2026 წელს მარნეულის მერიის დაცვაში 329 832 ლარი დაიხარჯება
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე პარკის დაცვით მომსახურების ღირებულება 2026 წელსაც იზრდება.

მარნეულის მერიასა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობა დაცვის მომსახურებაში, 2025 წელთან შედარებით, 2026 წელს 29 988 ლარით მეტს გადაიხდის.

მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვისათვის ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი თემურ ალახვერდიევის მიერ

გაგზავნილი წერილის მიხედვით, დაცვის მომსახურების ხარჯების გაზრდა საჯარო სამსახურებში ხელფასების მატებითაა გამოწვეული.

“ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით დაცვითი მომსახურების გაუმჯობესების, ეფექტურობის და ოპერატიულობის გაზრდის, მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის მოზიდვისა და თანამშრომელთათვის ღირსეული შრომითი პირობების შექმნის მიზნით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში მიღებულია გადაწყვეტილება დაცვითი მომსახურება განხორციელდეს განახლებული სატარიფო პოლიტიკის შესაბამისად, რაც გულისხმობს ჩვენს შემდეგ შეთავაზებას: 2026 წლის 1 იანვრიდან დღეს არსებული მომსახურების ღირებულება - თვეში 24987 ლარი, გაიზარდოს 2499 ლარით”. - აღნიშნულია წერილში

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 2026 წლის განმავლობაში მერიის შენობისა და მონუმენტური ძეგლის “კიდევაც დაიზრდებიან” დაცვის მომსახურებაში 329 832 ლარს გადაიხდის. ამავე მომსახურებისთვის მერიამ 2025 წელს 299 844 ლარი, 2024 წელს 249 444 ლარი, 2023 წელს 202 800, ხოლო 2022 წელს 162 000 ლარი გადიხადა.

რადიო “მარნეული”


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები