რა არის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი
მარნეულის მუნიციპალიტეტმა 2019 წლის სექტემბერში პრიორიტეტების დოკუმენტზე დაიწყო მუშაობა. 150-მდე მოხალისემ სპეციალურად შექმნილი კითხვარით იხელმძღვანელა და შემთხვევითობის პრინციპით, სოფლებში 2020, ხოლო ქალაქში 407 ადამიანი გამოკითხა. ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, უშუალოდ, ოჯახებში შესვლა და თითო ადამიანის გამოკითხვა წარმოადგენდა. მოსახლეობას 20-მდე საკითხიდან 3 პრიორიტეტული მიმართულების ამორჩევა შეეძლო.

მარნეულის მუნიციპალიტეტი, საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მიზნით აქტივობებს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებდა. ახსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის გამოკითხვა მარნეულში პირველად წელს ჩატარდა.

2019 წლის 28 ნოემბერს, მარნეულის მერიაში NDI-იმ მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გამართა. თვითმმართველობამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი და 2020-2023 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი წარადგინა.


რა არის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი - მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი არის თვითმმართველი ერთეულის განვითარების ძირითადი გეგმა, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების გეგმების შესახებ. დოკუმენტი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას როგორც გასულ პერიოდზე, ასევე მომდევნო 4 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელ ძირითად პრიორიტეტებისა და პროგრამებზე.

პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენა/განახლებას ძირითადად ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავებისას თვითმმართველობის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირებმა და შესაბამისმა სამსახურებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ, რათა დაიცვან შესაბამისობა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და შესაბამის რეგიონული განვითარების სტრატეგიას შორის. ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულში ყოველი შემდგომი წლის საბიუჯეტო პროცესი იწყება 1 მარტიდან, როდესაც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენა/განახლების სამუშაოების ორგანიზების შესახებ.

ამ მეთოდოლოგიით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფი ამზადებს პრიორიტეტების დოკუმენტის პირველად ვარიანტს, რომელსაც იწონებს მუნიციპალიტეტის მერი 15 აგვისტომდე. მუნიციპალიტეტის შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციები და მათში შემავალი სტრუქტურული ერთეულები იწყებენ მუშაობას საბიუჯეტო განაცხადზე პრიორიტეტის დოკუმენტის პირველადი ვარიანტის ფარგლებში მოწონებული ასიგნებების და რიცხოვნობის ზღვრული ოდენობის მიხედვით.

პრიორიტეტების დოკუმენტით განსაზღვრული პრიორიტეტული სფეროები და მათი დაფინანსების დინამიკა პირველ რიგში უნდა ეფუძნებოდეს მუნიციპალიტეტის საჭიროებებს, უნდა უზრუნველყოფდეს იმ პრობლემების მოგვარებას რაც დასტურდება ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციით. პრიორიტეტების დაფინანსების განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებები, რაც მოქმედი კანონმდებლობით გააჩნიათ მუნიციპალიტეტებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს პრიორიტეტების დოკუმენტის საშემოსავლო ნაწილის საპროგნოზო მაჩვენებლებზე, კერძოდ, აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ის ფინანსური რესურსები, რისი მობილიზების რეალური საშუალება არსებობს და არ მოხდეს ფინანსური რესურსის არარეალურ გათვლებზე საშუალოვადიანი მიზნებისა და ამოცანების დასახვა. ადგილობრივმა თვითმმართველობებმა პრიორიტეტების განსაზღვრისას ასევე მხედველობაში უნდა მიიღონ ქვეყნის საერთო პოლიტიკა, ცენტრალური ხელისუფლების დასახული პირორიტეტები, ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით განსაზღვრული საშუალოვადიანი მაჩვენებლები.





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google