სიახლე
კომენდანტის საათის დროს დაბადებული ბავშვები-აინურა ალიევას ხმამაღალი ფიქრი
კარანტინში დაბადებული ბავშვები აინურა ალიევა ჟურნალისტი და რადიო "მარნეულის" რედაქტორი კომენდანტის საათის დროს მეორედ გახდა დედა. როგორც გვიყვება სამწუხაროდ ტრადიციული და საზემო ვითარებაში გადაღებული ფოტო სამშობიაროსთან პატარას არ ექნება.  უსაფღტოხების დაცვის მიზნით მათ სამშობიაროს ტერიტორიის დატოვება სწრაფი წესით მოსთხოვეს.

აინურა ალიევას ბლოგი პლატფორმა "ფანჯარასთვის" დაწერა და აღწერა სამშობიაროში გატარებული დღეების შესახებ.

"112-ში დავრეკე და ისე მოვედი, რომ გზაში არ დავეჯარიმებინე. 11 საათი იყო და წესებს დავარღვევდი", - ამბობს მესამე საწოლის გოგო, რომელმაც მეორე ბიჭი გააჩინა.

"კი, კარგად მოქცეულხარ. რა იცი, რა ხდება, კომენდანტის საათია მაინც", - გაეპასუხა მეორე ახალშობილი ბიჭის დედა.

კლინიკა სავსეა ახალნამშობიარები დედებით და ახალი სიცოცხლეებით, პატარებით.

- მეორე ბალიში თუ შეგიძლიათ, მომცეთ? - ეუბნება ექთანს მარცხენა საწოლის გოგო, რომელიც გორიდან ჩამოვიდა და 13 წლის შემდეგ პატარა იოანე გააჩინა.

- მხოლოდ ერთი ცარიელი საწოლია, შვილო, და თუ ვინმე ახალნამშობიარები მოვიდა, უკან უნდა წავიღო ბალიში.

მთელი ღამე ბავშვების ხმა ისმის, ზოგი ტირის, ზოგს ჭამა უნდა. დედები დერეფანში ტრიალებენ. ვირუსის გამო, მამებს შეზღუდვები აქვთ დაწესებული, შვილებს მხოლოდ სახლში გაწერისას თუ ნახავენ. მანამდე კი, ყველა დედა ტელეფონზეა ჩამოკიდებული. ყველა ცდილობს, პატარა დისტანციურად მაინც გააცნოს მამას და ახლობლებს.

გარეთ სიბნელეა და სიჩუმე. თითქოს, ამხელა ქალაქში არავინ ცხოვრობდეს. მსოფლიოში, ასევე ჩვენს ქვეყანაში, დაძაბული სიტუაციაა.

ოთახში ტელევიზორიც არის.

- ჩართეთ, აბა ვნახოთ, ინფიცირებულთა რაოდენობამ თუ მოიმატა.

- არა რა, გთხოვ, ცუდ მოგონებებს მიღვიძებს და დავიღალე. ამ თემაზე სულ ვუსმენ ამბებს, აღარ ჩართოთ...

ასეთი საუბარი მიმდინარეობს დედებში.

აქ ისეთი თბილი პერსონალი მუშაობს, ყველა ცდილობს, თავისი ხუმრობებით სხვებს დაეხმაროს განწყობის ამაღლებაში.

ექთანი შემოდის, ახალშობილებს სმენა უნდა შეუმოწმოს.

ვახ, ყოჩაღ, ყველას რა კარგად ესმის, არანაირი პრობლემა არ არის. ალბათ ბავშვები არსებულ სიტუაციაზე და კარანტინის დროს დაბადებაზე ჭორაობდნენ, ამიტომ აქვს ყველას ასეთი კარგი სმენაო, - ექთანი ასე გვაცინებს ყველას, კარანტინის დედებს.

რამდენმა ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე ბოლო დროს. მიუხედავად ამისა, რამდენი იბადება და ახალი სიცოცხლე ევლინება ამ სამყაროს. ვერანაირი ვირუსი ვერ შეაჩერებს ამ რეალობას. ამ პატარებს ყველას თავისი ისტორია ექნება. ალბათ, როცა გაიზრდებიან, დედებისგან გაგებულ ისტორიებს მოუყვებიან სხვებს, თუ როგორი რთულ, სარისკო პერიოდში, გზებზე დაყენებული პოსტების და ჩუმი ქუჩების გავლით დაიბადნენ კარანტინის შვილები.

ოთახიდან ისე გიშვებენ, სხვებს ვერც დაემშვიდობები. მიმღებში უნდა გადაცვალო ტანსაცმელი, ბავშვს მოგაწვდიან და წახვალ.

"კარანტინის გამოცხადების დღეს მორიგე ვიყავი და ეეე საიდან მომიწია ფეხით მოსვლა... ამის მერე კარგად ვეღარ დავდივარ, ვერ გამოვკეთდი, შვილო. პასუხისმგებლობამ ასე იცის", - წუწუნით ამბობს ასაკოვანი ქალი და თეთრეულს უცვლის ახალ საწოლს, რომელიც ახალი დედის და პატარის შემოსვლას ელის...

ფოტო აღებულია ინტერნეტიდან
| Print |