს პრობლემა აერთიანებს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს, შესამჩნევია ქალების საზოგადოებაში დაბალი აქტიურობა და საერთოდ, მოსახლეობის პასიურობა არჩევნებში.

ამომრჩევლების პასიურობას, განსაკუთრებით კი, ქალების პასიურობას სხვადასხვა მიზეზები აქვს. ჯერ ერთი,ამომრჩევლებს ჰგონიათ, რომ მათ ერთ ხმას აზრი არა აქვს ანუ ერთი ხმის საშუალებით ვერაფერს შეცვლიან. მეორეც, ქალების ხმას კიდევ უფრო ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება. მაგალითად, თუ ოჯახში ოთხი სრულწლოვანი წევრია, ამ ოჯახიდან მონაწილეობას იღებენ მარტო მამაკაცები და ფიქრობენ, რომ ეს საკმარისია.
ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არჩევნებიდან სწორ შედეგებს ვერ იღებენ.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენი სოფლის ახალგაზრდებმა დავწერეთ პროექტი, რომელმაც გაიმარჯვა „ორბელიანი საქართველოს“ კონკურსში. პროექტის ფარგლებში, მარნეულის შუალედური არჩევნების წინ მაისში ორ სოფელში, მოლაოღლსა და ხულდარაში, მოსახლეობის გამოკითხვა ჩავატარეთ. სულ ასი ადამიანი გამოვიკითხეთ, 68 ქალი და 32 კაცი, უფრო მეტი რაოდენობის ქალი, რადგან პროექტი ქალების არჩევნებში მონაწილეობას ეხებოდა.
გამოკითხვებში გამოჩნდა, რომ მოსახლეობას ნაკლები ინფორმაცია აქვს არჩევნებზე, კანდიდატებზე, არც ენდობა არჩევნებს და არც აინტერესებს. მაგალითად, 46 პროცენტმა გვიპასუხა, რომ არ იცის რა სახის არჩევნები ტარდება, 42% ამბობს, რომ არ იცის, როდისაა არჩევნები, 72% არ იცნობს მერების საარჩევნო პროგრამას და 59% არ აპირებს არჩევნებზე წასვლას.

პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა გაგვახსენა , რომ ძალიან იშვიათი შემთხვევაა, თემის ქალების სახელმწიფო დაწსებულებებში მუშაობა, გარდა სკოლებისა.მაგალითად სადახლოში ადგილობრივ თვითმმართველობაში მხოლოდ ერთი ქალი მუშაობს.
ჩემი აზრით ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა უკავშირდება ამ სფეროში ინფორმირების გაძლიერებას. გამოკითხვის შედეგები გამოგვადგა, რომ ჩაგვეტარებინა საინფორმაციო კამპანია. სამი სოფლის ოთხ სკოლაში ჩავატარეთ საინფორმაციო შეხვედრები. ამ შეხვედრების სამიზნე ჯგუფი იყვნენ ახალგაზრდები, ზედაკლასის მოსწავლეები, რომლებსაც უახლოეს მომავალში ექნებათ ხმის მიცემის უფლება. მათ სლაიდების დახმარებით წარვუდგინეთ, ამ პროექტის ფარგლებში რა ღონისძიებებსაც ვახორციელებდით. ასევე პროექტის ფარგლებში ჩვენს მიერ გადაღებულ ვიდეორგოლი ვაჩვენეთ, სადაც ვსაუბრობთ, რა პროცედურებია საჭირო ხმის მისაცემად და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველამ, მათ შორის ქალებმა, მიიღონ მონაწილეობა. პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრები გრძელდებოდა დისკუსიის სახით.

იმედი გვაქვს, რომ აღნიშნულმა შეხვედრებმა ახალგაზრდების აზრი შეცვალა არჩევნების მიმართ.
რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არაა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ხშირად უნდა ჩავატაროთ სოფლის კრებები, შეხვედრები მოსახლეობასთან ამ პრობლემასთან დაკავშირებით და ყველამ უნდა იცოდეს, რომ თითოეულ ხმას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მათი მომავლისთვის.

ქალებსაც აქვთ თავისი აზრების გამოხატვის უფლება, ეს კი საშუალებას აძლევს მათ, რომ ინტეგრირდნენ საზოგადოებაში, იაქტიურონ და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოს ფარგლებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. ქალების საზოგადოებაში ნაკლები მონაწილეობა ამ საზოგადოების დიდი პრობლემაა.
ჩატარებულმა გამოკითხვებმაც და შეხვედრებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ქართული ენის არცოდნა, დაბალი სამოქალაქო თვითშეგნება და განათლების დაბალი დონე ხელს გვიშლის არამარტო აღნიშნული პრობლემის, არამედ მრავალი საზოგადოებრივი პრობლემის მოგვარებაში. ამიტომაც თემის ახალგაზრდებმა, რომლებსაც ხელში აქვს თემის მომავალი, უნდა მიიღონ განათლება. მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოყალიბდება ისეთი თემი, რომელიც ჩვენ გვსურს.

რადიო "მარნეული"
Print