რა არის სასამართლო
ლიბერალური დემოკრატიის ძირითადი მახასიათებელი ხელისუფლების დანაწილების პრინციპია. ხელისუფლების დანაწილების პრინციპი გულისხმობს ხელისუფლების განაწილებას სამ შტოს შორის რომლებიცაა, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო.

ამ სამ შტოს შორის ხელისუფლების განაწილება ისეა განაწილებული, რომ მათ ერთმანეთის შემოწმებისა და დაბალანსების შესაძლებლობა აქვთ. ეს უფლებამოსილებები მიმართულია იმისკენ, რომ ხელისუფლების ძალა არ მოხვდეს ერთი რომელიმე შტოს ან მისი ხელმძღვანელის ხელში და არ მივიღოთ ერთპირვნული მმართველობა. სწორედ ასეთი ურთიერთბალანსი ქმნის შესაძლებლობას დემოკრატიული საზოგადოებისა და სახელმწიფოს არსებობისთვის.
სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოებისაგან და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები. მართლმსაჯულება არის სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმა და მას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით ახორციელებენ საერთო სასამართლოები.

სამოქალაქო სამართალწარმოება გულისხმობს კერძო პირებს შორის არსებული დავების გადაწყვეტას. ადმინისტრაციული სამართალწარმოება გულისხმობს კერძო პირებსა და სახელმწიფოს, ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის არსებული დავის გადაწყვეტას. რაც შეეხება სისხლის სამართალწარმოებას, ეს არის მართლმსაჯულების განხორციელება დანაშაულზე რეაგირების სახით.




სისხლ
ის სამართლის მართლმსაჯულება არის ყველაზე ძლიერი და რეპრესიული მექანიზმი სახელმწიფოს ხელში. სისხლის სამართლის მართლმსაჯულება უკავშირდება ადამიანის თავისუფლების აღკვეთას. თავისუფლების, რომელიც შეიძლება ითქვას ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული სიკეთეა ადამიანისთვის. ამიტომ, სისხლის სამართლის მიმართულებით საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა ადამიანების მნიშვნელოვან გარანტიებს მოიცავს.

სისხლის სამართლის საქმეების განხილვაში, ზოგიერთ შემთხვევაში, გამოიყენება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მეშვეობით მოქალაქეები თავად არიან ჩართულნი საქმის გადაწყვეტაში.

ნაფიცი მსაჯულთა სასამართლო შედგება 12 მსაჯულისგან. რომლების შესაბამისი პროცედურებით აირჩევიან ტერიტორიულობის პრინციპის მიხედვით. ანუ, შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებში, მაგალითად მარნეულში რეგისტრირებულ მცხოვრებთა შორის შემთხვევითი ამორჩევის გზით შეირჩევა გარკვეული რაოდენობის კანდიდატი ნაფიცი მსაჯულობის და ეგზავნებათ მათ შესაბამისი კითხვარი.

ნაფიც მსაჯული შესაძლოა ნებისმიერი პიროვნება გახდეს თუ ის გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ნაფიც მსაჯული აუცილებლად უნდა იყოს 18 წელს გადაცილებული, უნდა იცოდეს სასამართლოს პროცესის ენა, ცხოვრობდეს აღმოსავლეთ ან დასავლეთ საქართველოში და არ უნდა ჰქონდეს შეზღუდული ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს მის მიერ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებას.

ნაფიც მსაჯულებს სახელმწიფო უნაზღაურებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში არსებულ ნებისმიერ ხარჯს, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული მათ მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულებასთან. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულ პირს ნაფიც მსაჯულის ფუნქციების შესრულებისას სამუშაო ადგილი და ანაზღაურება უნარჩუნდება.

საქართველოს კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს პირდაპირ შეზღუდვებსაც, თუ რა შემთხვევაში არ შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს ნაფიცი მსაჯული. ამდაგვარი შეზღუდვა ეხებათ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, პროკურორებს, გამომძიებლებს, პოლიციელებს, ადვოკატებს, მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს, სასულიერო პირებს, აღნიშნული საქმის სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე პირებს, ბრალდებულს, პირებს, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სახდელი დაედო, და ამ ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წელზე ნაკლებია გასული და ნასამართლეობის მქონე მოქალაქეებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისო უფლების დაცვისათვის მიმართოს სასამართლოს, რათა სასამართლომ საქმე სამართლიანად და დროულად განიხილოს.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები