ელვინ ქარიმოვის ხმამაღალი ფიქრი
საქართველოში ბოლო წლებში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე 26
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა მიიღო გადამწყვეტი და ისტორიული
ხასიათი.ზოგიერთი ჯგუფისთვის კი აღნიშნული არჩევნები რეფერენდუმის
ტოლფასი იყო.
ჩვენ, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური
უმცირესობების წარმომადგენლები, როგორც ყველა გადამწყვეტ მომენტში, ამ
შემთხვევაშიც ვიდექით ისტორიის სწორ მხარეს და განვიხილავდით
არჩევნების ისტორიულ მნიშვნელობას. გადავწყვიტეთ, რომ სხვა
შემთხვევების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც ჩვენი წვლილი
შეგვეტანა
პროცესებში, რათა საკუთარ უფლებებზე გვეზრუნა. ამ მიზნით, ჩვენ,
ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოქალაქეებმა, დავაფუძნეთ პოლიტიკური
მოძრაობა „ახლაგაზრდები მომავალი ცვლილებებისთვის“.
არჩევნები საქართველოში გაყალბდა არნახული მასშტაბით
და შესაბამისად, მას არ მოჰყვა არც საერთაშორისო და არც შიდა აღიარება
და იგი სხვადასხვა სადამკვირვებლო მისიის მიერ შეფასდა, როგორც
კონსტიტუციის მნიშვნელოვანი პრინციპების დარღვევით ჩატარებული
არჩევნები. აქედან გამომდინარე, როგორც რიგითმა აქტივისტმა და
პოლიტიკური მოძრაობის წევრმა, მე არ ვაღიარე არც არჩევნების შედეგები
და არც თვითგამოცხადებული ხელისუფლება.
არჩევნების არაღიარების შემდეგ დაიწყო საპროტესტო აქციები, რომელშიც
აქტიურად ვიყავი ჩართული. 28 ნოემბერს კი თვითგამოცხადებულმა
ხელისუფლებამ სრულად გადაუხვია კონსტიტუციურ ჩარჩოებს და უარი თქვა
საქართველოს კონსტიტუციურ არჩევანზე, კერძოდ კი, განაცხადა, რომ 2028
წლამდე უარს ეტყოდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე.
აღნიშნული უკვე არ იყო მხოლოდ ჩვეულებრივი მომენტი და არც მხოლოდ
არჩევნების კონტექსტი. ეს უკვე იყო არსებობა-არარსებობის საკითხი,
რადგან ქუჩებში ქვეყნის ბედი წყდებოდა. შესაბამისად, მეც დავდგი იმ
ადგილას, სადაც იყო მთელი საქართველო და პირველივე დღიდან აქტიურად
ვიყავი ჩართული მიმდინარე საპროტესტო აქციებში.
ჩვენ წლებია ვსაუბრობთ ეთნიკური უმცირესობების
მიმართ არსებული სისტემური დისკრიმინაციისა და მის გამოვლინებებზე. 3
დეკემბერი, როცა საპროტესტო აქციების დროს მოხდა ჩემი დაკავება, კიდევ
ერთხელ ნათლად დავინახეთ, არსებული სისტემის დამოკიდებულება ჩვენს
მიმართ. იმ დღეს 20 წუთი ან ნახევარი საათი იქნებოდა, რაც რუსთაველის
მეტროსკენ მივდიოდით. უცებ არეულობა მოხდა. ერთი ადამიანი წაიქცა ჩემს
გვერდით, როცა დახმარებას ვცდილობდი, უკნიდან მომიჭირეს ხელი. უცბად
დამაკავეს. დაკავების მანქანაში გვარს მეკითხებოდნენ. ჩემი გვარი რომ
გაიგეს, მითხრეს:-„აქ რას აკეთებ, თათარო? წადი, ალიევს
შეეწინააღმდეგე, ალიევს მოსთხოვე შენი უფლებები. რას აკეთებ აქ, რატომ
აწყობ რევოლუციას?“. ვერც კი გავიგე იმ მომენტში ჩემი გვარი რატომ იყო
ასეთი მნიშვნელობის მატარებელი ან გადამწყვეტი. მეც ხომ რიგითი
საქართველოს მოქალაქე ვარ? მეც ხომ იმავე მიზნისთვის ვდგებოდი იქ,
სადაც მთელი საქართველო? მეც ხომ იგივე მოთხოვნებს ვაჟღერებდი, როგორც
დანარჩენები?
10-მდე სპეცრაზმი სასტიკად მცემდა. მოდი ახლა
გავარჩიოთ, რა იყო მიზეზი, ის, რომ უბრალოდ გვარი მქონდა ქარიმოვი თუ
სხვა? ყველა შემთხვევაში, სასტიკად გამისწორდნენ, მიუხედავად იმისა,
რომ არ გამიწევია არანაირი წინააღმდეგობა და არ ყოფილა რაიმე სახის
შეურაცხყოფა. ცემის დროს მომპარეს მანქანის გასაღები და ტელეფონი.
შეურაცყოფას მაყენებდნენ: -„აქ რა გინდა, წადი, აძოვე შენი საქონელი,
ან მიწას რატომ არ ამუშავებ?“. შეურაცყოფები და გინებები ერთი მეორეს
ანაცვლებდა.
სასამართლო კი ცალკე სპექტაკლი იყო. ვერც გავიგე,
მოსამართლე იყო მხარე თუ შსს. საბოლოოდ კი 8 დღით ადმინისტრაციული
პატიმრობა შემიფარდეს.
ეს იყო ძალიან მოკლე ისტორია, თუ როგორ ჩაიარა ჩემმა ბოლო ექვსმა
თვემ. ეს დავწერე იმისათვის, რომ ხაზი გამევსა იმ რეალობისთვის, რაც
ჩვენ, უმცირესობებს, გველის. ავტოქრატიული რეჟიმის პირობებში
საქართველოში მოქალაქეების ისედაც მინიმალიზებული უფლებრივი
მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. საბოლოოდ, ჩვენ ვიქნებით მხოლოდ
ადამიანიების არაღიარებული მასა ამ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე,
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე იდგეს იქ, სადაც
ვდგებით ჩვენ!
წყარო: "პლატფორმა სალამი"
საქართველოს მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის გზიდან
გადახვევის შემდეგ ქვეყანაში მასშატბური აქციები დაიწყო. აქციები
დღემდე გრძელდება. ელვინ ქარიმოვი ერთ-ერთი აქტივისტია, ვინც
მმართველი გუნდის ევრონინტეგრაციის გზიდან გადახვევას ეწინააღმდეგება
და აქტიურად ესწრება არაერთ საპროტესტო აქციას, სადაც უკანონ დააკავეს
და იძალადეს არაერთ მოქალაქეზე. ერთ-ერთი ელვინია, ვინცვ 8 დღის
განმავლობაში დაპატიმრებუილი იყო. დღემდე რჩებიან უკანონო პატიმრები
ციხეებში.