სახელმწიფო დახმარება ეკონომიკური და სოციალური საჭიროებებისათვის
საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც უცხოელი დონორებისა და პარტნიორებისგან მიღებული 3,5 მილიარდი ლარის ეკონომიკურ და სოციალურ საჭიროებებზე გადანაწილებას ისახავს მიზნად. ეკონომიკისა და მეწარმეობის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდ 110 მილიონი ლარის გამოყოფა დაანონსდა, რომელიც განაწილდება მოქმედი კერძო სექტორის მხარდაჭერაზე, სოფლის მეურნეობის ეფექტიანობის გაზრდასა და ადგილობრივი წარმოების წახალისებაზე.

მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს, ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, 1 მილიარდ 35 მილიონი ლარი მოხმარდება. გეგმის სოციალური ნაწილი მოიცავს კორონავირუსის კრიზისის პირობებში დაზარალებული იმ ადამიანების და შინამეურნეობების საჭიროებებს, რომლებიც:

  • წარმოადგენდნენ დაქირავებით დასაქმებულებს და კრიზისის პერიოდში დაკარგეს სამსახური ან არიან უხელფასო შვებულებაში

კორონავირუსის პანდემიის შედეგად ბევრი საწარმო იძულებული გახდა შეემცირებინა თანამშრომელთა რაოდენობა ან გაეშვა თანამშრომელი უხელფასო შვებულებაში. ორივე შემთხვევაში მოქალაქეები ვეღარ იღებენ ყოველთვიურ ხელფასს. აღნიშნული პირების დასახმარებლად დაწესდა 1200 ლარიანი კომპენსაცია, რომლის გაცემა განხორციელდება მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით. კომპენსაციის მიღება შეეძლებათ იმ დაქირავებულებს, რომლებიც 2020 წლის პირველ სამ თვეში (იანვარი, თებერვალი, მარტი) ერთხელ მაინც აქვთ აღებული ხელფასი და ამის შესახებ მის დამქირავებელს საგადასახადო დეკლარაციასთან ერთად, შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ პირზე გაიცა ხელფასი. დაქირავებულზე კომპენსაციის გაცემა ხდება საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით.
  • წარმოადგენდნენ არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ ან თვითდასაქმებულ პირებს და შეუწყდათ შემოსავალი.
თვითდასაქმებულად ითვლება ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც ეწეოდა რაიმე ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდა შემოსავალს, გარდა დაქირავებით დასაქმებულისა. თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მოცულობა განსაზღვრულია 300 ლარის ოდენობით. კომპენსაციის მისაღებად აუცილებელია დასტურდებოდეს, რომ ეს პირი 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდა შემოსავალი.

ვინ შეიძლება მოხვდეს არარეგისტრირებული თვითდასაქმებულების კატეგორიაში და რა დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს?



ბაზრობის დახლზე მოვაჭრე პირი, რომელიც არ არის რეგისტრირებული მეწარმედ და რომლის შესახებაც ბაზრობის ორგანიზატორს ინფორმაცია არ აქვს წარდგენილი შემოსავლების სამსახურში. აღნიშნულმა პირმა ეკონომიკური აქტივობის/შემოსავლის წყაროს დასადასტურებლად უნდა წარადგინოს ბაზრობის ორგანიზატორის მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ აღნიშნული პირი 2020 წლის პირველ კვარტალში ვაჭრობდა მისი ბაზრობის ტერიტორიაზე და იხდიდა შესაბამის ქირას/იჯარას;


თვითდასაქმებულებს წარმოადგენენ ის მოქალაქეებიც, რომლებსაც მგზავრები ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორეში გადაყავდა, მაგრამ არ გააჩნია კონტრაქტი რომელიმე კომპანიასთან. ასევე, პირი, რომელიც დღიურად აქირავებდა კუთვნილ საცხოვრებელ ფართებს ბინების გაქირავების ელექტრონული პორტალების მეშვეობით, პირი, რომელიც ამზადებდა სუვენირებს და აბარებდა სუვენირების მაღაზიას, ან პირი რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტს აბარებდა საცხობს/რესტორანს, პირი, რომელიც მუშაობს ძიძად, ხელოსნად, დამლაგებლად ან სხვა მსგავსი ტიპს სამუშაოზე და ა.შ.

ამას გარდა, ერთჯერადი სასურსათო დახმარება გადაეცემათ მარნეულელებსაც რაზეც 30 მარტს მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა რადიო "მარნეულთან" ისაუბრა. 

„ჩვენ ვეხმარებით მარტოხელა მოხუცებს, ვისაც არააქვს შესაძლებლობა რომ გავიდნენ სახლებიდან არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩვენ ვეხმარებით მოქალაქეებს, რომელთა სოციალურად დაუცველის სტატუსი გაუქმებულია და არსებულ ვითარებაში რთულ სიტუაციაში არიან. ჩვენ ვეხმარებით იმ ხალხს, ვინც არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე დაკარგა სამსახური და მცირე, ყოველდღიური შემოსავალი ჰქონდა. ჩვენ ვეხმარებით იმ ხალხს, ვინც იძულებით კარანტინში ან თვითიზოლაციაში იმყოფება და დღემდე, უკვე 1 345-მა ოჯახმა მიიღო აღნიშნული დახმარება“, - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა.


რადიო "მარნეული" 

პროექტი დაფინანსებულია დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს მიერ. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თვალსაზრისს.
Print