საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ
ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,
ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს.
დაკავებულები არიან წარსულში სხვადასხვა დანაშაულში მხილებული პირები:
2008 წელს დაბადებული ა.ა., 2006 წელს დაბადებული შ.ო., 2008 წელს
დაბადებული მ.ა. და 2009 წელს დაბადებული ნ.ნ.
შსს-ს განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ
მარნეულში მდებარე
სწრაფი ჩარიცხვის აპარატები მოიპარეს, საიდანაც
დიდი ოდენობით ფულად თანხას დაეუფლნენ.
სამართალდამცველებმა არასრულწლოვნები მომხდარიდან რამდენიმე წუთში,
შემთხვევის ადგილიდან მოშორებით, ტაქსით გადაადგილებისას დააკავეს.
პოლიციამ დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად
მოპარული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო, ხოლო დაზიანებულ ჩარიცხვის
აპარატებს მიმდებარე ტერიტორიაზე მიაგნო.
გარდა ამისა, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა
მიმდინარე წლის ნოემბერში, მარნეულში ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე მაღაზიაც
გაქურდეს, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს.
გამოძიება ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით.
აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.