დმანისის მერია ქალაქის ავლით საქონლის გადასარეკი ალტერნატიული გზის მოწყობას გეგმავს
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ 44 655 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა საქონლის გადასარეკი გზის მოწყობისთვის. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ამჟამად საქონლის გადაადგილება ქალაქ დმანისის ცენტრალურ ნაწილში ხდება, რაც სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას, სანიტარულ-ჰიგიენურ პრობლემებს, გარემოს დაბინძურებასა და მოსახლეობის დისკომფორტს იწვევს.

"პროექტით გათვალისწინებულია ახალი საქონლის გადასარეკი გზის მოწყობა, რომელიც ბუნებრივ რელიეფზე გაივლის. გზის ნაწილი კლდოვანი, ნაწილი კი გრუნტოვანია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კლდოვანი მონაკვეთების

მოჭრა და გასწორება, გრუნტოვანი უბნების გათანაბრება და გამაგრება, ასევე მთელ სიგრძეზე ქვიშა-ხრეშოვანი საფარის მოწყობა."


საპროექტო გზის სიგრძე 300 მეტრი, ხოლო სიგანე 4 მეტრი იქნება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტის მიზანია საქონლის გადაადგილების მარშრუტის ქალაქის ცენტრალური ზონის გარეთ გადატანა, რათა შემცირდეს ცენტრში მოძრაობის დატვირთვა, გაუმჯობესდეს სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა და შეიქმნას უსაფრთხო ინფრასტრუქტურა ადგილობრივი მოსახლეობისა და ფერმერებისთვის.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროექტის განხორციელების შედეგად საქონლის გადაადგილება ქალაქის გვერდის ავლით მოხდება, შემცირდება ქალაქის ინფრასტრუქტურაზე ზეწოლა და გაუმჯობესდება ეკოლოგიური და ჰიგიენური მდგომარეობა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები