ვინ არის ადვოკატი - დაცვის უფლება
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით დაცვის უფლება გარანტირებულია. დაცვის უფლება არის მნიშვნელოვანი კომპონენტი სამართლიანი სასამართლოს უფლებისა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აქვს გაკეთებული მნიშვნელოვანი განმარტებები დაცვის უფლების შინაარსა და მის მნიშვნელობაზე.
„დაცვის უფლების არსი იმაში მდგომარეობს, რომ პირს, რომლის მიმართაც გარკვეული პროცესუალური ზომები ტარდება, უნდა გააჩნდეს შესაბამის პროცედურასა და მის შედეგზე ეფექტური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა“. პირს უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის დასაცავად პოზიციის პირადად გამოხატვის ან/და დამცველით უზრუნველყოფის უფლება.
შესაბამისად დაცვის უფლება ორ მიმართულებით შეგვიძლია განვიხილოთ. ერთი ეს არის ჩვენი თავის დაცვის უფლება და ამისთვის ეფექტური მექანიზმების არსებობის ვალდებულება და მეორე, უფლება გვყავდეს დამცველი/ადვოკატი.
დამცველის/ადვოკატის ინსტიტუტის ხარისხიანი მართლსაჯულების ერთ-ერთი შემადგენელია. ამიტომ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ვეცადოთ და განსაკუთრებით სახელმწიფოსთან დაპირისპირების ან შემხებლობის დროს ვისარგებლოთ ადვოკატის მომსახურებით, რომელიც შეძლებს ჩვენი უფლებების პროფესიულად დაცვას.

ვინ შეიძლება იყოს ადვოკატი
ადვოკატად გახდომისა და პროფესიული საქმიანობის საკითხებს არეგულირებს ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონი. ადვოკატი შეიძლება იყოს
• საქართველოს მოქალაქე;
• უმაღლესი იურიდიული განათლებით
• ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

ადვოკატის საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. ადვოკატის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საქმეებშია. ეს რა თქმა უნდა არ აკნინებს ადვოკატის როლს სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული საქმეებში. თუმცა, სისხლის სამართლის საქმის წარმოება პირდაპირ უკავშირდება ადამიანის თავისუფლებას. სამართლის ამ დარგში ადვოკატის მნიშვნელოვან როლზე მიუთითებს ისიც, რომ განსხვავებით სამართლის სხვა დარგებისგან, სადაც სასამართლოს პირველ ინსტანციაში შეგვიძლია წარმომადგენლებად გვყავდეს ნებისმიერი პირი, სისხლის სამართლის საქმეებზე მხოლოდ სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატი შეიძლება იცავდეს ბრალდებულის ინტერესებს.
ადვოკატი სისხლის სამართლის პროცესში
ადვოკატს სისხლის სამართლის პროცესში მნიშვნელოვანი როლი უკავია. ამიტომ, მნიშვნელოვანია ყველას ქონდეს ინფორმაცია საკუთარი უფლებებისა და ადვოკატის მონაწილეობაზე მისი უფლებების დაცვის პროცესში.
ნებისმიერ ჩვენგანს შესაძლოა მოუხდეს სამართალდამცავ ორგანოებში ამა თუ იმ დანაშაულზე ინფორმაციის მიწოდება გამოკითხვის ფარგლებში. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს უფლება გამოკითხვას ადვოკატი ესწრებოდეს და ამ მოთხოვნაზე სამართალდამცავებს არ აქვთ უფლება თქვან უარი.
ადვოკატი ასევე შეიძლება დაესწროს მოწმის დაკითხვას სასამართლოში. ადვოკატის თანდასწრებით ჩვენების მიცემა არის გარანტია სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლისგან, ჩვენების მიცემის იძულებისა და ჩვენი უფლებების დარღვევის თავიდან აცილებისგან.
ხშირია ხოლმე შემთხვევა, როდესაც სამართალდამცავები არ ატყობინებენ გამოკითხვაზე მისულ პირს, რომ მას აქვს ადვოკატის ყოლის უფლება. ამიტომ, ყოველთვის უკეთესია სამართალდამცავ სტრუქტურებთან ურთიერთობის დროს თქვენ წარმოდგენილი იყოთ ადვოკატით, ეს ძალიან ბევრ რისკს დააზღვევს.
მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია უფლება ჩვენება არ მივცეთ ჩვენი ან/და ჩვენი ახლო ნათესავის წინააღმდეგ. და ის თუ რა ითვლება ასეთ ჩვენებად, ხშირად რთულია რიგითმა მოქალაქემ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასოს. ამიტომ, პროფესიონალი ადვოკატის ყოლის შემთხვევაში, ის შეძლებს ასეთი კითხვების იდენტიფიცირებისა და სამართალდამცავთათვის იმის მითითებას, რომ კონკრეტულ კითხვებზე არ გავცეთ პასუხი და საფრთხე არ შევუქმნათ ჩვენს თავს ან ჩვენს ახლოს ნათესავებს.
რაც შეეხება, ბრალდებულის უფლებას ჰყავდეს ადვოკატი.
ერთ-ერთი პირველი, რისი უფლებაც წარმოეშვება ბრალდებულს/დაკავებულს, ეს არის ადვოკატის ყოლის უფლება. სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, რომ დაკავებულს/ბრალდებულს დაკავებისთანავე და შემდგომ ყოველი დაკითხვის წინ აცნობონ რომ მას აქვს უფლება ადვოკატზე.
ადვოკატის ყოლის უფლება მოიცავს, როგოც მისი ყოლის ასევე ადვოკატის არჩევისა და მისი ნებისმიერ დროს შეცვლის უფლებას.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ბრალდებულის ურთიერთობა ადვოკატთან არის კონფიდენციალური. ხშირად მოქალაქეები, და განსაკუთრებით სისხლის სამართლის საქმეებზე, თავს იკავებენ ადვოკატთან სრული სიმართლის თქმაზე, რაც შემდგომ აზიანებს ხოლმე საქმის სწორად წარმართვასა და მის წარმატებას.
ადვოკატთან ბრალდებულის ურთიერთობის კონფიდენციალურობა გულისხმობს, რომ დაუშვებელია მათ კომუნიკაციაზე რაიმე კონტროლი გარდა ვიზუალურისა. ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ, რომ ადვოკატთან ჩვენს საუბარს არ ესწრებოდეს არავინ, მათ შორის არაც სამართალდამცავი. ასეთის არრსებობის შემთხვევაში კი, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაირღვა ჩვენი დაცვის უფლება.
კონფიდენციალურობა ასევე გულისხმობს, რომ ადვოკატს ვერ აიძულებენ გაამხილოს ჩვენს მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაცია რადგან ეს კანონით პირდაპირ აკრძალულია და მას აქვს უფლება თქვას უარი ჩვენს კომუნიკაციის შესახებ მათ შორის ჩვენების მიცემაზე.
უნდა ვიცოდეთ, რომ ადვოკატის არჩევა სრულად არის დამოკიდებული ჩვენს სურვილზე და ნებაზე. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ სამართალდამცავებს არ აქვთ უფლება რეკომენდაცია გაუწიონ რომელიმე ადვოკატს და გვირჩიონ ავიყვანოთ ესა თუ ის ადვოკატი. ეს ბევრი ფაქტორით არის განპირობებული.
მსმენელისთვის საინტერესო იქნება, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს შესაძლებლობა საადვოკატო მომსახურება სახელმწიფოს ხარჯზე განხორციელდეს. ამ მომსახურებას ახორციელებს იურიდიული დახმარების სამსახური. რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს ოფისები და ჰყავს ადვოკატები, რომელთა მომსახურებას ანაზღაურებს სახელმწიფო.
სახელმწიფო ხარჯზე დაცვა სისხლის სამართლის საქმეებში ორ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. პირველი, ეს არის სავალდებულო დაცვის შემთხვევა და მეორე, ეს არის როდესაც გადახდისუუნარო ბრალდებული მოითხოვს ადვოკატის დანიშვნას.
სავალდებულო დაცვის შემთხვევები კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. მაგალითად, თუ ბრალდებული:
• არის არასრულწლოვანი;
• არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;
• თუ აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარეობა, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას;
• თუ ქმედება ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას;
• თუ ბრალდებულთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთნხმებაზე;
• თუ საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო; და სხვა.

გარდა სისხლის სამართლის საქმეებისა, უნდა ვიცოდეთ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ადვოკატის როლი სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოებისას.
განსხვავებით სისხლის სამართლის საქმეებისაგან, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე პირველ ინსტანციაში შესაძლებელია ჩვენი უფლებები და ინტერესები დაიცვას ნებისმიერმა პირმა, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ადვოკატის კვალიფიკაცია.
თუმცა, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში ამ კატეგორიის საქმეებშიც წარმომადგენელი მხოლოდ ადვოკატი შეიძლება იყოს.
დღეს არსებული მდგომარეობით იურიდიული დახმარების სამსახური უკვე ახორციელებს იურიდიულ დახმარებას სახელმწიფოს ხარჯზე მათ შორის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზეც.
ამ შემთხვევაშიც აუცილებელი წინაპირობაა პირი იყოს გადახდისუუნარო და ამასთანავე, საქმეს უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა და სირთულე, რომ იურიდიულმა სამსახურმა გადაწყვიტოს მისი წარმოება. თუმცა, იურიდიული დახმარების სამსახურში კონსულტაცია და სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება გადახდისუუნარო პირებისთვის უფასოა.
ასევე, იურიდიული დახმარების სამსახურში მოსახლეობას შეუძლია მიიღოს უფასო იურიდიული დახმარება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე.

იურიდიული დახმარების კუთხით ასევე მნიშვნელოვანი რესურსია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ ორგანიზაციებს აქვთ თემატური იურიდიული მომსახურება, რომლის მიღებაც მოსახლეობას ასევე უფასოდ შეუძლია.

უფლებების დაცვის საკითხი ადვოკატთან ურთიერთობისას
ადვოკატის მომსახურების საკითხი მნიშვნელოვანია დადასტურდეს წერილობითი შეთანხმებით. წერილობითი შეთანხმება/ხელშეკრულება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ შემდგომ თავიდან იქნეს არიდებული გაუგებრობები. ამ ხელშეკრულებით კლიენტი იღებს ვალდებულებას რომ გადაიხდის შეთანხმებულ თანხას. ხოლო, ადვოკატი იღებს ვალდებულებას, რომ შეასრულებს მის ფუქნციებს და აწარმოებს კვალიფიციურ დაცვას.
ხშირად, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც კლიენტი უკმაყოფილიოა ადვოკატის მომსახურებით. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია, რომ ადვოკატის აყვანისთანავე ზუსტად შეტანხმდეთ მომსხურების პირობებზე შემდგომი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად.
გარდა შეთახნებისა, არსებობს კიდევ რამდენიმე გზა ადვოკატის ბრალეული ქმედებით მოყენებული ზიანის ანაზღაურებისა და უფლებების დაცვის კუთხით.
ეს არის ეთიკის კომისია, ადვოკატთა ასოციაციაში. სადაც ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევაში ან აშკარად არაკვალიფიციური დაცვის განხორციელების შემთხვევაში კლიენტს აქვს უფლება საჩივარი შეიტანოს ეთიკის კომისიაში და მოითხოვოს ადვოკატისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. მათ შორის, ასეთი პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს ადვოკატის ლიცენზიის შეჩერება უხეში დარღვევის დადგენის შემთხვევაში.

კიდევ ერთი გზა უფლების დაცვისთვის არის სასამართლო. თუ ადვოკატი დაარღვევს შეთანხმების პირობებს, კლიენტს აქვს უფლება სასამართლო წესით იდავოს და გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე.

პროექტი დაფინანსებულია დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს მიერ. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თვალსაზრისს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google