საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო
სამეწარმეო საქმიანობისა და განსაკუთრებით დიდი
ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 7 ფიზიკურ და 3
იურიდიულ პირს ბრალდება წარუდგინა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული
გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის აგვისტომდე
პერიოდში, ბრალდებულებმა ქვემო ქართლის რეგიონში, მდინარე მტკვრის
კალაპოტიდან ლიცენზიის გარეშე მოიპოვეს 2 138 771 ლარის ღირებულების
ქვიშა-ხრეში და
მისი რეალიზაცია სხვადასხვა კომპანიებზე
განახორციელეს. უკანონოდ მიღებული თანხის წარმომავლობის დაფარვის
მიზნით, ჯგუფის წევრები თანხებს წინასწარ შერჩეული იურიდიული პირების,
შემდეგ კი საკუთარ და მათთან დაკავშირებული პირების ანგარიშებზე
რიცხავდნენ. უკანონო საქმიანობის შედეგად გარემოსთვის მიყენებულმა
ზიანმა ჯამში 2 235 507 ლარი შეადგინა.
სამართალდამცველებმა საქმეზე 4 პირი სასამართლოს განჩინების
საფუძველზე დააკავეს, ხოლო 2 ბრალდებული სხვა დანაშაულისთვის უკვე
იხდის სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“
ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება
გრძელდება.