ქალაქ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი და საკრებულოს წევრი,
რომლის სამაჟორიტარო ოლქშიც ჯანდარის დასახლება შედის, აცხადებს, რომ
ჯანდარაში დამონტაჟებული ქუჩის აღმნიშვნელი აბრა, რომელზეც „საჩხერის
ქუჩა“ ეწერა, უკანონოდ იყო განთავსებული.
ვასილ ხახულაშვილმა რადიო „მარნეულთან“ მიცემულ ინტერვიუში განმარტა,
რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში არ არსებობს არც ერთი
ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც აღნიშნულ ქუჩას შესაბამის სახელწოდებას
ოფიციალურად ანიჭებს. მისი თქმით, ფაქტის გამოვლენისთანავე უკანონოდ
განთავსებული
აბრას დემონტაჟი ჩაუტარდა.
„მოქალაქეები დამიკავშირდნენ და გამომიგზავნეს სურათი, რომ ჯანდარის
ქუჩაზე მოხდა სახელის შეცვლა. გაკვირვებული ვიყავი, ვინაიდან ყველა
შემთხვევაში მექნებოდა ინფორმაცია. მე თვითონ ავედი, ვნახე.
თვითნებურად არის გაკეთებული. არავითარი მერია, საკრებულო ან პირადად
მე არ ვიყავი საქმის კურსში. თქვენ იცით, რომ ქუჩებზე სახელის
მინიჭება ხდება კომისიურად, მიმდინარეობს მოსახლეობასთან შეხვედრაც და
შეთანხმებაც, შემდეგ საკრებულო ამტკიცებს ამას და ერთპიროვნულად,
თუნდაც 5 ადამიანი იყოს, არ შეუძლია ეს. აქედან გამომდინარე, არავინ
იყო საქმის კურსში. როგორც კი დამიკავშირდნენ, მაშინვე ვაცნობე
შესაბამის სამსახურებს და აღნიშნული აბრა მოხსნა ზედამხედველობის
სამსახურმა“
დეპუტატი ამ ეტაპზე არ ასახელებს იმ პირის ვინაობას, ვინც აბრა
უკანონოდ დაამონტაჟა. როგორც ის აცხადებს, საკითხზე მარნეულის
ზედამხედველობის სამსახურის მიერ შიდა მოკვლევა მიმდინარეობს და არ
სურს მოვლენებს წინ გაუსწროს.
„მე კი მაქვს ჩემი შეხედულება და ინფორმაცია ვინც განათავსა,
მაგრამ ამ საკითხზე შიდა მოკვლევა დაიწყო ზედამხედველობის სამსახურმა
და არ მინდა მოვლენებს გავასწრო. ამ ყველაფერს ზედამხედველობის
სამსახური დაადგენს.“ - ამბობს დეპუტატი.
ვასილ ხახულაშვილის განმარტებით, იმ ადგილზე, სადაც აბრა იყო
განთავსებული, მანამდე არც ერთი ქუჩის აღმნიშვნელი არ არსებობდა.
მისივე თქმით, ჯანდარას სოფლის სტატუსი არ გააჩნია და
ადმინისტრაციულად ქალაქ მარნეულს ეკუთვნის.