„ამ ეტაპზე, დაახლოებით 25 კონტაქტია დადგენილი“ - ზაურ დარგალი კორონავირუსით დაავადებულ მარნეულელზე
მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალის" კლინიკაში დღეს, 6 აპრილს, კიდევ ერთ მარნეულელს დაუდგინდა ახალი კორონავირუსი.
რაც შეეხება დაინფიცირებულის კონტაქტებს, ამ თემაზე მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე, დაახლოებით 25 კონტაქტი უკვე დადგენილია და მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ეს პროცესი აქტიურად გრძელდება. ქალბატონს მჭიდრო კავშირი ჰქონდა აზერბაიჯანთან, ბოლოს 13 მარტს იმყოფებოდა იქ“, - თქვა ზაურ დარგალმა

ზაურ დარგალის ინმფორმაციით, ქალი, რომელსაც covid-19 დაუდგინდა სახლში , დაახლოებით 10 დღე იყო თვითიზოლაციაში და კომუნიკაციის ფართო მასშტაბი არ ჰქონია. მერმა აღნიშნა, რომ მარნეულში თერმოსკრინინგის მეორე ეტაპიც იწყება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რადიო „მარნეულმა“ არაერთხელ სცადა ზააურ დარგალთან დაკავშირება, რათა ინფიცირებული ქალის შესახებ მეტი დეტალები შეგვეტყო, თუმცა მთელი დღის განმავლობაში ჩვენს ზარებს არ პასუხობდა. რის გამოც, „მაესტროს“ ეთერიდან მოგვიწია მისი კომენტარის აღება.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ თქვა, რომ 4-5 აპრილს, კლინიკაში 6 პაციენტი შეიყვანეს კორონავირუსის სიმპტომებით. პაციენტების ტესტირების პასუხები დღეს, 6 აპრილს, გახდა ცნობილი.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდნენ. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

31 მარტიდან, საქართველოში მოქმედებს კომენდანტის საათი, მოსახლეობისათვი საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.


თეგები: covid-19
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია