მემკვიდრეობითი სამართალი

მემკვიდრეობის არსი - გარდაცვლილი პირის ქონება მემკვიდრეებზე გადადის ორი საფუძვლით: 1) კანონით მემკვიდრეობით. 2) ანდერძით.

შესაძლოა ასევე ერთად, ორივე საფუძვლით გადავიდეს, მაგ: როცა ანდერძით გათვალისწინებულია სამკვიდროს მხოლოდ ნაწილი, ხოლო მეორე ნაწილზე გავრცელდება კანონით მემკვიდრეობა. კანონით მემკვიდრეობით სამკვიდრო გადადის მხოლოდ მაშინ თუ: ა) არ არსებობს ანდერძი. ბ) ანდერძი სამკვიდროს მხოლოდ ნაწილს ფარავს. გ) ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად გამოცხადდა.

კანონით მემკვიდრეობა და მემკვიდრეთა რიგითობა
როგორც ზემოთ აღინიშნა, გარდაცვილი პირის – მამკვიდრებლის ქონება (მემკვიდრეობა) გადადის სხვა პირებზე – მემკვიდრეებზე. მემკვიდრეობის მემკვიდრეებზე გადასვლის ორი საფუძველი არსებობს: ა) კანონისმიერი საფუძველი. ბ) ანდერძისმიერი საფუძველი. თქვენ შეგიძლიათ, თქვენი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოთ ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ასე გარეშე პირებსაც. ანდერძის შესადგენად მემკვიდრის თანხმობა საჭირო არ არის. ანდერძის შედგენის შემდეგაც შეგიძლიათ შეცვალოთ ან გააუქმოთ ანდერძი თქვენი სურვილისამებრ. კანონით მემკვიდრეობა გულისხმობს მამკვიდრების ქონების გადასვლას მხოლოდ კანონში მითითებულ პირებზე. კანონით მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ- პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადნენ. ასეთ პირთა წრე და რიგითობა ამომწურავად არის განსაზღვრული კანონმდებლობით

რა არის კანონით მემკვიდრეთა რიგითობა?
არსებობს კანონით მემკვიდრეთა 5 რიგი. წინა რიგის ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობაც კი გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას:
მაგ: თუ მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისათვის ცოცხალია პირველი რიგის მემკვიდრე და იგი ღებულობს მემკვიდრეობას, მაშინ მეორე რიგის მემკვიდრეები ვერ მიიღებენ სამკვიდოს. ან თუ პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეები არ არსებობენ და არსებობს მესამე რიგის ერთი მემკვიდრე მაინც, მაშინ მეოთხე რიგის მემკვიდრე ვერ მიიღებს სამკვიდროს.
I რიგის მემკვიდრეები: შვილები (მათ შორის გარდაცვალების შემდგომ დაბადებული), მეუღლე, მშობლები.
II რიგის მემკვიდრეები: და-ძმა
III რიგის მემკვიდრეები: ბებია-პაპა
IV რიგის მემკვიდრეები: ბიძები, დეიდები და მამიდები
V რიგის მემკვიდრეები: ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი
ერთ რიგში შემავალ მემკვიდრეებს გააჩნიათ თანაბარი უფლება სამკვიდროს მიღებაზე.
მაგ: თუ პირი გარდაიცვალა და მემკვიდრეები არიან მისი ორი შვილი, ცოლი და დედა, მაშინ სამკვიდრო გაიყოფა 4 ნაწილად და შეხვდება ყველა მემკვიდრეს თანაბრად.
იმ შემთხვევაში თუ არც ერთი რიგის მემკვიდრე არ არსებობს, სამკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
სამკვიდროს მიღება კანონით ან ანდერძით მემკვიდრე, რომელსაც ეკუთვნის სამკვიდრო ან მისი ნაწილი, უფლებამოსილია მიიღოს სამკვიდრო 6 თვის განმავლობაში, სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.

სავალდებულო წილი
მამკვიდრებლის ანუ გარდაცვლილი პირის შვილებს, მშობლებს და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, მიუხედავათ იმისა, გაითვალისწინა თუ არა მოანდერძემ ისინი ანდერძში. სავალდებულო წილი შეადგენს იმ წილის ნახევარს, რასაც თითოეული კანონით მემკვიდრეობის დროს მიიღებდა. სავალდებულო წილის განსაზღვრის დროს თავდაპირველად უნდა გავარკვიოთ, თუ რამდენი მემკვიდრეა სავალდებულო წილის მიმღები. შემდეგ უნდა განვსაზღვროთ მთელი სამკვიდროს ღირებულება. ამის შემდეგ მიღებული ქონების ღირებულება უნდა გავყოთ იმ მემკვიდრეებზე, რომლებსაც სავალდებულო წილის მიღების უფლება აქვთ. (შვილი, მეუღლე, მშობელი). მიღებული ქონების ღირებულების ნახევარი არის სავალდებულო წილი.

პროექტი დაფინანსებულია დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს მიერ. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თვალსაზრისს.


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google