თბილისში მშენებლობაზე მომუშავე მარნეულელები მუნიციპალიტეტს კარანტინის დასრულებამდე ვერ დატოვებენ
დღეს, 8 აპრილს, მარნეულის მერიასთან სოფელ თეზექენდის და ალგეთის მოსახლეობა შეიკრიბა. მერიასთან შეკრებილები თბილისში მშენებლობებზე მუშაობენ. ბაირამის დღესასწაულისათვის მარნეულში ჩამოვიდნენ და 23 მარტს კარანტინის გამოცხადების გამო სამუშაო ადგილებზე ვეღარ ბრუნდებიან. ამბობენ, რომ სამუშაო ადგილებს კარგავენ, ზოგიერთ მათგანს კი უკვე შესრულებული სამუშაოებისთვისაც არ აუღია გასამრჯელო.

35 მუშას 20 დღის სამუშაოს ანაზღაურება არ აუღიათ, ახლა ისინი მარნეულის მერიისაგან ითხოვენ დახმარებას და მუნიციპალიტეტს სთხოვენ, რომ მარნულის გზა გახსნან, რათა სამუშაო ადგილები არ დაკარგონ.

„თბილისში ვმუშაობდით დღიურად 20-30 ლარზე, მაგრამ არ გვიშვებენ. არ ვიცი, ვალები, კრედიტები გვაქვს. გზას როდის გახსნიან, ადგილობრივ რწმუნებულთან წავედით, გვეუბნება რომ ჩემი საქმე არააო. ჩვენ ადგილას სხვა ადამინებს იყვანენ სამუშაოდ. სრულიად უმუშევრები დავრჩით. პატრონი არ გყვავს. გავიგეთ, კარანტინში ვართ, გვესმის, მაგრამ ვინ არჩენს ამ პირობებში ჩვენ ოჯახებს?“

„ერთი ოჯახიდან მხოლდო ერთი ადამინი მუშაბს. ოჯახებში 5-7 ადამიანი მხოლოდ ერთის იმედად არის. ჩვენ ქალაქში მვუშაობთ, ჩვენი ფული იკარგება. არავინ არ გვეხმარება. მოვდივართ და, სხვადასხვა მიზეზით, არავინ გხვდება“

„ნოვრუბ ზაირამზე ვთხოვეთ დასვენება, ჩამოვედით სახლებში და დავრჩით ასე აქ ჩაკეტილები. დღიური მუშაობით ვარჩენთ ოჯახებს. პატარა ფულიც არ არის. ვკარგავთ.“




მარნეულის მერიის წინ შეკრებილ მოსახლოებასთან მერიის არც ერთი თანამდებობის პირი არ გამოსულა. შეკრებილთა პრობლემებს ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს დირექტორის მოადგილე იოსებ ჯიყაშვილი იწერდა, რომელმაც გვითხრა, რომ შეკრებილთა პრობლემებს ზევით, მერიის თანამდებობის პირებს, გააგებინებს.

„აქ შეკრეფილებიდან ზოგს საჭმელი არ აქვს, ზოგს საცხოვრებელი არ აქვს, ზოგი თბილისში მუშაობდა. სხვადასხვა პრობლემებით მოდიან. ყველას პრობლემას ვიწერ. მოვახსენებ ზევით და გადაწყვეტენ ან ისე ან ასე. არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს, რომ არ ვეხმარებოდეთ ბოლომდე“ - გვეუბნება იოსებ ჯიყაშვილი

მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის შემდგომ მუიციპალიტეტის ტერიტორიაზე დარჩენილ ყველა მოქალაქეზე საკარანტინო რეჟიმი ვრცელდება.

„ჩვენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არიან დარჩენილი მარნეულში, მაგრამ საცხოვრებელი ადგილი რეგისტრირებული აქვთ სხვაგან, რუსთავში, თბილისში ან ა.შ ვთავაზობთ, რომ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაიარონ 2 კვირიანი კარანტინი და შემდგომ დატოვონ მუნიციპალიტეტი. რაც შეეხება მარნეულელებს, ყველაზე ვრცელდება კარანტინის რეჟიმი და მოქალაქეები მის დასრულებამდე მუნიციპალიტეტის ტერიტორიას ვერ დატოვებენ“ - განაცხადა ლაშა ლობჯანიძემ

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდნენ. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

31 მარტიდან, საქართველოში მოქმედებს კომენდანტის საათი, მოსახლეობისათვი საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.

FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია