89-ე ადგილი პრესის თავისუფლებაში - მიმართეთ პრესცენტრს, მოგვწერეთ წერილი, ფოტოს მე ჩაგიგდებთ...
საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“-ს (RSF) მიერ გამოქვეყნებული პრესის თავისუფლების შეფასების მიხედვით, საქართველომ 2022 წელს 180 ქვეყანას შორის 89-ე ადგილი დაიკავა, 2021 წელს კი მე-60 ადგილზე იყო.

რატომ გაუარესდა საქართველოში მედიის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით? - ამ კითხვაზე პასუხი მრავალმხრივია, პოლარიზებული მედია გარემო, მთავრობის მიერ წახალისებული ძალადობა ჟურნალისტებზე, ჟურნალისტებზე ძალადობის დაგვიანებული და გამოუძიებელი საქმეები, სასამართლო დავები დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების მფლობელების წინააღმდეგ და ა.შ.

წინა წლებთან შედარებით...

ჩემი, მარნეულის მუნიციპალიტეტში მომუშავე პატარა სათემო რადიოს ჟურნალისტის ხედვა თუ რატომ ვართ 89-ე ადგილზე:

ფაშიზმზე გამარჯვება და ვენოკები...

9 მაისს, ტრადიცულად, მარნეულის მერიის წარმომადგენლები ულოცავენ ვეტერანებს, მონუმენტებთან ყვავილებს ალაგებენ და შესაძლოა სიტყვითაც კი გამოვიდნენ. ინფორმაცია, თუ რომელ საათზე გავიდოდა მერია მემორიალთან ჩვენ მას შემდეგ გავიგეთ, როცა შეხვედრა დასრულდა. დიახ, როცა შეხვედრა დასრულებული იყო! მიუხედავად ამისა, მარნეულის მერიისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან თავად გადაიღეს ფოტოები, თავად დაწერეს ტექსტი და შეუძლიათ მხოლოდ ეს მოგვაწოდონ. გვაწყობს ეს ჩვენ? - ჩემი პასუხია, არა!

ჩვენ გვინდოდა, მერიის მაღალჩინოსნებთან ერთად მივსულიყავით მემორიალებზე და გაგვეგო მათი დამოკიდებულება 9 მაისის, ფაშიზმზე გამარჯვებისა და რუსეთის მიერ განხორცილებული აგრესიის შესახებ. გასული კვირის პარასკევს, 6 მაისს, მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროს დავით ჭიკაძეს ვთხოვეთ ჩვენთვის გაეგებინებინა, თუ როდის გავიდოდა მერია მემორიალების მოსანახულებლად, ხოლო მისგან მივიღებ პასუხი, რომ შეხვედრის დეტალებს არკვევდა, ხოლო ფოტოების მოცემა თავადაც შეეძლო. დილიდან ვცდილობდი გამეგო თუ როდის გავიდოდნენ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები მემორიალებთან. დილის 10:12 საათიდან მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს ოთხჯერ დავურეკე, მაგრამ არც ერთ ზარზე არ გაუცია პასუხი. ორჯერ დავრეკეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სხვა თანამშორმელთანაც, მაგრამ ჩვენს ზარებს მანაც არ უპასუხა, ისევე როგორც მარნეულის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ. ზარს უპასუხა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან ურთიერთობისა და გენდერული განყოფილების უფროსიმა ია ესებუამ, რომელმაც გვითხრა, რომ მერიის წარმომადგენლები მემორიალის მოსანახულებლად უკვე გასულები იყვნენ, დამატებითი ინფორმაციისთვის კი მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებასთან გადაგვამისამართა, სადაც ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

პრესის თავისუფლების შეფასების მიხედვით, საქართველომ 2022 წელს 180 ქვეყანას შორის 89-ე ადგილი დაიკავა, 2021 წელს კი მე-60 ადგილზე იყო.

დღეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც მარნეულის მერიამ რადიო „მარნეულს“ ღონისძიების გამართვის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა. მერიას ჩვენთვის არ უცნობებია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის ვიზიტის შესახებ 4 მაისს, როდესაც მან მარნეულის ცენტრალური სტადიონის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა. ჩვენთვის არ უცნობებიათ მარნეულის მერიის მაღალჩინოსნებისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წამომადგენლების შეხვედრის შესახებ, რომელიც 27 აპრილს გაიმართა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რადიო ინფორმაციას არ აშუქებს მხოლოდ მერიის მიერ გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით, რადგან ჩვენს მსმენელსა და მკითხველს მხოლოდ დაინტერესებული მხარის, ამ შემთხვევაში მარნეულის მერიის, მიერ გავრცელებულ ინფორმაციაც ვერ გავუზიარებთ.

იმის გათვალიწინებით, რომ მერიამ დაგვიმალა ინფორმაცია მეორე მსოფლიო ომში დაღუპულების მემორიალის მონახულების შესახებ ალბათ არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ არაფერი უთქვამთ მარნეულში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შესახებ. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ მერია ვიზიტების შესახებ ინფორმაციას თითქმის ყოველთვის აწვდის მარნეულის ტელევიზიას, რომელსაც მერიის საქმიანობის გაშუქების ვალდებულება აქვს და ყოველწლიურად მისგან 100 000 ლარზე მეტს იღებს.

მერია ფულს უხდის ბევრ მედიას მათი საქმიანობის პოპულარიზაციისთვის. მაგრამ, ვისთვის ახდენს ამ პოპოულარიზაციას თუ ამ მედიებს ადგილობრივები არ კითხულობენ?

ამ დრომდე ვცდილობთ 2021 წლის 2 ოქტომბერს არჩეული მერის, კენან ომაროვის ჩაწერას. არაერთხელ მივმართეთ თხოვნით მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას, რათა ომაროვი ჩაგვეწერა, მაგრამ ჩვენი მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. თავად ომაროვი ჩვენს ზარებს არ პასუხობს, ხოლო როდესაც შესაძლებლობა გვაქვს პირადად შევხვდეთ, ის ჩვენს კითხვებს თავს არიდებს და ტრადიციულად აცხადებს, რომ გასაუბრებისთვის დრო არ აქვს.
ომაროვი ხშირად ჩნდება „მაესტროს“ ეთერებში. თუ საინფორმაციოს წამყვანმა აურია კითხვების რიგითობა ჩვენი მერი იბნევა. ეთერებიდან ჩნდება შთაბეჭდილება, რომ მას სხვანაირად ასწავლეს. რიგითობა დაცული უნდა იყოს, სხვანაირად პასუხის წაკითხვა კი რთულდება.

მოგვწერეთ წერილი... ეს ფრაზა რადიო „მარნეულს“ ბოლო 4 წელია ესმის. ელემენტარულ კითხვებზე პასუხები კი 10 დღეში, ზოგჯე 10 დღეზე მეტ დროშიც კი მოდის. პასუხი მოგვდის, მაგრამ შინაარსი კვლავ ბუნდოვანი რჩება, ხშირად პასუხი არასრულია და ჩანს რომ მერია კითხვების არიდებას ცდილობს.

საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 89-ე ადგილამდე ჩამოვიდა.

რჩება შთაბეჭდილება, რომ მერიის მაღალჩინოსნებს მათზე დაკისრებული მოვალეობა კარგად არ ესიმთ და არ იცნობენ მარნეულში მიმდინარე პროექტებს, რადგან თითქმის ყველა საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობა წერილობით მიმართვას გვთხოვს.

საბოლოო ჯამში, შემიძლია ვთქვა, რომ მარნეულის მერიის დამოკიდებულება მუშაობაში ხელს გვიშლის.
დემოკრატია პროცესია! თავისუფალი მედია კი ადამინის თავისუფლების და დემოკრატიის განვითარების მთავარი იარაღი!

რეპორტიორები ნამდვილად საზღვრების გარეშე უნდა იყვნენ! ამას კი ადამინის უფლებებზე ორიენტირებულმა სახელმწიფო უწყებებმა უნდა შეუწყონ ხელი.

მე ვარ მარნეულის მინიციპალიტეტის პატარა რედაქციის ჟურნალისტი. მე მიქმნიან საზღვრებს და სურთ მიკარნახონ როგორ ვიმუშაო. რა დავინახო, რაზე დავხუჭო თვალები...

მე ჩემი მაგალითიდან ვიცი თუ რატომ დაეშვა საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი!

პ.ს. ფოტო აღებულია მარნეულის მერიის ფეისბუქ გვერდიდან.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები