მარნეულში რამდენიმე დღის წინ მომხდარი სროლის საქმეზე პოლიციამ ორი
პირი დააკავა, ხოლო კიდევ ერთს ბრალი წარედგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის, კახეთისა და
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ
ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი
ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების
ბრალდებით დაკავებულები უკვე აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და
თანამშრომლობენ
გამოძიებასთან.
საქმის მასალებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში, წარსულში
სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევმა და ამჟამად საზღვარგარეთ
მყოფმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა ელმურაზ მამედოვმა მარნეულში
მცხოვრებ ბიზნესმენს 50 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა.
მამედოვის დავალებით, საქართველოში მცხოვრებმა დ.მ.-მ, ე.ო.-მ და
ა.ა.-მ ბიზნესმენის მაღაზიის ფასადი ავტომატური ცეცხლსასროლი
იარაღიდან გასროლით დააზიანეს.
მომხდარ ფაქტზე პოლიციამ ე.ო. და დ.მ. დააკავა, ხოლო შეკვეთილი
მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო
შენახვა-ტარების ბრალდებით 7 ნოემბერს დაკავებულ პირს ბრალი
პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.
დანაშაულები შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-181-ე და 236-ე
მუხლებით გრძელდება.