კორონავირუსმა სოფელი ხიხანი მშიერი დატოვა
ახალი კორონაირუსის გამო ჩაკეტილ მარნეულში ხალხის სოციალური პირობები კიდევ უფრო დამძიმდა. მას შემდეგ, რაც ყველაფერი დაიკეტა და ბაზარიც კი დაცარიელდა, სოფლის მოსახლეობას აღარც დღიურ სამუშაოზე და გასამრჯელოზე მიუწვდება ხელი.

28 წლის ნათია ბერიძე მარტოხელა დედაა. შვილთან ერთად სოფელ ხიხანში ცხოვრობს. თვიდან-თვემდე თავი მხოლოდ სოციალური დახმარებით გააქვს. კორონავირუსის გამო, მარნეულის ჩაკეტვამდეც ძალიან გაუჭირდათ, ახლა კი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

„სამი თვეა ყელი მტკივა, მაგრამ ექიმთანაც ვერ მივედი, უფულობის გამო. 8 წლის შვილი მყავს და ძალიან გაჭირვებულად ვცხოვრობ. არც მედიკამენტები მაქვს და არც საკვები პროდუქტი. ვერ ვიყიდე, ფული არ მქონდა“.

ნათია და მისი მცირეწლოვანი შვილი მარნეულის მერიის სოციალურ პროგრამაში ჯერ ვერ მოხვდნენ. მუნიციპალიტეტმა მოწყვლადი ჯგუფის 100 ოჯახს სხვადასხვა სახის სურსათი დაურიგა. თვითმმართველობის წარმომადგენლები სოფელ ხიხანშიც იყვნენ, თუმცა ადგილობრივების თქმით, კალათა მხოლოდ ოთხ ოჯახს ერგო.

„მეც მოხალისე ვარ ამ პროგრამაში და მერიას ვეხმარები. ხიხანში სურსათი მხოლოდ ოთხ ოჯახს გადასცეს, რაც ძალიან ცოტაა. დღეისთვის სოფელში ძალიან ცუდი მდგომარეობაა, რადგან სოფელში ერთადერთი მაღაზია იყო, სადაც პროდუქტს ვყიდულობდით, გამყიდველი კი, გზების ჩაკეტვის გამო, მარაგს ვეღარ აგროვებს. ეს მაღაზია ჩვენი მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობას პროდუქტის აღება ნისიად შეუძლია“, - ყვება ნანა გაბაიძე

ხიხანში მოსახლეობას პრობლემად ექცა მედიკამენტების შეძენაც. სოციალური სიდუხჭირის გამო, ყველა საჭირო წამალს ვერც კარანტინამდე ყიდულობდნენ, მაგრამ ახლა, როდესაც მარნეული ჩაკეტილია და დღიური სამუშაოც აღარ არსებობს, მოსახლეობას არათუ მედიკამენტების, პურის ფული გაუჭირდა.

„რამდენიმე ხნის წინ სოფელში აქცია ჩავატარე, სოციალურად დაუცველებს ტანსაცმელი დავურიგეთ და მაშინ ხიხანში 28 სოციალურად დაუცველი ოჯახი იყო. ამ ოჯახების უმეტესობას შემოსავალი საერთოდ არ აქვს და მათთვის ამ პირობებში თავის გატანა და ვირუსისაგან თავდაცვა, შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელია. პირველ რიგში, ჩემი აზრით, მერიამ ვირუსისაგან თავის დასაცავად ნიღბები და სადეზინფექციო ხსნარები უნდა დაარიგოს, რაღა თქმა უნდა, პირველადი მოხმარების პროდუქტებთან ერთად“, - ამბობს ნანა გაბაიძე

მერიის წარმომადგენლებმა ნანას სოფელში მცხოვრები იმ პირების სიის შედგენა სთხოვეს, ვისაც პირველად მოხმარების პროდუქტი და ვირუსისაგან თავდაცვის საშუალებები ახლა ყველაზე მეტად სჭირდება.

მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მარიამ ხაჩიძე რადიო "მარნეულთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მერია პირველ ეტაპზე იმ მარტოხელა ადამიანებს დაეხმარა, ვისაც გადაადგილება უჭირს. რაც შეეხება მარტოხელა და სოციალურად დაუცველ დედას, ხაჩიძემ მისი საკონტაქტო მონაცემები გვთხოვა, რათა შესაბამისმა სამსახურმა მისი საჭიროება დეტალურად შეისწავლოს და გადაწყვეტილება მიიღოს. დაეხმარება თუ არა სოციალურდა დაუცველ ოჯახებს სასურსათო კალათით მარნეულის მერია, ჯერ უცნობია.

24 მარტს ადგილობრივი თვითმმართველობა პირველადი მოხმარების პროდუქტით 100 ოჯახს დაეხმარა. რადიო „მარნეულმა“ მერიიდან ვერ მიიღო პასუხი, რა სახსრებიდან და რა თანხა გამოიყო სურსათის შესაძენად.

მარნეული და ბოლნისი მკაცრი კარანტინის რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა აკრძალულია. გასასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო.

რადიო „მარნეული“

| Print |