დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სამ გენერატორს
შეისყიდის.
მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, იგეგმება დიზელის
გენერატორის შეძენა თანმდევ მონტაჟთან ერთად.
დმანისის მერიამ გენერატორების შესასყიდად ტენდერი პირველ ივნისს
გამოაცხადა. სატენდერო წინადადებაში გენერატორების შეძენის
მიზნობრიობა დაკონკრეტებული არაა. რადიო “მარნეულს” დმანისის მერიაში
განუცხადეს, რომ გენერატორების შეძენა საბავშვო ბაღებისა და
ჭაბურღილისათვის გახდა საჭირო.
ორი გენერატორი სოფელ ირგანჩაისა და ამამლოს საბავშვო ბაღებისთვისაა
განკუთვნილი, ხოლო
ერთი გენერატორი სოფელ კარაბულახში არსებული
სასმელი წყლის ჭაბურღილისათვის.
დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სამი დიზელის
გენერატორის შესაძენად 60 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. ტენდერში
მონაწილეობა დაინტერესებულ კომპანიებს 10-დან 12 ივნისამდე პერიოდში
შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება გენერატორები დმანისის
მერიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში მიაწოდოს.
რადიო “მარნეული”