"ჩემი განადგურებული ოცნებები" - ადრეულ ასაკში მოტაცებული გოგოს ხმამაღალი, მაგრამ ანონიმური ფიქრი


ტექსტი აღებულია  პლათფორმა ფანჯარას ფეისბუქ გვერდიდან /ავტორი: ანონიმი

"მე 16 წლის ვარ, მაგრამ უკვე ოცნებები განადგურებული მაქვს. სხვამ არავინ, ჩემმა ოჯახმა გაანადგურა ჩემი ცხოვრება!

ბავშვობაში მომავალზე ვოცნებობდი, მინდოდა, მალევე გავზრდილიყავი და ოცნებები ამეხდინა, მჯეროდა, რომ მომავალი ლამაზი, ბრწყინვალე იქნებოდა.

ძალიან მინდოდა განათლების მიღება, მაგრამ პირობების არქონის გამო ვერ შევძელი. როცა 11 წლისამ ოჯახის იძულებით დავტოვე სკოლა, მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრება გოგონების სურვილის მიხედვით ნამდვილად არ იგეგმებოდა.

როცა 14 წლის გავხდი, ოჯახმა გადაწყვიტა, დავენიშნე. ბევრნაირად შევეწინააღმდეგე, მაგრამ ამაოდ... მათ კარგად იცოდნენ, რომ ქმართან არ ვიცხოვრებდი, მაგრამ მაინც დამნიშნეს.

შემდეგ მომიტაცეს. ახლა უკვე, ოჯახი ბედნიერი იყო, რადგან მიზანი მიღწეული ჰქონდა. თავიანთი ვალდებულება შეასრულეს საზოგადოების წინაშე, - აბა ამას თუ ვერ შეძლებდნენ, ხალხი რას ეტყოდა?

უცხო ადამიანების დაკმაყოფილებისთვის, საკუთარი შვილის ცხოვრება გაანადგურეს!

ქმართან არ ვიცხოვრე, ვერ ვიცხოვრე, და რამდენად ძნელიც არ უნდა ყოფილიყო ეს, ოჯახში დავბრუნდი. ამით, ჩემმა ოჯახმა ჩემი ცხოვრება გაანადგურა, ჩემში მოკლა ლამაზი, ფაქიზი გოგო!

ხალხო, გაიგეთ ჩემი ხმა, მიეცით ნება თქვენს გოგონებს, მიიღონ განათლება! მიეცით ნება, ისწავლონ, თავიანთი პროფესია ჰქონდეთ! ნუ ანადგურებთ მათ ოცნებებს! ნება მიეცით, საკუთარ თავი აღმოაჩინონ! ძალით ნუ ათხოვებთ, ნუ უნგრევთ მათ ცხოვრებას!"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები