ყველა მაქნანა ვერ მოძრაობს - მარნეულის მაღალმთიან სოფლებში დიდთოვლობაა
მეორე დღეა რაც მარნეულის მუნიციპალიტეტში გადაუღებლად თოვს. დიდთოვლობამ პრობლემები შეუქმნა მარნეულის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას.

რადიო „მარნეულს“ სოფელ ხოჯორნის მკიდრმა განუცხადა, რომ გზებზე გადაადგილებას ყველა მანქანა ვერ ახერხებს.

„ყველა მანქანა ვერ მოძრაობს, მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებს შეუძლიათ გადაადგილება. თოვლი ახლაც მოდის“. - გვითხრა ხოჯორნელმა, რომელმაც ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა

ხოჯორნის მკვიდრის თქმით, დღეს, 19 იანვარს,

12:00 საათისთვის დაუკავშირდა გზების გაწმენდაზე პასუხისმგებელ კომპანიას. ამბობს, რომ ხოჯორნში გზა ამ დრომდე არ გაწმენდილა და იმედოვნებს, რომ დღის ბოლომდე გაიწმინდება.

მარნეულის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის დროს გზების გაწმენდის ვალდებულება შპს „ქციას“ აქვს. კომპანიამ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტენდერში გაიმარჯვა და 2025 წლის განმავლობაში თვითმმართველობისგან 32 400 ლარი მიიღო საავტომობილო გზების მოვლა-შენახვისათვის.
რადიო „მარნეულს“ შპს „ქციას“ წარმომადგენელმა თეიმურაზ გოგრიჭიანმა უთხრა, რომ კომპანიამ საავტომობილო გზების გაწმენდა თოვლის წამოსვლისთანავე დაიწყო. მისი განმარტებით, თოვლი ძირითადად იწმინდება მაღალმთიან სოფლებში, როგორიცაა შაუმიანი, სიონი, ხოხმელი, ოფრეთი, წოფი და ა.შ.
გოგრიჭიანის თქმით, იგეგმება გზებზე ტექნიკური მარილის მოყრაც.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები