მონატრებული კლასელების ნახვა დისტანციის დაცვით - პირველი სასწავლო დღე მარნეულში (ფოტო)
2020-2021 სასწავლო წელი დაიწყო. თეთრ პერანგსა და შავ შარვლებსა და კაბებში გამოწყობილი მოსწავლეები მარნეულის ქუჩებში დილიდან დადიან. დაწყებითი კლასების მოსწავლეებს კი სკოლამდე მშობლები აცილებენ.

რადიო „მარნეული“ რამდენიმე სკოლის მოსწავლეს გაესაუბრა. რამდენიმე მათგანმა არ იცის თუ როგორი ფორმატით გაგრძელდება სასწავლო პროცესი, მაგრამ თანაკლასელების ნახვის შესაძლებლობის გამო სკოლს დაწყება მაინც უხარიათ.

„როგორც ყველა ჩემს თანატოლს, მეც ძალიან მიხარია სკოლა რომ დაიწყო. დღეს დილით მზადებისას განსხვავებულად ვგრძნობდი თავს. შესვენების დრო გაიზარდა, თმის შეკვრა გვევალება, პირბადის ტარებაა სავალდებულო, მაგრამ სკოლაში სიარული კარანტინში ყოფნაზე საინტერესოა. დიდი შესვენებები ნახევარსაათიანი იქნება, ეს კარგია, ამ დროს წახემსებასაც მოვასწრებთ, ადრე 15 წუთი იყო და ვერ ვასწრებდით. მგონია, რომ ამაში რთული არაფერია, ჩვენი თავი ყველამ უნდა დავიცვათ“ - გვითხრა მარნეულის N8 საჯარო სკოლის მოსწავლე ლეილა დაშდამიროვამ
მარნეულის N3 საჯარო სკოლის შესასვლელი
ლეილას მსგავსად უხარია სწავლის დაწყება ამავე სკოლის მოსწავლე რამილ გარაბაღლისაც.

„ძალიან კარგი გრძნობები მაქვს სკოლის დაწყების გამო, თანაკლასელებს ვხვდებით. ძალიან მოგვენატრა ერთმანეთი. ჯერ არ ვიცი რა წესებით ვისწავლით, ალბათ მასწავლებლები გვეტყვიან რა რეჟიმით წარიმართება სწავლა“ - გვითხრა რამილმა
მარნეულის N3 საჯარო სკოლა
სასწავლო წლის სკოლებში დაწყება სასიხარულოა მარნეულელი მშობლებისთვისაც, მაგრამ ისინი წუხან, რომ გაკვეთილების ხანგრძლივობა შემცირდა.

„სკოლაში არ გვიშვებენ. ყველას სიცხეს გვიზომავენ და ასე შევდივართ შენობაში. სირთულე ის არის, რომ გაკვეთილები 30 წუთიანი გახდა, ძალიან შემცირდა. 30 წუთში მასწავლებელი ვერ მოასწრებს ყველა მოსწავლისგან გაკვეთილის გამოკითხვას. ამბობენ, რომ გარკვეულ საგნებს ამოიღებენ და უფრო მნიშვნელოვნებს დატოვებენ, მაგრამ ზუსტად არ ვიცი“ - ამბობს მოსწავლის მშობელი სევილ ჰაჯიკერიმოვა

მარნეულის მასშტაბით სასწავლო პროცესი დღეს, 15 სექტემბერს, 74 საჯარო სკოლაში დაიწყო. მათგან ორში, სოფელ მარადისისა და ზემო ყულარის საჯარო სკოლებში, სწავლა ონლაინ რეჟიმში დაიწყო.
მარნეულის N5 საჯარო სკოლის შესასვლელი

მარნეულის N5 საჯარო სკოლა
რადიო „მარნეული“


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია