ფორსმაჟორის გავლენა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს ფორსმაჟორის ცნებას, თუმცა, სამოქალაქო კოდექსში თავმოყრილი დანაწესები და ქართული სასამართლო პრაქტიკა იძლევა საშუალებას, ჩამოვაყალიბოთ ფორსმაჟორის ერთგვარი განმარტება.

ფორსმაჟორთან დაკავშირებით ხელშეკრულებაში შესაბამისი ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაში, სასამართლო კონკრეტულ გარემოებას ფორსმაჟორულად მიიჩნევს, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ წინაპირობებს:

• გარემოება წარმოშობილია მხარეთა ნებისგან დამოუკიდებლად;
• მისი გათვალისწინება მხარეებს არ შეეძლოთ ხელშეკრულების დადებისას;
• გარემოება არის მხარის კონტროლის სფეროს მიღმა;
• გარემოება შეუძლებელს ხდის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.
გარემოების ფორსმაჟორად მიჩნევის საკითხის გადაწყვეტა დავის არსებობისას წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას.


რა სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოჰყვეს კონკრეტული გარემოებების ფორსმაჟორულად მიჩნევას?

მაგალითად, COVID-19-ით განპირობებული გარემოებების ფორსმაჟორულად მიჩნევის შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობები შეიძლება რამდენიმე სცენარით განვითარდეს:

• შეუძლებელია ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, თუმცა, მხარეებს (მაგალითად, კრედიტორს) შესრულების მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს - ასეთ შემთხვევაში, მხარე თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისგან ფორსმაჟორული გარემოების არსებობის ვადით, ხოლო მისი აღმოფხვრის შემდეგ მოუწევს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. დაუძლეველი ძალით განპირობებული ვალდებულების შეუსრულებლობა შეიძლება წარმოადგენდეს სახელშეკრულებო სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი მეორადი ვალდებულებისგან (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს/ჯარიმის დაკისრება) გათავისუფლების წინაპირობას

• შეუძლებელია ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, და, მაგალითად, კრედიტორი კარგავს ინტერესს სამომავლო შესრულების მიმართ - მხარეებს უფლება აქვთ, უარი თქვან ხელშეკრულებაზე. ასეთ შემთხვევაში, გამოირიცხება მოვალის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

• მხარეთა მიერ ხელშეკრულების გაგრძელების ინტერესის არსებობისას ხელშეკრულების პირობების მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან - როდესაც მხარეებს აქვთ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მიმართ ინტერესი, თუმცა, ვერ ხერხდება პირვანდელი სახით მათი შესრულება, შესაძლოა, მოხდეს პირობების შეცვლა
.

იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ თანხმდებიან შეცვლილ გარემოებებთან ხელშეკრულების მისადაგების პირობებზე, შესაძლებელია, მხარემ უარი თქვას სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებაზე.

თუ რა გავლენას ახდენს ფორსმაჟორის სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე, მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ გაიგოთ ჩვენი გადაცემის მეშვეობით 



რადიო "მარნეული"

პროექტი დაფინანსებულია დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს მიერ. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თვალსაზრისს.





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები